საქართველო გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს და მას აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული სატრანზიტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური ჰაბი. თუმცა, ეს პოტენციალი დღემდე სრულად არ ყოფილა რეალიზებული. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ნაკლებობაა, რაც განსაკუთრებით აშკარად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებიდან ჩანს.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულად მერყევი და მტრულია, რაც არაერთ ომში, ოკუპაციასა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, საქართველო ეკონომიკურად კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე – განსაკუთრებით ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების და ენერგორესურსების მიმართულებით.

2024 წლის სტატისტიკით, რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად. რუსეთში ექსპორტირებული ძირითადი საქონელი: ღვინო, მინერალური წყლები, ხილი და სასუქებია. მაგალითად, ქართული ღვინის ექსპორტის 60%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე გადის. ეს ქმნის საფრთხეს საქართველოს აგრარული სექტორისთვის, ვინაიდან ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე რუსეთს შეუძლია ერთპიროვნულად აკრძალოს იმპორტი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა (2006, 2013, 2019 წლებში).
ფულადი გზავნილები
საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალია ემიგრანტების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხები. ბოლო წლებში, რუსეთიდან გზავნილები საერთო ტრანსფერების მოცულობის 35-40%-ს შეადგენს. 2022 წელს, რუსეთიდან გზავნილების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა – რუსი მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის ფონზე, თუმცა ეს დროებითი და არამდგრადი მომენტია.
ენერგოდამოკიდებულება
საქართველო გარკვეულწილად კვლავ დამოკიდებულია რუსულ გაზზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და მთიანი რეგიონების მომარაგებაში. ამ ფონზე, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ენერგორესურსები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანასთან მიმართებით უკვე განახორციელა.
ტურიზმი და პირდაპირი შემოსავლები
რუსი ტურისტები წლების განმავლობაში უდიდეს წილს იკავებდნენ საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას ხელი შეუშალა COVID-19 პანდემიამ და ნაწილობრივ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლურმა სანქციებმა, რუსეთიდან შემოსული ტურისტული შემოსავლები კვლავ მაღალია, რაც ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.
დივერსიფიკაციის ნაკლებობის ძირითადი რისკები
პოლიტიკურ შანტაჟი და ეკონომიკური ინსტრუმენტალიზაცია – რუსეთი არაერთხელ იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ – ჯერ ღვინის, შემდეგ მინერალური წყლების, ხილის და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვით. ეს ყველაფერი რუსეთს საშუალებას აძლევს, ეკონომიკური მეთოდებით მოახდინოს ზეწოლა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პრინციპებს.
იმპორტზე, ტრანსფერებსა და უცხოურ ბაზრებზე მკვეთრი დამოკიდებულება ქვეყანას ხდის გარე შოკებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს. ერთმა არასტაბილურმა გადაწყვეტილებამ მოსკოვიდან შესაძლოა ათასობით ფერმერს, მეწარმეს ან რეგიონის მცხოვრებს, უდიდესი დარტყმა მიაყენოს ზარალის კუთხით, რაც ბუნებრივია იმოქმედებს შიდა სტაბილურობაზე.
ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს მიერ რუსულ ბაზარსა და კაპიტალზე დამოკიდებულების შენარჩუნება ძირს უთხრის ევროატლანტიკური კურსის რეალურ განვითარებას. ევროკავშირისა და დასავლური პარტნიორების მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ გააძლიეროს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.
რაც შეეხება დივერსიფიკაციის ნაკლებობას, ეს ნიშნავს, რომ შიდა ბაზარი ვერ ვითარდება სათანადო ტემპით. მცირე და საშუალო ბიზნესი დამოკიდებულია ერთ ან ორ მიმართულებაზე, რითიც კარგავს გრძელვადიან მდგრადობას და ინოვაციურ პოტენციალს.
რა პერიოდიდან აქტიურდება საქართველოს ეკონომიკური ბმა რუსეთთან?
საქართველოსთვის ეკონომიკური დამოკიდებულების ტენდენცია რუსეთზე განსაკუთრებით 2013 წლიდან იკვეთება და 2022–2024 წლებში პიკს აღწევს. ეს პროცესები სპონტანურად არ განვითარებულა – ისინი მრავალი ფაქტორის, მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის შედეგია.
- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, რომელმაც მალევე შეიცვალა საგარეო ეკონომიკური სტრატეგია და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაკეთდა აქცენტი.
- 2013 წლიდან გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის (ივანიშვილის უშუალო შეთანხმებით).
- გაიზარდა ექსპორტის მოცულობა რუსეთში. 2013 წელს ექსპორტმა რუსეთის მიმართულებით 2-ჯერ მოიმატა წინა წელთან შედარებით.
შემდეგ წლებში რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა სტაბილურად იზრდებოდა, რამაც შექმნა ეკონომიკური ჩარჩო, სადაც “პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ეკონომიკური სტაბილურობის ფასად იყიდება”.
არსებულ ვითარებას ამ იმართულებით კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და 2022 წელს მასობრივი შემოდინების უკონტროლო პოლიტიკამ.
ფაქტები ადასტურებს, რომ რუსეთი შეგნებულად იყენებს ეკონომიკას, როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტს – გახსნა ბაზრები, გაზარდა ფულადი გზავნილების ნაკადი, გააიაფა ენერგომომარაგება, შექმნა ბერკეტები ზეწოლისთვის.
2022 წლის შემდეგ რუსეთმა გააძლიერა „ეკონომიკური მიგრაცია“ საქართველოში, ათასობით რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის დასარეგისტრირებლად, რამაც შეიყვანა დამატებითი ფინანსური რესურსი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა გაზარდა დამოკიდებულება რუსულ კაპიტალზე.
ეკონომიკური სამოქმედო გეგმის არარსებობა ევროკავშირის მიმართ
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას (DCFTA), საქართველომ არ განავითარა საკმარისად სტრუქტურული რეფორმები ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის.
კვლევები აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არ იღებდა საკმარის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად.
შედეგად, რუსეთზე ფულად გზავნილებში დამოკიდებულება გაიზარდა 35–40%-მდე, ტურისტული შემოსავლების დიდი წილი ისევ რუსეთიდან მოდის, რუსეთში ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 700 მილიონ აშშ დოლარს. ამ პროცესში რუსეთისგან იმპორტირებული გაზი დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეკონომიკური ინტერესები “ჩრდილავს” ეროვნული ინტერესებსა და უსაფრთხოებას.
სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად, იმისთვის, რომ საქართველო კვლავაც არ აღმოჩნდეს რუსეთისგან პოლიტიკური შანტაჟის ობიექტი, უნდა გავიდეს უფრო ფართო ბაზრებზე: ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. ეს საჭიროებს ხარისხის გაუმჯობესებას, ლოგისტიკური სქემების განვითარებას და სახელმწიფო მხარდაჭერას.
მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების გაფართოება – DCFTA და სხვა შეთანხმებები უნდა იქცეს არა მხოლოდ დეკლარაციად, არამედ კონკრეტულ სტიმულად ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.
რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას კი შეამცირებს ინვესტიციები განახლებად ენერგიასა და შიდა წყაროების განვითარებაში.
ნაცვლად გამოგონილი მტრებისა პროპაგანდის გავრცელებისა, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით სტარტაპებისა და ინოვაციების სექტორში.
საქართველო ამჟამად ეკონომიკურ გზაჯვარედინზე იმყოფება. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს სისტემური საფრთხის აღიარებაზე და მის ნაცვლად “მშვიდობას” ყიდულობს ეკონომიკური ილუზიებით, შედეგი სწორედ ის ხდება, რაც დღეს გვაქვს: ეკონომიკა შანტაჟისთვის ხელმისაწვდომია, ქვეყნის უსაფრთხოება კი მყიფე.
თუ ქვეყანა დროულად არ გადადგამს ნაბიჯებს დივერსიფიკაციის მიმართულებით, მომავალში ნებისმიერი გარე შოკი შეიძლება შიდა კრიზისში გადაიზარდოს. ეს კი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მომავალს.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.


