“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის შედეგადაც დაზვერვის სამსახური კარგავს დამოუკიდებელ სტატუსს და გადადის სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) დაქვემდებარებაში, სახელწოდებით “ეროვნული სადაზვერვო სააგენტო”.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააანალიზოს, თუ რას ნიშნავს ეს ცვლილება, კონკრეტულად კი დაზვერვა აღარ იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მისი სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და ოპერაციული მექანიზმები მთლიანად ექცევა იმ უწყების კონტროლქვეშ, რომელიც მრავალი წელია განიხილება, როგორც “ოცნების” ინტერესებზე მორგებული და პოლიტიზებული ორგანო.
ასეთ პირობებში დაზვერვის სამსახურების ერთ-ერთი მთავარი რესურსი – ნდობა, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.
დასავლური სადაზვერვო სტრუქტურები, როგორებიცაა NATO-ს დაზვერვითი რგოლები, ევროკავშირის უსაფრთხოების პლატფორმები, აშშ-ის ან ბრიტანეთის პარტნიორი სააგენტოები, არ თანამშრომლობენ პოლიტიზებულ, გავლენადაკარგულ უწყებებთან. მათი მთავარი კრიტერიუმებია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და დემოკრატიული ზედამხედველობა, რასაც “ოცნების” აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად არღვევს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი დაზვერვის ყოფილმა უფროსმაც, რომელმაც თქვა, რომ დასავლურ ქსელებში თანამშრომლობის პირობად სწორედ დამოუკიდებლობა ითვლება.
“დემოკრატიულ სახელმწიფოებში სპეციალური სამსახურები წარმოადგენენ ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრუქტურებს და ჩართულნი არიან სახელმწიფო მმართველობის პროცესში. ღირებულებები, რომლებსაც ამ სამსახურების მუშაობა ეფუძნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური გამჭვირვალობაა. სწორედ, ეს ღირებულებები უზრუნვეყოფენ პროცესების კონტროლსა და სპეციალური სამსახურების განვითარებას. დასავლური სისტემა თავისთავად ქმნის ისეთ რეალობას, სადაც უსაფრთხოების ორგანიზაციები არ მონაწილეობენ განსხვავებული ჯგუფების დევნასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიზანია, სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის შენარჩუნება. დასავლეთში სპეცსამსახურები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, რაც გამოიხატება მაღალი დონის ანგარიშვალდებულებაში”,- ამბობს გენერალ მაიორი შალვა ლომიძე.
გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ეს გადაწყვეტილება ისე იქნა მიწოდებული, თითქოს მხოლოდ ფორმალური გარდაქმნაა – სახელის შეცვლა და პროცესების გამარტივება. სინამდვილეში კი, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ფუნდამენტური ინსტიტუციური ძვრაა, რომელსაც შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ნაბიჯი შეფუთული იყოს როგორც ტექნიკური რეფორმა, ხოლო რეალურად ემსახურებოდეს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებას.
რა მოჰყვება ამ ცვლილებას?
ექსპერტთა წრეებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ დაზვერვის ინსტიტუციური ავტონომიის გაუქმება ნიშნავს დაკარგული დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ დაზვერვა აღარ არის დაცული პოლიტიკური გავლენებისგან. ასეთ ვითარებაში კი დასავლური სადაზვერვო პარტნიორები წყვეტენ ინფორმაციის გაზიარებას პოლიტიზებულ და არასტაბილურ უწყებასთან.
დასავლური კონტროლის შემცირება თავისთავად მოამზადებს ნიადაგს FSB-სთვის ინფორმაციულ-საინტელექტო სივრცის გახსნისთვის.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა ლომიძე იმ სირთულეებზე მიუთითებს, რომელიც ქართულ რეალობაშია მოსალოდნელი თუკი ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მივა, როცა ეროვნულ სპეცსამსახურებში გაქრება დასავლური მიდგომა და სტანდარტები:
“შემცირდება ინფორმაციის ნაკადი (ტერორიზმზე, კიბერშეტევებზე, რეგიონულ დესტაბილიზაციაზე). აღარ გვეცოდინება, რას გეგმავენ მოწინააღმდეგეები ან რას ხედავენ ჩვენი მოკავშირეები. სპეცსამსახურები გადაიქცევიან პროპაგანდის იარაღად, ეროვნული უსაფრთხოება მოერგება პირთა ერთ ჯგუფს. დიდი ხნით დაიკარგება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლების პოტენციალი. მისი აღდგენის შემთხვევაში კი, მუდმივად იარსებებს გარკვეული უნდობლობა და მომეტებული მონიტორინგის აუცილებლობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მოხდება იზოლაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებიდან, სამსახურების დისკრედიტაცია დასავლელი პარტნიორების თვალში და სამსახურების არასანდოდ წარმოჩენა. არ გამოირიცხება, რომ პროფესიულ წრეებში ჩავითვალოთ როგორც დეზინფორმაციის წყარო. გაქრება ნდობა. მივიღებთ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, შეგვექმნება პრობლემები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. დროთა განმავლობაში მივიღებთ პოლიტიკურ ლოიალობას პროფესიონალიზმის ნაცვლად. შეიქმნება საფრთხეების არასწორი შეფასების, გართულებული ოპერაციების, დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა”, -განმარტავს შალვა ლომიძე.
მსგავსი სცენარი და პარალელები პოსტსაბჭოთა სივრციდან
საერთაშორისო გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ სპეცსამსახურების რესტრუქტურიზაციას ინფორმაციისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მიზნით. საქართველოში დაზვერვის სამსახურის სუს-ში გაერთიანება ზუსტად იმ სტრატეგიის გაგრძელებას ჰგავს, რაც წარსულში მოხდა რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში.
რუსეთში ჯერ კიდევ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მოხდა ე.წ. “სილოვიკების” გაძლიერება, რაც დაზვერვისა და უსაფრთხოების სერვისების პოლიტიზაციასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შეზღუდვაში გამოიხატა.
ბელარუსში კგბ-მ შეინარჩუნა საბჭოთა მოდელის მემკვიდრეობა და განაგრძო როგორც პოლიტიკური კონტროლის, ისე დასავლური კავშირების გაუქმების ინსტრუმენტად ფუნქციონირება.
ყაზახეთში დაზვერვა და უშიშროების სტრუქტურები უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქვეშ მოექცა, რაც კრიტიკულად შეაფასა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.
აზერბაიჯანში კი სამხედრო და სამოქალაქო დაზვერვის შერწყმამ მოახდინა პოლიტიკური ოპონენტების სამიზნედ ქცევა და ქვეყნის იზოლაცია დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობისგან.
ამ ქვეყნების მაგალითები ცხადყოფს, რომ სპეცსამსახურების ცენტრალიზება – განსაკუთრებით პოლიტიზებული უწყების ფარგლებში – იწვევს არა მხოლოდ ინსტიტუციური სიძლიერის დაკარგვას, არამედ დასავლური თანამშრომლობის სისტემებიდან ჩამოშორებას. ეს პროცესი თანმდევად უწყობს ხელს საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას.
სწორედ ამიტომ, საქართველოს შემთხვევაში სუს-ში დაზვერვის შერწყმა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ტექნიკურ გადანაწილებად – ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური სიგნალი, რომ ქვეყანა შეიძლება თანდათან გადაეშვას იმ სცენარში, რომელმაც მრავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო რუსეთის ორბიტაში დააბრუნა.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.