ოკუპაციაშიშის პროპაგანდის გზა – “ინვესტიცია” რუსეთის ომებისთვის, “მშვიდობის” სახელით

შიშის პროპაგანდის გზა – “ინვესტიცია” რუსეთის ომებისთვის, “მშვიდობის” სახელით

metalab.ge

წლებია გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური ძალები, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია სურთ, რისთვისაც “დასავლეთისგან, კონკრეტულად “გლობალური ომის პარტიისგან” საკმაოოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ”. ამ ბრალდებას ავრცელებენ ყველაზე, ვინც რუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ვინც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერია. თუმცა, კითხვა, თუ საიდან მოდის ეს მტკიცება ხშირად უპასუხოდ რჩება, რადგან არანაირი დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, ამ ნარატივების ავტორებს არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად, არ არსებობს.

საუბარი იმაზე, თითქოს რევოლუციური სცენები და გადატრიალების რეალური გეგმები არსებობს, არასდროს დამყარებულა დოკუმენტურ ფაქტებზე. ამის დადასტურება არ არსებობს არც სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშებში და არც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაა განახლებული, რათა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე რეაგირება მომხდარიყო. თუ ასეთი საფრთხე მართლაც არსებობს, რატომ არ ჩანს ის ქვეყნის უსაფრთხოების შეფასებებსა და სტრატეგიულ დოკუმენტებში? რატომ გვესმის ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნიდან, კონკრეტული პარტიის ინტერესების შესაბამისად?

პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ეს არის პროპაგანდა. ეს არის შიშზე აგებული ნარატივი, რომელიც საზოგადოების მართვის ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა.

ომი საქართველოში რთული და მტკივნეული გამოცდილებაა. სწორედ ამიტომაც შიში, როგორც ინსტრუმენტი, ასეთ ნიადაგზე მარტივად მუშაობს. საკმარისია ვიღაცამ თქვას, რომ თუ ხმას ამოიღებ, ომი დაიწყება და ადამიანებს არ რჩებათ დრო გააზრებისთვის. თავდაცვის ინსტინქტი ყველაფერს წყვეტს. ასე იქმნება საზოგადოება, რომელსაც არ აძლევენ არჩევანის და თავისუფალი მსჯელობის შესაძლებლობას, რადგან შიში მას აქცევს მორჩილ მასად.

შიში, როგორც პროპაგანდის ძირითადი ელემენტი, ხშირად შეფუთულია „მშვიდობის“ სახელით. თითქოს მთავარია, ომი არ იყოს და ამის ფასად ნებისმიერი დათმობა გამართლებულია. თუმცა, ამ რიტორიკით წართმეულია არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანების მომავალი. საზოგადოებას არწმუნებენ, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაჩუმდეს, მოითმინოს და არ მოითხოვოს განვითარება. ეს თითქოს უსაფრთხოების გზაა, მაგრამ სინამდვილეში, ესაა გზა სისტემური გაჭირვების, იზოლაციის და საბოლოოდ, რუსეთის ომებისთვის მზადებისკენ.

თუ ისტორიულ გამოცდილებას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ უარის თქმა პროგრესზე არ გვიცავს ომისგან. 90-იან წლებში, როდესაც არც ევროკავშირზე ვსაუბრობდით და არც ნატოზე, ჩვენ მაინც ომში აღმოვჩნდით და ის ომები გაცილებით ძვირი დაგვიჯდა, რადგან საქართველო იმ დროს სუსტი, დაუცველი და დასავლური პარტნიორების გარეშე იყო. აგვისტოს ომი, მიუხედავად უმძიმესი ტრაგედიისა, მოკლეხნიანი იყო და შეჩერდა არა იმიტომ, რომ პუტინმა საქართველო “დაინდო”, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა დასავლური მხარდაჭერა.

ამიტომაც, როდესაც დღეს გვეუბნებიან, რომ თუ ნატოსკენ წავალთ, ომი დაიწყება, სინამდვილეში გვეუბნებიან: დარჩით იგივე ადგილას, იყავით მორჩილები, მოითმინეთ და ასე, შესაძლოა, ცოცხლები დარჩეთ. მაგრამ რისთვის ვრჩებით ცოცხლები? თავისუფლების გარეშე, განვითარების გარეშე, ღირსების გარეშე?

ჩეჩნეთის მაგალითი გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ეს მოდელი. იქ ომი თითქოს დასრულდა, მაგრამ ჩეჩენი ახალგაზრდები დღეს პუტინის ომებში იღუპებიან უკრაინაში ფრონტის ხაზზე. იგივე ხვედრი ელის ნებისმიერ ერს, რომელიც რუსულ გავლენაში რჩება: არ აქვს მნიშვნელობა, იარაღით დაპყრობილები არიან თუ პროპაგანდით დამორჩილებულები, ბოლოს ეს ხალხი იბრძვის ოკუპანტის ომში.

ამიტომაც, როცა გვესმის, რომ მთავარია მშვიდობა იყოს, უნდა ვიკითხოთ – ვისთვის მშვიდობა? რა ფასად? ან რა მიზნისთვის?

თუ დღეს თავს დავიმშვიდებთ და პოლიტიკაში არ ჩავერევით, რამდენიმე წელიწადში სწორედ ის პოლიტიკა პირადად შეგვეხება, ოღონდ მაშინ აღარ გვექნება, არც არჩევანი და არც შესაბამისი დრო. ჩვენი შვილები აღარ დაგვამადლიან მორჩილ და გაუცნობიერებელ სიჩუმეს, თუ ეს სიჩუმე მათ რუსულ ომებში გააგზავნის.

შიშით მართვა, როგორც პოლიტიკის ფორმა, საბოლოოდ არა მხოლოდ თავისუფლებას გვპირდება, არამედ სიცოცხლესაც გვართმევს. პროპაგანდის ნიღბის მიღმა, ეს არის “ინვესტიცია” ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს შიშში, რომლის მორგება ისევ რუსეთისთვის არის განკუთვნილი.

და თუ ამას მშვიდობას ვეძახით, მაშინ მზად უნდა ვიყოთ შვილებს თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რატომ ვარჩიეთ ჩუმად ყოფნა იმ მომენტში, როცა მათი მომავალი წყდებოდა? რას ვუპასუხებთ, როცა გვკითხავენ, სიჩუმის მიზეზს მაშინ, როცა ყველაფერი სწორედ ამ მორჩილებით და გაუბედაობით იწყებოდა? რას იტყვით რამდენიმე წელში, როდესაც გკითხავენ, რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილის უსაფრთხოება დაგეცვათ და სხვის ომში მათი სიცოცხლე არ გაგეწირათ?

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები