ცხინვალის ციხიდან ერთი თვის წინ გამოყვანილი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 53 წლის გენადი ბესტაევი მკურნალობას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმაციაში გადის. მის მდგომარეობას ექიმებისგან სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმოამდგენელი დავით ქაცარავა გაეცნო.
“მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კომაშია, მაგრამ არა მედიკამენტოზურში. როგორც ექიმმა მითხრა, ბესტაევმა თვალები გაახილა, მაგრამ მაინც იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. დღეს გამოვიტანე სამედიცინო ხარჯების კალკულაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში სჭირდება გენადი ბესტაევის გადარჩენას და მან შეადგინა 7 275 ლარი”, – დავით ქაცარავა.
საჭირო თანხის მოსაძიებლად მოქალაქეთა ნაწილმა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციას მიმართა. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ირწმუნება, რომ ამ უკანასკნელმა გენადი ბესტაევისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაზენაზე უარი განაცხადა.
“გენადი ბესტაევის შემთხვევა არის კლასიკური შემთხვევა, სახელმწიფოს მიერ მიტოვებული მოქალაქე მესამე კვირაა რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის და სამწუხაროდ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მოუწევს კიდევ ბრძოლა. იმის მაგვივრად, რომ პრობლემა არ ჰქონოდა… სამწუხაროდ, არავინ ჰყავს პატრონი გენადი ბესტაევს, ამოიწურა ის ლიმიტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი და ჰაერშია დარჩენილი. გორის მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა სამედიცინო მკურნალობაზე, არ დაუფინანსა. შევიტანეთ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში და ალბათ, მოხდება ამის დაფინანსება. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ორი წელი ტყვეობაში იყო, სახელმწიფოსგან მიტოვებული, დღეს მისი პატრონი უნდა ეძებდეს ფულს, რომ როგორმე გადარჩეს“, – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
გორის მერიაში გაფრინდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ სოციალური პროგრამიდან ფინანსური დახმარების აღმოჩენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამის შესახებ უწყებას ოჯახის რომელიმე წევრი ოფიციალურად მიმართავს.
“2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის მიხედვით შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება. ამისთვის პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოქალაქე დავით ქაცარავას, როგორც სიტყვიერად ასევე წერილობით ეცნობა, თუმცა ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით” – განმარტავენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები 53 წლის გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ის ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეიწყალა. ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. ბესტაევს ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა.