საზოგადოება უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად საქართველოში, პირველი სამუშაო შეხვედრა, 21 მარტს გაიმართება

უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად საქართველოში, პირველი სამუშაო შეხვედრა, 21 მარტს გაიმართება

metalab.ge

ჟურნალისტები მშვიდობისთვის, მედიადიპლომატია და სოლიდარობა – ეს ის სამი მთავარი კომპონენტია, რომლის გარშემოც სხვადასხვა მედიაჯგუფის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. საინიციატივო ჯგუფი ონლაინფორმატში პირველ სამუშაო შეხვედრას ქართული ჟურნალისტიკის დღეს, 21 მარტს, 20:00 საათზე გამართავს. მანამდე კი აღნიშნულის შესახებ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. იდეის ავტორები პრეს-კლუბ “ანდეგრაუნდის” წარმომადგენელი, ალექსანდრე რუსეცკი და „ნეო ტვ“ -ს დამფუძნებელი, ნინო ჩიბჩიური არიან.

“რთულ ვითარებაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტების მხარდაჭერის მიზნით, ქართული მედიის წარმომადგენლების გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ვქმნით საინიციატივო ჯგუფს ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. საომარი მოქმედებების შედეგად, 8 დაჭრილია, ერთი კი უგზო-უკვალოდ დაკარგულია“, – წერია მიმართვაში.

იდეის ინიციატორები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტთა საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ გარკვეულ ეჭვებს და გაღიზიანებას იწვევს, რის ფონზეც უკრაინაში უკვე ყოველდღიურად ირღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი პრინციპები. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბებაც სწორედ ამ ადამიანების ერთობლივ მხარდაჭერას გულისხმობს, საქართველოში მყოფი ჟურნალისტების და მედიაჯგუფების მხრიდან.

“ვეყრდნობით რა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი პრინციპებს (რომლის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იყოს სამხედრო თავდასხმის ობიექტი და საომარი მოქმედებების წარმოებისას მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ მათ მათ გადარჩენაზე), ასევე ჟენევისა (1945, 1949, 1977 წლების) და ჰააგის (1907 და 1954 წლების) შესაბამის კონვენციებსა და დამატებით მარეგულირებელ პროტოკოლებს, ვაცხადებთ, რომ უკრაინაში შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტი და ძალადობა მიმდინარეობს უსამართლოდ, უკანონოდ, ჰუმანიტარული ნორმების დარღვევისა და უმთავრესის – სიცოცხლის უფლების უგულებელყოფით. ვგმობთ შეიარაღებული კონფლიქტისას ყველა სამოქალაქო პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უიარაღო ადამიანების დაუნდობლად სიკვდილს. კონფლიქტს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის – ქალები, ბავშვები და მოხუცები. ეწირებიან ჩვენი კოლეგები – ჟურნალისტები, რომლებსაც ჟენევის 1949 წლის კონვენცია კონფლიქტისას ისევე იცავს, როგორც სხვა ნებისმიერ სამოქალაქო პირს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჟურნალისტთა უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა სამოქალაქო უფლებების განუყოფელი ნაწილია. ასევე ვაცხადებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებით განპირობებული ჰუმანიტარული კატასტროფის ამ ზღვარზეც კი, საზოგადოებამდე სიმართლის, ობიექტური ინფორმაციის მიტანა ყველა ჟურნალისტის პროფესიული ვალია და მათი ძალისხმევას ცხელ წერტილებში მუშაობის და პროფესიული მისიის პირნათლად შესრლება უდიდესი გმირობის ტოლფასად მიგვაჩნია. მივმართავთ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც მსოფლიოს 150-მდე ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებისადმი, რათა საომარი მოქმედებების წარმოებისას მუდმივად იზრუნონ სამოქალაქო მოსახლეობის, მათ შორის – ჟურნალისტების დასანდობად, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რათა ჩვენს კოლეგებს არსებულ საფრთხეების პირობებშიც კი შეეძლოთ პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება. მოვუწოდებთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებსა და მედიაციაში ჩართულ ორგანიზაციებს, პროფესიულ გაერთიანებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ინსტიტუციებს, სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვასა და უმთავრესის – სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფას, მათ შორის საომარი ვითარების პირობებში“, – წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, (მედიაგაერთიანებას/ჟურნლისტს) ვისაც, ხმა მიუწვდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან. (მეტი ინფორმაციისთვის შეუერთდით ჯგუფს მბულზე)

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.