გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მთელი რიგი დარღვევები გამოიკვეთა რაც ეხება კორუფციულ ნიშნებს, უკონტროლო მშენებლობებს, საჯარო ინფორმაციის დამალვის და ა.შ. საკითხებს. აღნიშნულ თემებზე ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინ მედია NEO T V მუშაობდა, რომელმაც 20-მდე კვლევა მოამზადა თვითმმართველობების საქმიანობის შესაფასებლად, მათი უფლებამოსილევის ვადის ამოწურვამდე.
კვლევების პარალელურად NEO TV – ს გუნდი სპეციალურ გადაცემას ამზადებდა სახელწოდებით “ფაქტი”, სადაც კვლევის შედეგები უფრო სიღრმისეულად განიხილებოდა. აღმოჩნდა, რომ ხარვეზების პარალელურად საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები საანგარიშო პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულები დეზინფორმაცია-პროპაგანდის გავრცელებაში, რითიც პროექტის ავტორების თქმით, რეალური საჭიროებების გადაფარვა ხდებოდა და შეხვედრების დროს მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება მათთვის პრობლემურ საკითხებზე, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან კონკრეტული პასუხები/განმარტებები მიეღოთ.
www.NeoTv.ge – ზე გამოქვეყნებული მასალები წინა მუნიციპალური არჩევნების დროს გაცემული დაპირებების გადამოწმებასაც მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ თვითმმართველობები უფლებამოსილების ვადას ისე ასრულებენ, რომ მთელი რიგი საკითხები მოუგვარებელი რჩებათ.
გარდა ადგილობრივი თემებისა პროექტის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგიც ხორციელდებოდა. ანალიტიკოსების განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება. ამ ვითარებას კი მოქალაქეთა პასიურობა სასათბურე პირობებს უქმნის.
პროექტის ავტორების თქმით, პოლიტიკური პროცესებისა და სამოქალაქო საზოგადოების თვითგადარჩენის ფონზე მნიშვნელოვანი საკითხები შედარებით უყურადღებოდ რჩება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მედია ცენზურის პირობებში აგრძელებს საქმიანობას და არაერთი შემზღუდავი კანონი მოქმედებს. არსებულ ვითარებასა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე NEO TV სპეციალურ შეხვედრებსაც აწყობდა და საზოგადოებას დემოკრატიის განვითარების აუცილელობასთან ერთად, საკუთარ როლსაც ახსენებდა.