აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act), – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი. საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა. ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“. ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც – ორპარტიული მხარდაჭერით.
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამას „გაფრთხილებად“ აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტი მეგობრისგან მოდის მაშინ, როცა ქვეყანას მკვეთრად აცდენენ დემოკრატიულ კურსს.
„ეს არ არის კარგი ამბავი. ძალიან კარგია, რომ კონგრესში არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს მომავალი ადარდებთ, მაგრამ ეს კანონი არ გაჩნდა კარგ პოლიტიკურ კლიმატში – ის გაჩნდა როგორც სიგნალი იმისა, რომ რაღაც ძალიან ცუდად არის ჩვენს ურთიერთობებში,“ – ამბობს ხიდაშელი.
კანონპროექტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციებს, დაემთხვა ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს – მათ შორის 2024 წლის აპრილის ანტიდასავლურ კამპანიას, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულ მიღებას, ძალადობას და რეპრესიებს ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
„ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების გადაწყვეტილება. ეს უკვე სისტემური გზავნილია – დასავლეთი, კონკრეტულად ამერიკა, აღარ გხედავს სტაბილურ პარტნიორად, როცა კლავს პრესას, თავისუფლებას და კრიტიკას,“ – მიიჩნევს ხიდაშელი.
„მეგობარი აქტის“ შემუშავებდამდე ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, დიდი ბრიტანეთის დეპუტატები – ყველა მიანიშნებდა იმ დემოკრატიულ რეცესიაზე, რაც საქართველოში აშკარად შეინიშნება.
„ეს არის წლების დაგროვებული იმედგაცრუების შედეგი. მათ აღარ სჯერათ, რომ ამ ხელისუფლებასთან პარტნიორობას აქვს პერსპექტივა. მეგობრები რომ გეუბნებიან – გთხოვ, არ გადაუხვიო გზას და მაინც გადაუხვევ, ბოლოს ამას რეაქცია მოსდევს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
კანონპროექტი იმ პირებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ვინც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევაში მონაწილეობს. ეს პირდაპირ ეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვინც პოლიტიკური დევნის, სამოქალაქო აქტივისტების დაშინებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში გადაწყვეტილებებს იღებს ან ხელს უწყობს.
„როცა ამერიკის კანონმდებელი ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან დემოკრატიას, ეს უკვე საქართველოს შიდა საქმე აღარ არის. ეს ხდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. სუვერენიტეტი არ ნიშნავს უარს მეგობრებზე და ღირებულებებზე,“ – აღნიშნავს ხიდაშელი.
მისი თქმით, საქართველოს დასავლური კურსი – ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება, არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია. ესაა ღირებულებითი არჩევანი.
„ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება. ეს არის მშვიდობის პროექტი – იდეა, რომელმაც ომის შემდეგ ყოფილი მტრები აქცია სტრატეგიულ მოკავშირეებად. ეს არის ცივილიზაციური გზა, რომელიც საქართველომ თავად აირჩია,“ – ამბობს ხიდაშელი.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ამ არჩევანზე უარის თქმა, ფაქტობრივად, ქვეყანას რუსული გავლენისკენ აბრუნებს, რასაც დასავლეთი – მათ შორის ამერიკა – უპასუხოდ ვეღარ ტოვებს.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს ხელისუფლებისთვის მტკივნეული რეაქციაა, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის შესაძლოა, ბოლო შანსი აღმოჩნდეს.
„არავინ მიიღებს საქართველოს „მეგობრობის აქტს“ მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარია. ეს არის გაფრთხილება. ან ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ან სტრატეგიული პარტნიორობა დაკარგავს შინაარსს,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

გზად, სადაც დემოკრატიის რღვევა ყოველდღიური რეალობა ხდება, ამერიკიდან წამოსული ეს ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ის სარკე, რომელშიც საქართველომ დროა, საკუთარ თავს ჩახედოს – სანამ დემოკრატიის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ჰკითხა, რა ზომებს მიიღებდა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების“, წინააღმდეგ, რომელიც მან “ანტიამერიკულ რეჟიმად” მოიხსენია. რუბიომ აღნიშნა, რომ კონკრეტული ზომები ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ საკითხი განხილვის პროცესშია და თუ საჭირო გახდა, ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფასი გადაიხადოს ანტიამერიკული ქმედებებისთვის” – აღნიშნა რუბიომ.
აშშ–საქართველოს ურთიერთობების ქრონოლოგია და დემოკრატიული გზის საერთო რუკა
1991 – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება
- აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
1994 – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (NATO PfP)
- საქართველო უერთდება NATO-ს პროგრამას აშშ-ის მხარდაჭერით, რაც იწყებს ფორმალურ სამხედრო თანამშრომლობას.
2001 – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სამხედრო მხარდაჭერა
- საქართველო ხდება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. იწყება GTEP – აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამა.
2003 – ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიის მხარდაჭერა
- აშშ აქტიურად უჭერს მხარს ახალ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.
2008 – რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგი მხარდაჭერა
- აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გამოყოფს 1 მილიარდ დოლარზე მეტს საქართველოს აღდგენისთვის.
2009 – სტრატეგიული ქარტიის გაფორმება
- საქართველოსა და აშშ-ს შორის ოფიციალურად ფორმდება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, დემოკრატიას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობას.
2012–2020 – დემოკრატიის განმტკიცება და ინვესტიციები
- აშშ აფინანსებს მრავალ რეფორმასა და პროგრამას სასამართლოს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობაში.
2021 – განცხადებები დემოკრატიული უკუსვლის შესახებ
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ელჩი გახმოვანებულად აკრიტიკებენ სასამართლო კლანზე გავლენას, პოლიტიზებულ სამართალსა და თავისუფალი მედიის საფრთხეებს.
2023 – უსაფრთხოების მუქარა „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის ფონზე
- აშშ მკაცრად აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური კურსის გადახვევის გამო.
2024–2025 – „მეგობარი აქტი“ კონგრესში
- კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს და ფინანსურ ზეწოლას იმ პირებზე, ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.