ეკონომიკა 83 ლარად გასხვისებული 283.8 ათასი კვ.მ ტერიტორია და ასიათასობით დაკარგული შემოსავალი

83 ლარად გასხვისებული 283.8 ათასი კვ.მ ტერიტორია და ასიათასობით დაკარგული შემოსავალი

metalab.ge

“გორის მუნიციპალიტეტი მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგია მუნიციპალიტეტის პირველი ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტია და ის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სიტუაციის ანალიზს ეფუძნება”,– წერია დოკუმენტში. 

სწორედ ამ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობაზე, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან საკმაოდ კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა. USAID – ის მხარდაჭერით შემუშავებულ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გეგმას წესით მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშში წერია, რომ წინა წლებში გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი ისევ არ იყო აღმოფხვრილი.

უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი უკონტროლობის მიზეზით გამოკვეთილ ხარვეზებზე. კერძოდ, აუდიტმა დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხები შემცირებულია დაუსაბუთებლად, რის შედეგადაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ვერ მიიღო 58.5 ათასი ლარის შემოსავალი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში (2020-2021წ.წ.) მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საფასურის სათანადო ადმინისტრირება. რიგ შემთხვევებში მის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც 2021 წლის ბოლოს, მოსარგებლეების მიერ გადაუხდელმა დავალიანებამ, ჯამურად − 228.7 ათას ლარი შეადგენა. კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგიის თანახმად, მერიას საანგარიშო პერიოდში, სწორედ მსგავსი დარღვევების აღმოფხვრისთვის უნდა ემუშავა.

„მერია უზრუნველყოფს იმ შესაბამისი პირების კომპეტენციებისა და უნარების გაძლიერებას, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ კორუფციის რისკების რეგულარულ იდენტიფიცირებას და შეფასებას, როგორც მერიაში შემავალ სამსახურებში, ასევე, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ პირებში,“- წერია მერიის მიერ შემუშავებულ კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის 2020-2023 წლის სტრატეგიაში.

რა ზომები მიიღო მერიამ აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში და რამდენად შეესაბამება მას მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ფაქტები? – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ამ სტრატეგიის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს უფრო ნათელს გახდის.

სახელმწიფო შესყიდვები და “რჩეული” კომპანიებისგან მიღებული ზარალი

2020-2021 წლებში ჩატარებული აუდიტის ანგარიშის თანახმად, გორის მერიამ ჩაიბარა 546.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებდა. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წელს ორ ეტაპად შეისყიდა სოფელ კარალეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 146.2 ათასი ლარი. 2020 წელს ბაღის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 131.7 ათასი ლარი. ხოლო შესრულებული სამუშაოები უხარისხო და დაზიანებული აღმოჩნდა.

2021 წელს, მეორე ეტაპის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „მეგა დიზაინს“ ღირებულებით – 37.2 ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებებიდან შეასრულა მხოლოდ 14.5 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო დანარჩენი სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო.

2020 წელს, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ვარიანში კრივის დარბაზის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით − 109.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში არასწორად დაგეგმა და განსაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები. შედეგად, ვერ უზრუნველყო პრობლემების გამოსწორება.

2020-2021 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 151.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა პროექტის დაგეგმის დროს, ვერ განსაზღვრა სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ღონისძიებები. შედეგად, სკოლაში სამუშაოები შესრულდა, თუმცა ფუნქციური დანიშნულებით სარგებლობა გარვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია აუდიტის ბოლო ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტმა ჯამურად 407.0 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელების შემთხვევაში, დასახული მიზნის მიღწევა ვერ უზრუნველყო.

„2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 1,057.0 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის მიერ დოკუმენტაციის შესყიდვის პროცესი. გამოვლინდა, რომ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა მოქმედსტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისი პროდუქტის მიღებას. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში სისტემატურად ცვლილებები შედიოდა“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ხარვეზები იკვეთება ტენდერების ჩატარების პროცესშიც. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის შესახებ, (სავარაუდო ღირებულებით − 829.5 ათასი ლარი) მუნიციპალიტეტს საზედამხედველო მომსახურება შპს „რეალექსპერტმა“ ყველაზე დაბალ, 2.1%-ად  შესთავაზა , თანხით − 489.4 ათასი ლარი, ხოლო შპს „ოპტიმალ გრუპ+“-მა − 3,4%-ად, თანხით − 810.5 ათასი ლარი. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს დაზუსტების გარეშე მიანიჭა დისკვალიფიკაცია და გამარჯვებულად გამოავლინა 321.1 ათასი ლარით მეტი ფასის მქონე შპს „ოპტიმალ გრუპ+“, ამ კომპანიას მხოლოდ წელს, მოგებული სახელმწიფო შესყიდვებიდან 3 მლნ 276 ათას 404 ლარი აქვს მიღებული და ხშირ შემთხვევაში დაბალი კონკურენციის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ, შპს „რეალექსპერტმა“აღნიშნული გარემოება გაასაჩივრა,რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც, გორის მერიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და ხელშეკრულება ისევ „რჩეულ შპს-სთან” გააფორმა. დისკვალიფიცირებული კომპანია კი ის იურიდიული პირი აღმოჩნდა, რომელთანაც გორის მერიას მსგავსი სამუშაოებისთვის ხელშეკრულება 2019 წელს ჰქონდა  გაფორმებული.

საეჭვო პირობებით გასხვისებული ტერიტორიები

სახელმწიფო აუდიტი ინტერესს იჩენს სიმბოლურ ფასად იჯარით გაცემულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, მერიის ბალანსზე არსებულ 6 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, იჯარის ხელშეკრულებებია დარეგისტრირებული, თუმცა შესაბამისი დოკუმენტები მერიას არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად, ამ ობიექტებზე იჯარის საფასურის ადმინისტრირება არ ხორციელდებოდა. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების მიხედვით, ჯამში − 283.8 ათასი კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები გაცემულია სიმბოლურ ფასად. კონკრეტულად კი მიწების ჯამურმა წლიურმა საიჯარო ქირამ მხოლოდ 83 ლარი შეადგინა.

“მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. მერიას სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონდა განხორციელებული და შესაბამისად, სარგებლობის საფასური ბიუჯეტში არ იყო ჩარიცხული. მუნიციპალური ქონების მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს სხვა ანალოგიური შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად, მუნიციპალიტეტმა დამატებითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

რა ფუნქცია აქვს გორის მერიის შიდა აუდიტს?

გორის მერიის საქმიანობის შესახებ პერიოდულად აქვეყნებს დასკვნებს შიდა აუდიტის სამსახურიც, თუმცა როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია, ეს სამსახური სათანადოდ არ ამოწმებს ობიექტების, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის კონტროლის მექანიზმებისა და საქმიანობის რისკების შეფასების პროცედურებს და სისტემური დარღვევების პრევენცია/იდენტიფიცირებას, რაც ეტაპობრივად გააუმჯობესებდა ობიექტების საქმიანობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, გორის მერიის მუშაობის მონიტორინგის პარალელურად, 2020-2021 წლებში ფინანსური და შესაბამისობის 6 აუდიტორული შემოწმება შიდა აუდიტის სამსახურმაც ჩაატარა. მათ შორის, 3 აუდიტორული შემოწმება განხორციელდა მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და განყოფილებებში, 3 აუდიტორული შემოწმება − მერიის დაფუძნებულ იურიდიულ პირებში. აუდიტორული ანგარიშების მიხედვით, შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნები რიგ შემთხვევებში არ არის მიმართული კონკრეტული ნაკლოვანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრასა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაზე. გამოვლენილი მიგნებების ნაწილი ეხება პროცედურული ხასიათის დარღვევებს. ასევე, რიგ შემთხვევებში, არ არის შეფასებული დარღვევის ფინანსური შედეგი და გავლენა ორგანიზაციის საქმიანობაზე.

წარმოდგენილი რამდენიმე შემთხვევაც საკმარისი იქნებოდა,  დღის წესრიგში დამდგარიყო არა მხოლოდ შიდა აუდიტის სამსახურის, არამედ მერიაში დასაქმებული კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დარღვევების გამოც კი, ამ დრომდე არავინ დასჯილა.

რაც შეეხება გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების 2021-2023 წლების სტრატეგიას, ის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და მათი შესრულების მონიტორინგს და შეფასებას ითვალსწინებდა.

აღებული ვალდებულების მიხედვით, მერიას მონიტორინგის შედეგები 6 თვეში ერთხელ, ხოლო თვითშეფასების ანგარიში წელიწადში ერთხელ უნდა მოემზადებინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოექვეყნებინა. ძირითადი მიგნებები კი საჯაროდ უნდა განეხილა. სტრატეგიაში განსაზღვრრული პერიოდი 4 თვის წინ ამოიწურა, თუმცა  აღნიშნული გეგმის შესრულების დამადასტურებელი მასალები ამ დრომდე, არსად არაა ხელმისაწვდომი.  

მასალა მომზადებულია “ფორსეტის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.