გორში, ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისა და მკვლევრებისთვის შექმნილი OSINT-ის (ღია წყაროებზე დაფუძნებული დაზვერვა) გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
“დღევანდელ საქართველოში, სადაც მედია სივრცე მზარდი ზეწოლის, ცენზურისა და დეზინფორმაციის ქვეშ ექცევა, ხოლო ინფორმაციის მოძიების ტრადიციული გზები ხშირად ბლოკირებულია, OSINT წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და უსაფრთხო გამოსავალს. ეს არის ეფექტური და სწრაფი გზა ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გადამოწმებისთვის. OSINT-ის ინსტრუმენტები აპოლიტიკურია და ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია”, – ახცხადებენ დოკუმენტის ავტორები.
გზამკვლევი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს და ქართულ რეალობაზე მორგებულ ქეისებს, მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის იმ ძირითადი ტექნიკების და ინსტრუმენტების გაზიარებას, რომლებიც წლებია გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით დოკუმენტური გამოძიებებისა და ფაქტების დადგენის პროცესში.
გზამკვლევი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:
• პიროვნების ციფრული კვალის კვლევის მეთოდები/გეოლოკაციის დადგენა
• სოციალური მედიის პლატფორმების ანალიზის ტექნიკები (Facebook, Telegram, Instagram, TikTok)
• იდენტობის დადგენა
• სურათებისა და ვიდეოების რევერსული ძიების უნარები
• მეტამონაცემების გაშიფვრის გზები
• ანონიმურობის და უსაფრთხო ბრაუზინგის პრინციპები (OPSEC)
აუდიტორია შეძლებს გაეცნოს ისეთი ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოყენებას, როგორებიცაა Google Dorking, Opencorporates.com, LinkedIn, Wayback Machine (archive.org), Maltego, Whois Lookup, Truecaller, Namechk.com, Exif.tools, Google Earth/Maps და სხვა.
OSINT არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შესაძლებლობას, ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ემსახურება ინფორმაციულ გამჭვირვალობას, ფაქტებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებსა და უსაფრთხო გამოძიებას. ის დაგეხმარებათ კორუფციული სქემების, ფარული კავშირებისა და დეზინფორმაციის გამოვლენაში.