დუბაის სამიტზე (WGS), ემირატების კიბერუსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ მუჰამედ ალ კუვეიტიმ, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე ისაუბრა და ხაზგაზმით აღნიშნა, რომ ძლიერი კიბერუსაფრთხოების გარეშე ნებისმიერი ინვესტიცია წყალში გადაყრილი რესურსია. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტივია განახორციელა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებს (UAE) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გააჩნია. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ სუსტი კიბერუსაფრთხოების მქონე ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.

არაბთა გაერთიანებულ ემირატებში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის მიხედვითაც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიციაზე გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო “ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლები არიან და ჯერჯერობით ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ თავად არაბები ამ საკითხს მთელი რიგი გარანტიების აუცილებლობით განიხილავენ.
რამდენად რეალისტურად შესაძლოა განიხილებოდეს 6 მლნდ დოლარის ინვესტიციის განხორციელება EMMAR ჯგუფის მხრიდან საქართველოში, (მომდევნო 5 წლის განმავლობაში), დასაბუთება რთულია, თუმცა როგორც წესი პოტენციური ინვესტორები ყოველთვის აფასებენ რისკებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას, კორუფციას, ბიზნესგარემოს სტაბილურობას და პოლიტიკურ კონტექსტს. საქართველოს შემთხვევაში კი ამ მიმართულებებით უამრავი გამოწვევა არსებობს.
ეკონომისტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უფრო მეტად პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, ვიდრე ეკონომიკური რეალობა. მათი შეფასებით, შესაძლებელია, გარკვეული საინვესტიციო პროექტები მართლაც განიხილებოდეს, მაგრამ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს იმ პირობებში, როცა თავად ინვესტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ კიბერუსაფრთხოების გარეშე ინვესტიციები არარენტაბელურია. საქართველოში კი, როგორც ცნობილია, კიბერუსაფრთხოება ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტულად გამართული.
აქვე აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა დიდი ბრიტანეთი. ეს ეხებოდა, კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს (CERT) კიბერუსაფთხოების სტრატეგიას, უწყებათაშორის, ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას და ა.შ.. ეს დახმარება კი საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, რამდენიმე თვის წინ შეწყდა, რის გამოც ქვეყანა უფრო მეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.