ბოლო პერიოდში ემიგრაციაში წასვლის მსურველი ქართველების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიცაა. მშვიდად ცხოვრებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მოქალაქეთა ნაწილი დასავლეთისკენ ეძებს. ამ მხრივ კი მიმზიდველ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული – შვედეთია.
ბოლო წლების განმავლობაში ბედნიერების ინდექსით, შვედეთი მუდმივად ინარჩუნებს ადგილს ხუთეულში. ისევე როგორც კორუფციისა და დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით. პოლიტიკური სტაბილურობა, მოწესრიგებული საბანკო სისტემა, ჯანდაცვა, განათლება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც აქ მაცხოვრებლებს დაცულობის განცდას მუდმივად უნარჩუნებს.
“შვედეთში ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი ტრადიცია, რომ პოლიტიკური პარტიები, რიგ საკითხებში აზრთა სხვაობის მიუხედავად, ინარჩუნებენ საერთო პოზიციას ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, ეს ხდება უპირველესი ყველასთვის. მე ვფიქრობ, სწორედ ასეთ მიდგომებშია იმის საფუძველი, რომ შვედეთი ყოველთვის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”-აღნიშნა “მეტალაბთან” საუბრისას სტოკჰოლმის ვიცე მერმა, იან იონსონმა.
შვედეთი გამორჩეულია მოსახლეობის ნდობით სახელმწიფოს მიმართ, რადგან თითოეულმა იცის, რომ ხელისუფლება ზრუნავს ხალხის ინტერესებზე. აქ მკაცრად განსაზღვრულია სამუშაო დრო და დაცულია დასაქმებულთა შრომითი უფლებები. მაგალითად, სამუშაო დღის განმავლობაში სავალდებულოა დასაქმებულის შესვენებაზე გასვლა. ეს პრინციპი ცხოვრებისა და სამსახურის ურთიერთბალანსს ემსახურება.
შვედეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის დემოკრატიის გზაზე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს განვითარებაში. ის დღესაც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში ჩართული ადამიანების მხარდაჭერაში.