კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ საინვესტიციო კომპანია მულტიფუნქციურ კომპლექსს “ჰოლივუდ სითის“ აშენებს. კომპლექსი ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განსავითარებლად მოეწყობა. ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა.
“სოფელ წინარეხთან ჩვენ შევიძინეთ მიწა, რომელზეც ერთ-ერთი პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და პროექტში კორექტირებები ჩვენ თვითონ შევიტანეთ, პროექტი განსაკუთრებული იქნება იმით, რომ კასპის რეგიონში რეზორტული სახის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, საკურორტო ზონებს ჩვენ შავი ზღვისპირეთში და კახეთის მხარეში ვართ მიჩვეული. აუთვისებელ ტერიტორიაზე ვაკეთებთ პროექტს, საწყის ეტაპზე პროექტში იგეგმება 55 ვილა, იგეგმება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტიც დამუშავების პროცესშია, გარდა ვილებისა, იგეგმება საზოგადოებრივი მოხმარების ზონები, ისეთი როგორიც არის საბავშვო მოედნები, იქნება კინო სტუდია და კინო ხელოვნების სასწავლო ცენტრი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სახელწოდებაც “ჰოლივუდ სითი“, აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა პატარა გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო კინოპროექტებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ. შეძლებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ნებართვა და ადგილზე კინო გადაღებებიც აწარმოონ“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა, ირმა ელბაქიძემ.
პროექტის მთლიანი ფართობი 14 ჰა–ზე მეტია, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ მშენებლობა მესამედზე მოხდება, ხოლო დანარჩენი ბუნებრივ ლანდშაფტს დაეთმობა, რომელიც გადაღებებს დაეთმობა. მოეწყობა ასევე საპიკნიკე ზონები. საკვებ ობიექტები განთავსდება იქ, სადაც განაშენიანება იქნება. დანარჩენი სივრცე, რაც თავისუფალ ზონაში ექცევა, ჯერჯერობით დაპროექტების და ლანდშაფტის დიზაინის ეტაპზეა.