როცა ვფიქრობთ, რომ ონლაინ სივრცეში ელემენტარული სკითხები მაინც გვესმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – ვცდებით. ტექნოლოგიების უსწრაფესად განვითარების პარალელურად ყოველდღიურად იცვლება და იზრდება გამოწვევები, საფრთხეები, რაც ყოველდღიურად თითოეულ მომხმარებელს გვემუქრება. თუ ამ ტემპს ფეხი ვერ ავუწყეთ, ყოველთვის ვიქნებით რისკის ქვეშ და სისტემატურად “დავზარალდებით”.
ყველამ ვიცით, რომ ადგილიდან “დაჩექინებით,” სამისამართო ინფორმაციის შემცველი ფოტოების გამოქვეყნებით და პირადი ხასიათის ამბების დაპოსტვით, მნიშვნელოვან ცნობებს ვაწვდით “სხვებს” ჩვენ შესახებ, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ვინ რაში უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, მითუმეტეს, თუ ადამიანი ცნობადი სახე არ არის და ნაკლებად ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ასე ვფიქრობდი მანამ, ვიდრე “ქართული მედია ჯგუფის” კიბერუსაფრთხოების კურსს გავივლიდი. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ საერთოდ არაფერი გამიაზრებია სიღრმისეულად. ჩემი დამოკიდებუკებები რადიკალურად შეიცვალა ამ თემაზე, მას შემდეგ, რაც კვალიფიციური ექსპერტებისგან საჭირო ინფორმაციას დეტალურად გავეცანი.
ქსელებში უნებართო შეღწევებისგან და დავირუსებისგან საერთოდ არ ვართ დაცულები და უფრო მეტიც, ამისთვის საჭირო “გასაღებს” დაინტერესებულ პირებს თავადვე ვაწვდით. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანოს, როგორც ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, მეზობლებს, ისე საჯარო თუ კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას მოიცავს თაღლითური ქმედებები, რადგანაც დღესდღეისობით კომპიუტერის არსებობა ინტერნეტის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ინტერნეტის მზარდი გამოყენება კი ზრდის კიბერრისკებს, რაც ადამიანიური ფაქტორით არის გამოწვეული.
“ქართული მედია ჯფუფის” ორგანიზებით ჩავერთე ამ პოროექტში და უმოკლეს დროში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მითუმეტეს, როდესაც მედიის მიმართულებით მიწევს მუშაობა. ვფიქრობ, ჟურნალისტებს განსაკუთრებით სჭირდებათ ამ საკითხების სიღრმისეული ცოდნა. მოგეხსენებათ, ამ კურსის გავლა საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება და GMG-მ 30 მონაწილეს მოგვცა შესაძლებლობა სრულიად უსასყიდლოდ გავცნობოდით უმნიშვნელოვანეს თემებს.
მედიასთან ერთად დღეს უკვე ყველა სფეროს წარმომადგენელს მოეთხოვება იყოს გარკვეული ამ მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელ ეპოქაში ის ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, დაცული და მისი “გადაბირება” და “გაყიდვა” უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი, ისე, რომ ამ ეტაპზებს თავადაც ვერ გაიაზრებს. ვურჩევ ყველა მოქალაქეს, ვინც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, პროგრამების შემუშავებისას აქცენტები კიბერუსაფრთხოებაზე გააკეთონ და ამ მიმართულებით სხვა ადამიანებიც განავითარონ.