ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მარიუპოლის საავადმყოფოში მივიდა. მან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთან ერთად პაციენტებს სამკურნალო პრეპარატები გადასცა. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზინდენტის “პრესმდივანი” ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ანატოლი ბიბილოვი ექიმებს გაესაუბრა და იკითხა, როგორ შეუძლია ცხინვალს მათი დახმარება.
” მინდოდა თვითონ მენახა, რა ხდება აქ. დავინტერესდი რა სჭირდებათ ახლა მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებს. მადლობა ჩემს მეგობარს და ჩვენი რესპუბლიკის მეგობარს, დიმიტრი საბლინს, რომელიც დაგვეხმარა პირველი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაში სამხრეთ ოსეთიდან“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.
ბიბილოვის ე.წ. პრესმდივანის ინფორმაციით ე.წ. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს მოხალისეებთან და სამხედროებთან შეხვედრას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იღებენ მონაწილეობას. ბიბილოვს თან ახლავს ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსი, აზამატ ჩოჩიევი.