ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტურ დოკუმენტს, განსაზღვრავს ეროვნულ ინტერესებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს დოკუმენტი 2011 წელს განახლდა. მას შემდეგ კი უკვე 14 წელია, რაც კონცეფცია არ გადახედილა. ამ პერიოდში, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად, უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რაც კონცეფციის განახლების აუცილებელ საფუძვლებს ქმნიდა.
კონცეფციის განახლების მნიშვნელობა
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ასახავს ქვეყნის ხედვას უსაფრთხოების საკითხებზე და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. მისი დროული განახლება აუცილებელია, რათა დოკუმენტი შეესაბამებოდეს მიმდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2011 წლის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა
- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ხოლო საოკუპაციო ძალები პერიოდულად ახორციელებენ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
- კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო პროცესები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პირდაპირ ან ირიბად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე.
- მსოფლიოში ტერორიზმის, კიბერსაფრთხეების, ჰიბრიდული ომისა და სხვა არატრადიციული საფრთხეების ზრდა მოითხოვს შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას.
რუსეთის ფაქტორი კონცეფციის განახლების შეფერხებაში
არსებობს მოსაზრება, რომ კონცეფციის განახლების შეფერხება შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის ფაქტორთან. 2011 წლის კონცეფციაში რუსეთი პირდაპირ იყო მოხსენიებული, როგორც საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული დათბობა შეინიშნებოდა, რაც გამოიხატა ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენაში.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავს იკავებს კონცეფციის განახლებისგან, რათა არ გააუარესოს ურთიერთობები რუსეთთან.
“კონცეფციის განახლება და რუსეთის კვლავ საფრთხედ მოხსენიება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პროვოკაციული ნაბიჯი, რაც არ შეესაბამება მთავრობის ამჟამინდელ პოლიტიკას მოსკოვთან მიმართებაში”, -ამბობს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონცეფციის განახლების შეფერხება გამოწვეულია შიდა პოლიტიკით და არა მხოლოდ რუსეთის ფაქტორით.
“დოკუმენტის განახლება მოითხოვს ფართო კონსენსუსს პოლიტიკურ სპექტრში, რაც ამჟამად რთულად მისაღწევია საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გამო”,- აღნიშნავს უსაფრთხოების ანალიტიკოსი, ნინო სამხარაძე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ აპარატმა დაიწყო მუშაობა კონცეფციის განახლებაზე, თუმცა, კონკრეტული ვადები და დეტალები ამ პროცესის შესახებ არ არის ცნობილი. “ევრონიუს ჯორჯიას”, ინფორმაციით, საბჭოსთან დაკავშირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რაც მიუთითებს პროცესის გამჭვირვალობის ნაკლებობაზე.
საერთაშორისო გამოწვევები
ამ ყველფერთან ერთად გასათვალისწინებელია საქართველოს საგარეო კურსიც. თუ ქვეყანა გააგრძელებს დისტანცირებას ევროკავშირისგან და უფრო მჭიდრო კავშირებს დაამყარებს რუსეთთან, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მნიშვნელოვნად დაკარგავს სტრატეგიულ ღირებულებას, საქართველოს გაურთულდება უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმების მიღება, მათ შორის კიბერუსაფრთხოების და ანტიტერორისტული თანამშრომლობის სფეროში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლური სტანდარტების იმპლემენტაცია სამხედრო, კიბერუსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ გლობალური მასშტაბით, კიბერსაფრთხეები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საქართველო არაერთხელ გამხდარა კიბერშეტევების სამიზნე, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, როცა რუსეთის მიერ განხორციელებულმა კიბერშეტევებმა პარალიზება მოახდინა ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილზე. დღეს, როდესაც ჰიბრიდული ომის ელემენტები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის არარსებობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაუცველს ხდის.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება აუცილებელია, რათა დოკუმენტი შეესაბამებოდეს თანამედროვე რეალობას და ეფექტურად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. განახლების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები, მათ შორის რუსეთის ფაქტორი, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მიზეზი დოკუმენტის განახლების შეფერხებისთვის. გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელიც მოიცავს ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ხელს შეუწყობს კონცეფციის ეფექტურობას და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს