2026 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო “გორი ინნი” AI გლობალური განათლების ასოციაციის პირველ რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ის პედაგოგები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნული გაერთიანების წევრობა და სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სურთ.
გორი პირველი ქალაქია, საიდანაც ასოციაცია რეგიონალურ შეხვედრებს იწყებს. მაისში კი დაგეგმილია უფრო მასშტაბური ფორუმი, რომელიც თბილისში გაიმართება და მთელი საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.
AI გლობალური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო საბანაძის განმარტებით, გაერთიანების მიზანი ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნაა.
“AI აკადემიის ბაზაზე ჩვენ შევქმენით ასოციაცია, რომლის პრიორიტეტია, განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, რაც მათ საქმიანობას ახალ საფეხურზე აიყვანს. ასოციაციის წევრობა გულისხმობს არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებას, არამედ უწყვეტ წვდომას სხვადასხვა სახის რესურსებზე. მათ შორის, ყოველთვიურ ექსკლუზიურ ვიდეო-გაკვეთილებსა და სპეციალიზებულ ხელსაწყოებზე“, – აღნიშნა ნინო საბანაძემ.
ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით „ტექნოპარკისა“ და AI აკადემიის ერთობლივ სერვისებსა და ღონისძიებებზე. დაინტერესებულ პირებს წევრობის სტატუსის მისაღებად და შესაბამისად კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 21 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე აქვთ: https://forms.gle/zVPqaP9tqy9cQdLc7
ორგანიზატორების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განათლებაში გარდაუვალი პროცესია და ასოციაცია მზად არის, გახდეს მთავარი პლატფორმა მათთვის, ვისაც ამ ცვლილებებში მონაწილეობის მიღება სურს.


