სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ერგნეთის შეხვედრაზე განცხადებები ცხინვალის დელეგაციის მხრიდან ამ საკითხსაც შეეხო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება არსებითად არ გაუარესებულა და იქ დამატებითი აქტივობები არ შეინიშნება.
“პერიოდულად და სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ამგვარი მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არავინ არის დაინტერესებული დამატებითი დაძაბულობის შექმნით. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება არსებითად არ გაუარესებულა და იქ დამატებითი აქტივობები არ შეინიშნება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.