დღეს ინტერნეტ სივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, შესაბამისად გამარტივდა დეზინფორმაციის ანუ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ჩვენს წინააღმდეგ იმ მონაცემების გამოყენება, რასაც სოციალურ ქსელში ჩვენივე ნებით ვავრცელებთ.
ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს ამისთვის ადრინდელივით დიდი დრო აღარ სჭირდებათ. ამიტომ კიბერ ჰიგიენა დღეს, ისე როგორც არასდროს მაქსიმალურად უნდა გვახსოვდეს და დავიცვათ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რაც ნაწილობრივ მაინც აგვარიდებს თავიდან შესაძლო უსიამოვნო შემთხვევებს. მოქალაქეები დღეს უმნიშვნელოვანესი, კიბერ საფრთხეების წინაშე დგანან. კონკრეტულად კი პირადი საუბრის, ვიდეო მასალის ან სხვა ინფორმაციის მითვისების, ფინანსური ინფორმაციის მოპარვისა და გამოყენების, მნიშვნელოვანი ფაილების განადგურების და სხვა მავნებლობების წინაშე, რომლებიც უარყოფითად აისახება ადამიანების ცხოვრებაზე.
რთულია ამ ყვლაფრისგან თავის დაღწევა, თუ ამ ყველფერზე ერთხელაც არ დავფიქრებულვართ და ამ მიმართულებით არაფერი შეგვიცვლია. კიბერ თაღლითები ამ ყველაფერს სწორედ მარტივად მოპოვებული მასალების საფუძველზე ახერხებენ იმ დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად, რასაც მოწყვლადი ჯგუფები მარტივად ენდობიან.
პირველ რიგში ნებისმიერი ახალი ამბავი კრიტიკული თვალით უნდა აღვიქვათ. ხშირად დეზინფორმაცია გამოირჩევა სენსაციური სათაურით, რეიტინგის მოსაპოვებლად და მომხმარებელთა ინტერესის გასაზრდელად. თუ საკუთარ თავს ვკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ერთხელ მაინც გაგვიხსნია გაურკვეველი ბმული ან ერთხელ მაინც დაგვიჯერებია ამბავი გადამოწმების გარეშე. საზოგადოების ნაწილი, ვისაც დღეს მედიაწიგნიერებაზე ხელი მიუწვდება, ისევ დგას ამ მხრივ გარკვეული რისკის წინაშე, ხოლო მათ ვისაც ამ ყველაფერზე არაფერი სმენიათ, ისინი კიდევ უფრო მეტად მოწყვლადები არიან.
ინფორმაციის მოპოვების და საკუთარი ინტერესის შესაბამისად გავრცელების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ ბოტებს და ტროლებს, რაც ცალკე განსახილველი თემაა, თუ როგორ ახერხებენ საზოგადოებაში დაბნეულობას, შიშის გაღვივებასა თუ შეცდომაში შეყვანას, თუმცა ამ შემთხვევაში უმჯობესია შევჩერდეთ იმ ტექნიკების გამოყენებაზე, რაც თავიდან აგვარიდებს სიცრუეს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
რა არის ყალბი ამბავი?
ყალბი ამბავი არის სხვადასხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც განზრახ არის ყალბი და შექმნილია მოვლენების, ფაქტების, სიახლეებისა და მკითხველთა მანიპულირებისთვის. ასეთი ინფორმაცია სიახლეს ჰგავს, მაგრამ მიზანმიმართული ბოროტებაა.
ყალბი ახალი ამბავი მოიცავს:
- გადაუმოწმებელი ინფორმაციას;
- არაექსპერტების მიერ დაწერილი ინფორმაციას;
- ინფორმაციას, რომელიც სხვა საიტებზე არ მოიძებნება;
- ისტორიებს, რომლებიც ფაქტების მაგივრად ემოციებს ეყრდნობა.
როგორც წესი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა ემყარება ამა თუ იმ საზოგადოებაში უკვე არსებულ შიშს და აღვივებს და აზვიადებს მათ, რის შედეგადაც ცრუ წარმოდგენებს ქმნის და ქაოსს და დაქსაქსულობას იწვევს.
ყალბი ამბების კატეგორიებში შედის:
- Clickbait — იყენებს გაზვიადებულ, საეჭვო ან შეცდომაში შემყვან სათაურებს. ასევე, სურათებს ან სოციალური მედიის აღწერილობებს ვებ ტრაფიკის შესაქმნელად. ეს ისტორიები შეგნებულად არის შეთხზული მკითხველის მისაზიდად.
