საქართველოში ომი 2008 წლის აგვისტოში არ დამთავრებულა და ის დღესაც გრძელდება. თუ ადრე ბრძოლა ტანკებითა და იარაღით მიმდინარეობდა, დღეს მან ფორმები შეიცვალა და ის ადამიანების ტვინში, ემოციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარეობს.
შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ადგილი დაუთმო ბევრად უფრო დახვეწილ და უხილავ მეთოდებს – ფსიქოლოგიურ ოპერაციებს (PSYOPS) , ანუ საინფორმაციო ზემოქმედებას, რომლის მიზანია საზოგადოების შიშების, რწმენებისა და გრძნობების გამოყენება პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ფსიქოლოგიური ოპერაციები უკვე წლებია ტარდება საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტზე. ხშირად უხილავად, ზოგჯერ კი ძალიან აშკარად, რომლის სამიზნეც შესაძლოა თითოეული ჩვენგანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფორმაცია ემოციური, გადაუმოწმებელია და იქცევა ჩვენს შიშებზე თამაშის იარაღად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ეს პროცესი, რა ეტაპებს გადის და როგორ შეგვიძლია მისი ამოცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რუსული PSYOPS საქართველოში არის კომპლექსური სისტემის ნაწილი, რომელიც დაგეგმილია საზოგადოებრივ ნდობაზე ზემოქმედების შემდეგ ძირითად ასპექტებზე:
პირველი: სიტუაციის შესწავლა და მიზნების დაგეგმვა. თავიდან საზოგადოების იმ ჯგუფებს აკვირდებიან, ვისთვისაც მზადდება შეტევა მაგალითად, სოფლად მცხოვრები ქალები, ახალგაზრდები/აქტივისტები მოხუცები და ა.შ. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რა იმუშავებს ამ კატეგორიაზე გავლენის მოსახდენად: დაშინება, უნდობლობის გაჩენა თუ სხვა..
მეორეა – აუდიტორიის ანალიზი. აქ აფასებენ, რა გვაშინებს, რა გვიყვარს, ვის ვენდობით ყველაზე მეტად. მაგალითად: ზოგს ყველაზე მეტად ოჯახი ადარდებს, ზოგს ეკლესია, ზოგს – სამსახური. ამ სუსტი წერტილების ცოდნით ისინი სათანადო მესიჯებს ამზადებენ.
მესამე – მესიჯის შექმნა. ისინი ამუშავებენ ერთი-ორ მოკლე მარტივ ფრაზას, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდება პატრიოტ, მორწმუნე თუ ტრადიციების მიმდევარ/დამცველ ადამიანთა ჯგუფს. მსგავსი ნარატივია მაგალითად: “თუ მთავრობა შეიცვლება რუსეთი საქართველოში ომს დაიწყებს“ – ასეთი ფრაზა იწვევს ძლიერ შიშს, განსაკუთრებით ომ გამოვლილ მოსახლეობაში. (მესიჯი მარტივი, ემოციური და ადვილად დასამახსოვრებელია).
მეოთხე – საინფორმაციო არხების შექმნა, შერჩევა და გავრცელება. პროპაგანდისტულ მესიჯებს უშვებენ ტელევიზიით, სოციალური ქსელებით, აპლიკაციების ჯგუფებით, ტაძრის ეზოში, ავტობუსის გაჩერებებსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საუბრის დროს. პროცესის მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ერთნაირად გაიგოს ერთი და იგივე ამბავი, მეტი დამაჯერებლობის შესაქმნელად.
მეხუთე: მესიჯების ხშირი გამეორება და გაძლიერება. გაშვებულ ფრაზებს სჭირდება მეტი ტალღა ადამიანების მეხსიერებაში იქამდე, ვიდრე მასში ეჭვები არ გაქრება და რეალობად არ აღიქმება საზოგადოებაში. მესიჯების გამეორებაში უკვე ერთვებიან ტროლები და ბოტები, ისევ და ისევ აღნიშნული შინაარსის განსამტკიცებლად, იმისთვის, რომ მათ ნარატივებს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იმეორებედეს. ხშირად გამეორებული ტექსტები კი გარკველ დროში უკვე საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს.
და ბოლოს, მეექვსე: მონიტორინგი და ეფექტის შეფასება: აღნიშნული ეტაპების შემდეგ პროპაგანდის ავტორები აკვირდებიან მიღებულ შედეგს, ანუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ხალხზე და როგორ რეაგირებენ ისინი გაშვებულ მესიჯებზე: ეშინიათ თუ არა, ეჭვქვეშ აყენებს თუ არა კონკრეტულ საკითხებს, ადვილად იცვლის თუ არა მოსაზრებებს და ა.შ. თუ შედეგი არ არის სასურველი, მესიჯი იცვლება ან სხვა გზებით ხდება ადამიანებზე ზემოქმედება, რაც ისევ ხელახალ ეტაპებს გადის, რაზეც ზემოტ ვისაუბრეთ.
