საზოგადოება გორში რამდენიმე ბაღია დაკეტილი, მშობლები განმარტებებს ითხოვენ

გორში რამდენიმე ბაღია დაკეტილი, მშობლები განმარტებებს ითხოვენ

metalab.ge

გორში გათბობის სისტემასთან დაკავშირებული სამუშაოები ზოგიერთ ბაღში ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც სასწავლო პროცესი რამდენიმე მათგანში შეჩერებულია. თვეზე მეტია მშობლები სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ ზუსტი თარიღის დასახელებას ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. მათი ნაწილი მერიაშიც იმყოფებოდა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, დეტალებზე საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებაშიც უჭირთ.

“თვეზე მატია ბავშვი ბაღში არ დადის, მარტის დასაწყისში გამოგვიშვეს სახლში და გვითხრეს, რომ გათბობის სისტემის მონტაჟის შემდეგ განახლდებოდა სააღმზრდელო პროცესი. მაგრამ ამ დრომდე ვერავინ გვეუბნება, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის მიიღებენ ბავშვებს. ხელფასი, რაც ავიღე ძიძას მივეცი, რომ არ ვიმუშაო საერთოდ დავკარგავ ამ სამსახურს და ვარ ასე გაურკვევლობაში. რომ ნახოთ რა დღეში არიან მშობლები გადაირევით. ისინიც კი პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომლებიც არ მუშაობენ და ბავშვები ვერსად გაჰყავთ,“-ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ზოგიერთი მათგანი მერიას საკითხისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საშობაო არდადეგების შემდეგ ბავშვების ისევ სახლში გაშვება მიუღებელია. მათი თქმით, თუ ეს სამუშაოები დაგეგმილი იყო, ამისთვის პანდემიის პერიოდი ან არდადეგები უნდა გამოეყენებინათ.

“შეეძლოთ არდადეგების პერიოდში ემუშავათ, ან თუნდაც შემოდგოით, ისე რომ დიდად არ დაზარალებულიყო არც ბავშვი არც მშობელი. ჯერ გვეტყვიან იმ კივირიდან გაიხსნება და გვაიმედებენ, მოახლოვდება ის კვირიაც და მერე გვეუბნებიან ჩვენც არ ვიცით როდის გავიხსნებით და წინასწარ ვერაფერს გეტყვითო. ვართ ასე გაურკევლობაში, ეს რა უპატივისმცემლობაა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ თვითნებურ მოქმედებებს, ხომ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი და ბავშვების მდგომარეობა, ფაქტიურად ბავშვს ორი წელი არ უვლია ბაღში, ჯერ იყო კარანტინი, შემდეგ ბაღში დადასტურებული შემთხვევები და ახლა გათბობა, პანდემიის მართვა თუ არ შეუძლიათ ასეთი ელემენტარული საკითხები ხომ მაინც უნდა გაწერონ დროში სწორად“,-ამბობს მშობელი.

ზამთრის დღეებში სამუშაოების დაწყების წინააღმდეგი, როგორც თავად ამბობს, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილიც იყო. მისი თქმით, გათბობის სისტემასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნულ პოზიციაზე აღარ მუშაობდა, შესაბამისად მისთვის დეტალები უცნობია.

სააგენტოს პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოების მიზეზით გორში მე-4, მე-5 და მე-6 საბავშვო ბაღებია დაკეტილი. სხვა დაწესებულებებში კი, სადაც სამუშაოები დასრულდა განახლდა სააღმზრდელო პროცესი.

“როგორც ვიცი საქვაბეები შენდება და მალე დასრულდება, რის შემდეგაც განახლდება პროცესი. სამუშაოები მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ხორციელდება და სრულყოფილი პასუხი იქ უფრო ექნებათ,” – ამბობს ნინო თენაძე.

მერიის მიერ ტენდერი 2022 წლის იანვარში გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 180 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვადა ივლისამდე აქვს. შპს მეტალ+ -ის წარმომადგენელი გიორგი მუზაშვილი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს.

“იმ ბაღებში, სადაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება მთელი რიგი პროცესები იქნება გასავლელი. ამიტომ ჩვენ თუ მაგალითად დროზე ადრეც დავასრულეთ (ვადა ივლისამდე გვაქვს), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპლუატაციაში მაშინვე შევა ობიექტი. ჯერ სოკარ-გაზი უნდა შევიდეს შესამოწმებლად, შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზა ვარგისიანობის ხარისხის დასადგენად და ა.შ. ჩვენსკენ ნურავინ გამოიშვერს ხელს, შეუძლიათ მერიაში გაარკვიონ. ჩვენ არაფერი დაგვიგვიანია. მაგალითად, მე-6 ბაღში შიდა სამუშაოები ერთი თვის წინ დავასრულეთ, გათბობის გათიშვას 14 რიცხვში ისედაც აპირებდნენ, ეს მათი საქმეა და თვითონ უნდ გადაწყვიტონ როდის განაახლებენ სააღმზრდელო პროცესს. ყოველშემთხვევაში ჩვენ რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული ვასრულებთ შეუფერხებლად,”-განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.

ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია 12.01.2022 – 31.08.2022-მდე პერიოდში,  499 896 ლარის ღირებულებისაა. შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მერიას თანხის ნაწილი უკვე გადახდილი აქვს, ჯამში 153 411 ლარის ოდენობით. მათ შორის ავანსის სახით, 49 989 ლარი 4 თებერვალს გადარიცხა. 22 მარტს – 33 444 ლარი, ხოლო 8 აპრილს – 19 987 ლარი. 346 485 ლარი მერიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ისევ გადასახდელი აქვს. ამ დროისთვის მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარები არ კეთდება. მშობლები კი ამჯერად სააღდგომო დღეების გასვლას ელოდებიან.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.