- პროპაგანდა — ავრცელებს ინფორმაციას, ჭორებს ან იდეებს, რათა ზიანი მიაყენოს ინსტიტუტს, ქვეყანას, ადამიანთა ჯგუფს ან ინდივიდს — როგორც წესი, პოლიტიკური მიზნებისთვის.
- იმპოსტერული კონტენტი — ჰბაძავს ზოგადი ახალი ამბების საიტებს, რომლებიც მკითხველების მოსატყუებლად შეიცავს მოგონილ ისტორიებს.
- მიკერძოებული ამბები — იზიდავს მკითხველს საკუთარი მიკერძოებისა და შეხედულებების დასადასტურებლად.
- სატირა — ქმნის ყალბ ამბებს, რომლებიც გასართობია.
- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამბები — მოქმედებს მთავრობის კონტროლით, რათა მოსახლეობაში დეზინფორმაცია გაავრცელოს.
- შეცდომაში შემყვანი სათაურები — ისტორიები შეიძლება არ იყოს მთლიანად ყალბი, მაგრამ დამახინჯებულია. აქვს შეცდომაში შემყვანი სათაურები.
დეზინფორმაციის გავრცელების გზები სოციალურ მედიაში:
- უწყვეტი გაზიარება — სოციალურ მედიაში კონტენტის გაზიარება და მოწონება მარტივია. ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი აზიარებს ინფორმაციას, მას უფრო მეტი ადამიანი ნახულობს.
- სარეკომენდაციო ძრავები — სოციალური მედიის პლატფორმები და საძიებო სისტემები მკითხველს აწვდიან პერსონალიზებულ რეკომენდაციებს პრეფერენციებზე და ძიების ისტორიაზე დაყრდნობით. ეს კიდევ უფრო უწყობს ხელს ყალბი ამბის გავრცელებას.
- ჩართულობის მეტრიკა — სოციალური მედიის არხები კონტენტს პრიორიტეტს ანიჭებს ჩართულობის მეტრიკით, მათ შორის, რამდენად ხშირად აზიარებენ ან იწონებენ მკითხველები ისტორიებს. ამ შემთხვევაში ამბის სიზუსტე არ არის ფაქტორი.
- ხელოვნური ინტელექტი — AI სისტემებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დეზინფორმაციის გავრცელებას. AI-ს სამიზნე აუდიტორიაზე დაყრდნობით შეუძლია რეალისტური ყალბი მასალა შექმნას. AI-ის შეუძლია გამოიყენოს ბოტები, რომლებიც ნამდვილ მომხმარებლებს განასახიერებენ.
- კრაკერები/კიბერდამნაშავეები — ამ ადამიანებს შეუძლიათ რეალურ მედიებში ისტორიების დანერგვა ისე, თითქოს სანდო წყაროები არიან. მაგალითად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კრაკერები შეიჭრნენ სამთავრობო გვერდებზე და გამოაქვეყნეს ყალბი ინფორმაცია სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.
- ტროლები — ყალბი ამბები შეიძლება გავრცელდეს ცნობილი სტატიების კომენტარებში. ტროლები მიზანმიმართულად აქვეყნებენ პოსტებს, რათა ხალხთან კამათი წამოიწყონ. ტროლებს ზოგჯერ პოლიტიკური მიზეზების გამო უხდიან, რამაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.
2014 წელს რუსეთმა ტროლების ქარხნებში ინვესტირება დაიწყო. მანამდე ვლადიმერ პუტინს დიდი ინტერესი არ ჰქონია სოციალური მედიის, როგორც ინსტრუმენტის მიმართ. ეს მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2011-2012 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა კორუფციის გაპროტესტება დაიწყეს. მოქალაქეთა „აჯანყებები“ ნაწილობრივ სოციალურ მედიაში ვითარდებოდა.
რუსული ტროლების ქარხნები ორგანიზებულ ონლაინ აგიტატორთა ჯგუფებს აერთიანებს. მათი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრობლემები გააღვივონ და ხელი შეუწყონ სენსიტიური საკითხების ურთიერთდაპირისპირებისთვის გამოყენებას.
ტროლების ქარხნებში დასაქმებულ ადამიანებს შექმნილი აქვთ ათობით ანგარიში სოციალურ ქსელებში. სხვადასხვა მოვლენის დროს ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და პოსტებისა და კომენტარების სახით ავრცელებენ ნარატივს კონკრეტული მესიჯის ირგვლიც.
დეზინფორმაციას ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად, ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად საქართველოშიც აქტიურად იყენებენ. მათ უკან, ძირითადად, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება დგას, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში თავის მხრივ კრემლის უსაფრთხოების კონცეფციის კონკრეტულ მუხლებთანაა თანხვეედრაში
როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია?
შეადარეთ სხვა სანდო წყაროებს
მოძებნეთ რეპუტაციის მქონე სხვა ახალი ამბების ვებსაიტები და საშუალებები, რათა ნახოთ, აქვეყნებენ თუ არა მოცემულ ამბავს. შეამოწმეთ სიუჟეტში მოყვანილი სანდო წყაროები. სანდო, პროფესიონალურ საინფორმაციო სააგენტოებს მკაცრი სარედაქციო მითითებები აქვთ სტატიის ფაქტების შესამოწმებლად.
შეამოწმეთ ინფორმაციის წყარო და თარიღი
თუ ეს ამბავი უცნობი წყაროდან არის, ჩაატარეთ გამოკვლევა. შეამოწმეთ გვერდის ვებ-მისამართი და უცნაური დომენები. შეამოწმეთ კომპანიის სახელის ნებისმიერი ორთოგრაფიული შეცდომა URL მისამართში.
შეხედეთ ავტორს და მოძებნეთ მისი პროფილის ფოტო
შეამოწმეთ ინფორმაციის ავტორის სანდოობა, რამდენი მიმდევარი ჰყავს და რამდენი ხანია მოქმედია ანგარიში.
ნახეთ სხვა პოსტები, რათა დაადგინოთ, აქვთ თუ არა ბოტის ქცევა. შეამოწმეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ნომრებით და საეჭვო ბმულები ავტორის ბიოგრაფიაში. თუ კონტენტი გადატვირთულია სხვა ანგარიშებიდან და აქვს ძლიერ პოლარიზებული პოლიტიკური შინაარსი, ეს სავარაუდოდ ყალბი ბოტის ანგარიშია.
ავტორის ინფორმაციისა და სანდოობის დათვალიერების გარდა, შეამოწმეთ მათი პროფილის სურათი. მოძებნეთ პროფილის ფოტო Google Reverse Image Search-ში. დარწმუნდით, რომ სურათზე არ არის Stock image ან ცნობილი ადამიანი. თუ სურათი არ ჩანს, მაშინ სტატია სავარაუდოდ არ არის სანდო, რადგან ის ანონიმურია.
კრიტიკული აზროვნების განვითარება
ნუ მისცემთ პირად რწმენებს განსჯის საშუალებას. მიკერძოებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ სტატიაზე. სოციალური მედიის პლატფორმები გვთავაზობენ ისტორიებს, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ინტერესებსა და მოსაზრებებს.
ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, გავლენა მოახდინოს თქვენს შეხედულებებზე. შეხედეთ ამბავს კრიტიკულად და რაციონალურად. თუ სიუჟეტი ცდილობს მკითხველის დაყოლიებას ან სხვა საიტზე გაგზავნას, სავარაუდოდ, ყალბი ამბავია.
დააკვირდით დაფინანსებულ კონტენტს
შეხედეთ კონტენტის ზედა ნაწილში აწერია თუ არა «დასპონსორებული კონტენტი». ასეთ სტატიებს ხშირად აქვთ მიმზიდველი ფოტოები. ეს არის რეკლამები, რომლებიც მკითხველში ემოციების გამოსაწვევადაა შექმნილი.
ზოგიერთმა ამ საიტმა შეიძლება მომხმარებლები გადაიყვანოს მავნე საიტებზე მავნე პროგრამების დასაყენებლად. მავნე პროგრამამ შეიძლება მოიპაროს მონაცემები მოწყობილობებიდან ან კომპიუტერი უფუნქციო გახადოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მედიაწიგნიერებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას და ეს საკითხები მოზარდებს სკოლებშივე გაუზიაროს.
მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც ინფორმაციაზე წვდომის, ანალიზის, შეფასების, შექმნისა და მოქმედების შესაძლებლობა, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. მედიაწიგნიერების განათლება კი არის პროცესი, რომელიც ემსახურება ჩაძიებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას და ადამიანებს კრიტიკულ მოაზროვნეებად, დაფიქრებულ კომუნიკატორებად და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად აქცევს.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.