ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი – მორის პაულუსენი გორში, დეზინფორმაციის მხილებასა და ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ჟურნალისტებს და ანალიტიკოსებს შეხვდა. მისიის ხელმღვანელის მოადგილე NEO TV – ს და GMG-ს საქმიანობით დაინტერესდა და მისი წარმომადგენლებისგან გაეცნო, თუ როგორ უმკლავდებიან რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.
“სამწუხაროდ, დიპლომატები იშვიათად ვტოვებთ თბილისს, მაგრამ ყოველთვის კარგია რეგიონებში გასვლა. დღევანდელი დღე გორში ძალიან ნაყოფიერი იყო – უამრავი სხვადასხვა შეხვედრა მქონდა, მათ შორის, ძალიან საინტერესო შეხვედრა თქვენთან. ბევრი რამ შევიტყვე იმ რთული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მედიასაშუალებები არა მხოლოდ აქ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმყოფებიან. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თქვენი საქმიანობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმაში, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ ზუსტი და სანდო ინფორმაცია” -უთხრა ჟურნალისტებს ელჩის მოადგილემ.

ელჩის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ვითარებაც შეაფასა და შეშფოთება გამოთქვა დემოკრატიის უკუსვლის გამო.
“რაც შეეხება მომავალს, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველო რთულ ვითარებაშია. მოვლენები იმ მიმართულებით არ ვითარდება, როგორსაც ვისურვებდით. ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულება არ არის – ჩემი ქვეყნის მთავრობაც და ევროკავშირის ბევრი სხვა მთავრობაც აშკარად გამოხატავენ შეშფოთებას დემოკრატიის უკუსვლის გამო ამ ქვეყანაში. გასული მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ქვეყნის პროგრესი თითქოს შეჩერდა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნამდვილად შემაშფოთებელია. ამის შესახებ ჩვენ ღიად და მკაფიოდ განვაცხადეთ” – აღნიშნა მორის პაულუსენიმ.