დასრულდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებაზე.
63-ე რაუნდის ფარგლებში საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციას და ამ კონტექსტში ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებს. ქართულმა მხარემ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერნიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
თავის მხრივ მოთხოვნები გააჟღერა რუსეთის მხარემაც. TASS-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების რუსმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისთვის შეიძლება ხელშემწყობი იყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება და შემდგომი დემარკაცია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 4-5 მარტს ჟენევაში გამართული კონსულტაციების შედეგად გამოქვეყნდა.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჟენევაში მოსკოვმა აღნიშნა, რომ “ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობაში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ყოველწლიურად მიღებული საქართველოს უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებზე”, ვინაიდან “აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს” მასზე დასწრების უფლება არ აქვთ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.