რუსული PSYOPS-ის ფარგლებში მოქალაქეთა ცნობიერებაზე ზემოქმედება სხვა მეთოდებსაც მოიცავს. მათ შორისაა:
- ინფორმაციული გადატვირთვა და ქაოსი: დიდი რაოდენობით, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებით, ადამიანები განიცდიან ყურადღების გაფანტვას, რაც ზიანს აყენებს გონებრივ პროცესებს.
- ემოციური მანიპულაცია: შიში, ეჭვი და სიძულვილი, რაც იწვევს ტვინის ემოციურ გადაწვას, რამაც შეიძლება დაარღვიოს ლოგიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- სოციალური დაყოფა: განასხვავებული მოსაზრებების გამო ხალხი იყოფა ჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ნდობა არ გააჩნიათ და ქმნიან ურთიერთკონფლიქტს, რაც ეფექტურ საფუძველს იძლევა ამ ჯგუფებზე მანიპულაციების მოსახდენად.
რუსეთის სპეც. სამსახურებმა, რომლებმაც სამხედრო გზით ვერ შეძლეს საკუთარი ინტერესების/გავლენის განმტკიცება საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბრძოლა ადამიანების ცნობიერებაზე გადაიტანეს. ამ ფორმის „ომი“ აღარ საჭიროებს ტანკებს და სამხედრო მასალებს, მას ჰყოფნის სოციალური ქსელი, ტელევიზია ან ერთი სანდოდ შეფუთული ტყუილი ამბავი, რომელიც ეჭვსა და შიშს გამოიწვევს. სწორედ ასე გადაიქცა საინფორმაციო ზემოქმედება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად, რომლის მიზანიცაა ხალხის დაყოფა, ერთმანეთისადმი უნდობლობის ჩამოყალიბება და საკუთარი ინტერესების გასატარებლად საზოგადოებაზე ზემოქმედება ისე, რომ თავად ეს ვერ შეამჩნიონ.
PSYOPS ყველაზე მარტივად მოქმედებს მაშინ, როცა ადამიანები ვერ არჩევენ ფაქტს მოსაზრებისგან. ის წარმატებით ხორციელდება მაშინ, როცა საზოგადოება დაუცველია, არაინფორმირებულია და ემოციებით აზროვნებს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია საზოგადოებაში მედიაწინიერება და ცნობიერების დონე, რაც უფრო განვითარებულია ამბის გადამოწმების პრაქტიკა და კრიტიკული აზროვნება, მით უფრო რთულდება მსგავსი ზეგავლენები.
რუსული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეგავლენებისთვის ხშირად გამოიყენება ქვეყნის შიგნით არსებული მოვლენები. ანუ სპეციალურად გავლენების მოსაპოვებლად აღარ ქმნიან ახალ პროტესტს ან ამბავს/ლეგენდას, რადგან საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ უკვე არსებულ შიდა დაძაბულობას, რითიც სხვადასხვა ეტაპებზე სარგებლობენ.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსულ საინფორმაციო ოპერატორებს არ სჭირდებათ ახალი ამბის გამოგონება, როცა საზოგადოებაში უკვე არსებობს დაძაბულობა. ისინი უბრალოდ ირჩევენ თემას, რომელიც პოლარიზაციას იწვევს. მაგალითად, პროტესტი, პოლიტიკური დაპირისპირება ან კონკრეტული ლიდერის წინააღმდეგობა და იწყებენ იმავე თემის გადაფარვას ტყუილებით, ემოციითა და შიშით.
რეალური ამბავი შეიძლება იყოს სოციალური უკმაყოფილება ან პოლიტიკური განცხადება, მაგრამ რუსული საინფორმაციო ბოტ-ქსელები ახალ შრეებს ამატებენ და ისე ავრცელებენ:„ეს ყველაფერი დასავლეთის წახალისებით ხდება“, “საქართველო დასავლეთის მონად იქცევა“, ” ამ ხალხს ქვეყანაში არეულობა უნდა, რასაც დასავლეთი აფინანსებს” და სხვა.
რუსული ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის საქართველოში (ისევე როგორც სხვა ქვეყნებში) ყოველთვის ეძებენ შიდა დაძაბულობის წერტილებს. მაგალითად, 4 ოქტომბრის პროტესტის მსგავს სიტუაციებში, საინფორმაციო ველი ხშირად ხდება ამგვარი ზეგავლენის სამიზნე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც ბოტები და ტროლები ცდილობენ ნარატივის შეცვლას და საზოგადოების ემოციებზე თამაშს.
PSYOPS – ის მთავარი მიზანი არ არის კონკრეტული პოლიტიკოსის დაცვა ან დამხობა, მისი მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია. როდესაც ადამიანები აღარ ენდობიან არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც მედიას, სწორედ მაშინ ხდება ქვეყანა ყველაზე მარტივად სამართავი.


