31 მარტი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. 1991 წლის ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის მომავალი და გახსნა გზა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ. რეფერენდუმში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ საქართველოს, რაც რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებას და შემდგომი აგრესიული ქმედებების საფუძველი გახდა. საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანად მიღება და დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სხვადასხვა დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა.
დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და რუსეთის რეაქცია
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მოსახლეობის 90.6%-მა ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ეფუძნებოდა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებას. მაგრამ ეს გადაწყვეტილება კრემლმა მტრულად მიიღო, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ აყენებდა საბჭოთა კავშირის და შემდგომში რუსეთის, იმპერიალისტურ ამბიციებს რეგიონში.
რუსეთმა რეაქცია არ დააყოვნა. საბჭოთა ხელისუფლებამ თავიდანვე სცადა საქართველოს პროცესის ჩაშლა. კრემლმა აქტიურად წაახალისა სეპარატისტული ტენდენციები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ კონფლიქტებს. ასევე, რუსეთმა დაუყოვნებლივ გააძლიერა სამხედრო ზეწოლა და დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები და ძალისმიერი მეთოდებით შეეცადა ქვეყნის დასუსტებას. ერთ-ერთი მთავარი მაგალითი 1992 წლის შეთანხმებებია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს უნდა დაეცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა ამის ნაცვლად, მათ ხელი შეუწყვეს სეპარატისტული ძალების გაძლიერებას. რუსეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის არაერთი შეთანხმება და პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით ჩაერია საქართველოს შიდა პროცესებში.
დამოუკიდებლობის შემდეგ განვითარებული მოვლენები
1991 წლის რეფერენდუმის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი დიდი იმედების მატარებელი იყო, მაგრამ მალევე საქართველომ კრემლის აგრესიული პოლიტიკის პირისპირ დარჩა. რუსეთმა დაიწყო საქართველოს შიდა კონფლიქტების ხელშეწყობა და 1992-93 წლებში აფხაზეთში პირდაპირი სამხედრო ჩარევა მოახდინა. ამ ომმა ათიათასობით ადამიანი აქცია დევნილად და გაანადგურა რეგიონი.
ასევე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები მონაწილეობდნენ სამოქალაქო ომში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენდა, რომელიც დღემდე გრძელდება – საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებით, ოკუპაციით და ჰიბრიდული ომით.
ისევ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს რომ დავუბრუნდეთ, ეს თარიღი იყო ისტორიული გამარჯვება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამან რუსეთის სასტიკი რეაქცია გამოიწვია. კრემლმა არა მხოლოდ სცადა დამოუკიდებლობის პროცესის ჩაშლა, არამედ მრავალი შეთანხმება დაარღვია და აგრესიულ პოლიტიკას მიმართა საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ქართველი ერი კვლავ მტკიცედ დგას თავისი დამოუკიდებლობის დაცვის გზაზე და განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლას, რაც კვლავაც გამოწვევებითაა სავსე რუსეთის მტრული პოლიტიკის ფონზე.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.