2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს 101 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის იყვნენ შიდა ქართლიდანაც. გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გახსნილ უბნებზე სხვადსხვა სახის დარღვევა გამოვლინდა, რაც ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
„ქართული მედია ჯგუფის“ პროექტის მონაწილეები, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოსაც სწავლობდნენ, შიდა ქართლის 10 უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ხოლო მობილური ჯგუფები პროცესის დაკვირვებისთვის, რეგიონის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ.
მათი შეფასებით, აგიტაციით, ხმის ფარულობის დარღვევით და სხვადასხვა სახის ზეწოლით/ძალადობით არჩევნები სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა.
„მომიწია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე შესვლა, სადაც თითქმის ერთი და იგივე მდგომარეობა იყო, ვგულისხმობ კომისიის შემადგენლობას. თავმჯდომარეები და კომისიის წევრები იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და ზოგადად საჯარო მოხელეები. რომლებიც უბანზე ფაქტიურად არც მალავენ მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერას, რითიც გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩეველზე“, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი.
განსაკუთრებული ქაოსით ის უბნები გამოირჩეოდა, სადაც ხმას ძველი წესით აძლევდნენ. ასეთი გორის მუნიციპალიტეტში სულ 27 უბანი იყო.
“საოკუპაციო ხაზის იმ სოფელში სადაც ვაკვირდებოდი, არჩევნები ჩატარდა ყოფილი პატიმრების გარემოცვაში. ხმების დათვლაც ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო შემთხვევა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობის, თუმცა ეს ფაქტი უბანზევე აღიკვეთა. ვფიქრობ, არჩევნები 26 ოქტომბრამდე გაყალბდა, როდესაც ამომრჩევლებს აჯერებდნენ მითებს, ემუქრებოდნენ სხვადასხვა სერვისის მოხსნით და ა.შ.”-ამბომს დამკვირვებელი საოკუპაციო ხაზის სოფლიდან.
პროექტის მონაწილე აქტივისტები საოკუპაციო ხაზის გარდა დევნილთა დასახლებებშიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მათი შეფასებით, მთავარი დარღვევა, რაც აშკარად იკვეთებოდა ხმის ფარულობას ეხებოდა და კონკრეტულ შემთხვევებში ის დაცულიც არ ყოფილა.
“უბანზე საკმაოდ ქაოსი იყო. რამდენჯერმე მითითება და რჩევა მომიწია თავმჯდომარისთვის, გარკვეულ საკითხებზე. რჩევებზე საშინელი მიუღებლობა ჰქონდა და რომ არა მოადგილე და მდივანი, ალბათ თავზე დაგვემხობოდა უბანი. საშინლად არაკომპეტენტურები იყვნენ ასევე ოპოზიციის დამკვირვებლებიც. სამწუხაროდ, ტყუილი აღმოჩნდა რომ ფარულობა დაცული იქნებოდა. თითქმის ასპროცენტიანი იდენტიფიკაცია ხდებოდა ვის აძლევდნენ ხმას. გელით გაფერადებული ჩანდა მეორე მხარეს და აპარატში ჩაცურებისას ადვილად შესამჩნევი იყო. ჩემ უბანზეც, ხმა რომ მივეცი, 5 წუთში მთელმა „ოცნების ლიდერშიფმა“ იცოდა ვინ გავაფერადე. გარეთ “კაი ბიჭების” და ძალოვანების „ჟრიამული“ ისმოდა. ძალიან დამაეჭვა საზღვარგარეთის პასპორტების სიმრავლემ. ისენი ტერმინალზე არ რეაგირებდა და ხელით შეჰყავდათ პირადი მონაცემები. ვაკვირდებოდი და ყველას სახე ემთხვეოდა, მაგრამ უბანს ვერ ვხედავდი, სად ფიქსირდებოდა. ვფიქრობ, აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გავშიფრე“, – წერია GMG – ს დამკვირვებლის ანგარიშში.
დარღვევები, რაც შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა, თითქმის იდენტურია. უშუალოდ პროცესის დროს, როგორც დამკვირვებლები განმარტავენ, არ ხდებოდა განსაზღვრული წესების დაცვა და კომისიის წევრები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებდნენ.
“გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი პროცესს. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საგრძნობლად შესამჩნევი იყო პირველ რიგში ის რომ, ერთ-ერთი რეგისტრატორი თავდაპირველად, ამომრჩევლის ნაცვლად აწერდა ხელს ქვითრებს. ასევე, მარკირების სითხეს ასახავდა მარცხენა ხელზე, სანამ მე არ მივეცი შენიშვნა. ასაკოვან ადამინს დაინახავდნენ თუ არა, მაშინვე აყოლებდნენ დამხმარეს კაბინაში, რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ფაქტი, რომ ერთ კაბინაში იმყოფებოდა ორი ადამიანი. ასევე, დილიდან შენობის დერეფანში შეინიშნებოდნენ აგიტატორები, რომლებიც არ იცავდნენ 100 მეტრიან დისტანციას, დადიოდნენ „ოცნების“ ჰუდით, გარეთ ისხდნენ ქალები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს და ეწეოდნენ აგიტაციას. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე მთელი დღის მანძილზე ვაძლევდი მითითებებს თავმჯდომარეს, რაზეც ის ერთი შეხედვით ადეკვატურად რეაგირებდა, მაგრამ საბოლოოდ გამოირკვა, რომ ძალიან კარგად იცნობდა აგიტატორებს. უბნებზე და მის მიმდებარედ ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდნენ, მათი რიცხვი განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში გაიზარდა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა აბსოლუტურად ყველას, მაგრამ კომისიის არცერთ წევრს, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. რამდენჯერმე შეინიშნა 2 ბიულეტენის გადაცემა ამომრჩევლისთვის, რაზეც თავადვე ჰქონდა რეაქცია და დააბრუნა უკან. ასევე დავაფიქსირეთ, რომ ერთ-ერთი ამომრჩევლის ვადაგასული პირადობა, აპარატმა უპრობლემოდ მიიღო,“- ამბობს ორგანიზაციის დამკვირვებელი.
გარდა ამისა, ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიმრავლე, პარალელურ რეჟიმში ხმის მიცემა უბანზე ქაოსს ქმნიდა და ართულებდა დაკვირვების პროცესს.
„დილიდან ბევრს უშვებდნენ უბანზე იმ მიზეზით, რომ გარეთ წვიმდა, ციოდა და თითქოს ამომრჩეველს სცემდნენ პატივს. მას შემდეგ, რაც ეს უკვე შესამჩნევი გახდა და დიდხანს გრძელდებოდა, გავაფრთხილე ნაკადის მომწესრიგებელი და შემოსულ ამომრჩეველთა რიცხვი უბანზე 3 – მდე დაიყვანა. საერთაშორისო დამკვირვებლების გამოჩენამ უფრო მეტი მობილიზაცია გამოიწვია კომისიის წევრებში“, – ნათქვამია ერთ-ერთი დამკვირვებლის ანგარიშში.
დარღვევები გამოიკვეთა ქარელის მუნიციპალიტეტშიც, სადაც კომისიის წევრები დამკვირვებლების მითითებებზეც არ რეაგირებდნენ.
“ადგილი ჰქონდა ხმის ფარულობის დარღვევას, ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზე გააფერდა, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა. ამავე უბნის ფოიეში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ღიად ეწეოდნენ აგიტაციას და ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ 41 გაეფერადებინათ. უბნის გარეთაც აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები. უმეტეს უბნებზე რეგისტრატორის მაგიდები ისე განალაგეს, რომ დაკვირვება რთული იყო, თამჯდომარის მხრიდან დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც დაფიქსირდა. ამომრჩეველმა გადაკეცილი ბიულეტენის იდენტური ფურცელი შეიტანა, სადაც 41 იყო შემოხაზული, დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ, მას დაატოვებინეს უბანი. იყო შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო. წააშლევინეს, გააბათილეს და ხმა აღარ მიაცემინეს. რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან ხმის მიცემის აპარატი, რის გამოც დროებით შეფერხდა საარჩევნო პროცესი. უბანზე ამომრჩეველი მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას, (ხმა უკვე მიცემული ჰქონდა), ასევე შემოვიდა იმ მიზეზითაც, რომ მომდევნო ამომრჩეველს ხმის მიცემაში დახმარებოდა. დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ ეს პიროვნება უბნიდან გაიყვანეს. რეგისტრატორმა ბიულეტენი ვერიფიკაციის გარეშე გასცა. მოგვიანებით კი ახსნა-განმარტება დაწერა და თქვა, რომ შეცდომა გადაღლილობის გამო დაუშვა”, -წერია GMG-ს დამკვირვებელთა ანგარიშში.
შიდა ქართლში ჯამში 235 715 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 140 707- მა მიიღო.
მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”