ნიქოზთან დაკავებულ მამაკაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ცხინვალის “სასამართლომ” მიიღო, რომლის შესახებ ინფორმაციას, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და სამოქალაქო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებენ.
“ვესაუბრე ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და როგორც მას შეატყობინეს ცხინვალიდან, მამუკა ჩხიკვაძეს დღეს შეუფარდეს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა – ე.წ. “საზღვრის კვეთის” და მარიხუანის უკანონო შენახვის მუხლით. ასევე წყარო იუწყება, რომ მამუკა ჩხიკვაძე არ არის ნაცემი, მაგრამ სანამ საოკუპაციო რეჟიმი არ გვაჩვენებს ვიდეო მტკიცებულებას მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისი ცემის მოცემულობა ჩვენთვის დარჩება უცვლელი”, – წერს დავით ქაცარავა.
ნიქოზთან დაკავებული მამაცის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ნაცემია, თუმცა ცხინვალში ამას არ ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.