პოლიტიკა26 მაისი – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელიც 100 წელზე მეტია გრძელდება

26 მაისი – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელიც 100 წელზე მეტია გრძელდება

metalab.ge

1918 წლის 26 მაისს, საქართველომ პირველად მოახერხა სახელმწიფოებრიობის გამოცხადება, რუსული იმპერიის დანგრევის შემდეგ და დიდი წარსულის გააზრებით დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა წყვეტილი იყო, 26 მაისი დარჩა როგორც სიმბოლო – არამარტო წარსულის, არამედ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის.

1918 წელს, ქაოსით სავსე პერიოდში, როცა პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა და რუსეთის იმპერია დაშლის პირას იდგა, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ინტელიგენციამ და მოქალაქეებმა გაბედეს საკუთარი მომავლის ფორმულირება. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში გამოაცხადა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ეს იყო პოლიტიკური გმირობა – ისეთივე მნიშვნელობის, როგორიც იყო ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ან საფრანგეთის რევოლუცია.

დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც 26 მაისს იქნა მიღებული, ვკითხულობთ:

„ამიერიდან საქართველო სრულუფლებიანად განთავისუფლებულია ყოველგვარი უცხო დამოკიდებულებისაგან და ხდება დამოუკიდებელი რესპუბლიკა.“

ეს იყო სიტყვები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაჟღერდა, მაგრამ დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ. ამ სიტყვებში ისმოდა არა მხოლოდ თავისუფლების სურვილი, არამედ პასუხისმგებლობა – ქვეყნის მოწყობისა, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების თანასწორობის, ევროპული ღირებულებების პატივისცემისა.

პირველი რესპუბლიკა – ევროპისკენ მიმავალი გზა

1918-1921 წლების საქართველო იყო ნამდვილი დემოკრატიული ექსპერიმენტი: მრავალპარტიული პარლამენტი, საყოველთაო საარჩევნო უფლება ქალებისთვის, დამოუკიდებელი სასამართლო და პრესის თავისუფლება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა გარშემო ავტორიტარიზმი და ქაოსი სუფევდა. ახალშექმნილი სახელმწიფო გაწევრიანდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ევროპის წამყვან ქვეყნებთან.

მაგრამ ეს ისტორია მალევე შეწყდა – 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის არმიამ საქართველოს ოკუპაციოა მოახდინა. ამით დასრულდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მაგრამ არ დასრულდა იდეა – რომელსაც თავისუფლება ერქვა. ის გადავიდა თაობიდან თაობაში, ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსებისა და შიგნით მყოფი გმირების მეშვეობით.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა ხელახლა გამოაცხადა. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაგრამ ამ გზაზე საქართველომ კვლავ მძიმე საფასური გადაიხადა – ომები, ეკონომიკური კოლაფსი, სამოქალაქო დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტი გახდა ევროპული არჩევანი – დემოკრატიის გზით, ევროკავშირისა და ნატოსკენ.

მაგრამ ეს არჩევანი მარტივი არ აღმოჩნდა. რუსეთი, რომელიც ვერ შეეგუა ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, აგრძელებს თავისი გავლენის გაფართოებას სხვადასხვა ფორმით – სამხედრო აგრესიით, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და ჰიბრიდული ომით – პროპაგანდით, კიბერშეტევებით, ეკონომიკური ზეწოლით.

წელსაც, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ოჯახები ყოველდღიურად უყურებენ როგორ მიიწევს წინ ე.წ. “მცოცავი ოკუპაცია”. ხალხს იტაცებენ, მშვიდობიანი მოქალაქეები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ნაწილი კი საოკუპაციო ზოლს უკვე საკუთარ ეზოებში ხედავს.

სწორედ ამიტომ, 26 მაისის დატვირთვა ახლა უფრო მეტია, ვიდრე წარსულის ხსოვნიდან მოდის. ის არის სარკე, რომელშიც ვხედავთ ჩვენს ისტორიულ პასუხისმგებლობას და მომავლის არჩევანს. როდესაც კრემლი კვლავ ცდილობს საქართველო დააბრუნოს თავის “გავლენის სფეროში”. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს ახსენებს, რომ ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაუყვა ამ გზას  და მეორედ აღარ უნდა მიატოვოს საკუთარი თავისუფლება.

დღეს, საქართველოს ევროპული არჩევანი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – ქვეყანაში იზრდება ევროსკეპტიციზმი, ხშირია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, თითქოს დასავლეთი ქვეყნის იდენტობას ანგრევს. მაგრამ ეს არ არის ახალი ტენდენცია –  მსგავსი ნარატივები, სხვადასხვა მეთოდით, არსებობდა 100 წლის წინაც ვრცელდებოდა.

26 მაისი გვახსენებს, რომ თავისუფლება არის მუდმივი შრომის, სიფხიზლისა და თავგანწირვის შედეგი. ის გვახსენებს, რომ თავისუფალი საქართველო არ მოიცავს მხოლოდ გეოგრაფიულ დამოუკიდებლობას – ის ნიშნავს ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, კანონის უზენაესობას, კრიტიკულ აზროვნებას, მოქალაქეთა თანასწორობას. 26 მაისი აღარ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი – ის არის ცოცხალი სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას, დეზინფორმაციას და მონობას.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები