საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რის შედეგადაც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ საკუთარი აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, ყოველგვარი საგადასახადო ტვირთის გარეშე. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 100%-იანი წლის მფლობელი იყოს კომპანია, რომელიც საქართველოში იქნება დარეგისტრირებული.
“კანონპროექტის ავტორების განმარტებით, დოკუმენტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით“.
რას ემსახურება ეს მიზანი და რატომ მიიღეს ის ასე განსაკუთრებულად დაჩქარებული პროცედურით, ყოველგვარი წინასწარი დისკუსიის გარეშე? განმარტებითი ბარათის “დ” პუნქტის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული “სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი”,
კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილა გათვალისწინებული მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება.
არ ყოფილა გათვალისწინებული “ სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იყო გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას“. – ასეთ შემთხვევაში, რა გამოცდილებას ეყრდნობოდნენ კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები – უცნობია.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან, “მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას“.
რატომ ახლა?
ერთი მხრივ საქართველოს მთავრობა, “გამჭვირვალობის მოტივით” ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად და მეორე მხრივ, ახალისებს გაუმჭვირვალე კომპანიების საქართველოში შემოსვლას, რითიც პირველ რიგში სანქციებში მოყოლილი ოლიგარქები, მათ შორის რუსი ბიზნესმენები ისარგებლებენ, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ.
რა არის ოფშორი?
ოფშორი სამართლებრივი ტერმინი არ არის და მას ეძახიან საგადასახადო შეღავათების ტერიტორიებს, რომელსაც ხშირად “საგადასახადო სამოთხედაც” მოიხსენიებენ. ასეთ ტერიტორიებზე გადასახადები საერთოდ არ არსებობს, ან – მინიმალურია. აქ არც ფულის წარმომავლობა მოწმდება და ხშირად დამალულია ბიზნესების მფლობელების ვინაობაც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა არაკეთილსინდისიერი ბიზნესის კეთებისთვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ოფშორში მიდის ის, ვინც გაურბის გადასახადებს და გამჭვირვალობას.
მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ოფშორულ ზონებში სულ მცირე 20 კომპანია აქვს, რომლის სახელიც 2016 წელს ფიგურირებდა ცნობილ სკანდალში, პანამის დოკუმენტებში, რა დროსაც გასაჯაროვდა 11-მლნზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ამხელდა პოლიტიკოსებს, საერთაშორისო კომპანიებს, გადასახადებისგან თავის არიდებაში და ზოგ შემთხვევაში – ფულის გათეთრებაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვაში ოფშორები ფინანსური დანაშაულებებისთვის გამოიყენება, ეს ტერიტორიები გამყარებულია სახელმწიფო სუვერენიტეტით და დიდ სახელმწიფოებს მათ ფინანსურ საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის უფლება არ გააჩნიათ. (ყოველშემთხვევაში ასე იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, რის შემდეგაც ოფშორებზე ყურადღება და წნეხი გაძლიერდა).
რამ შეუქმნა დისკომფორტი ოლიგარქებს და რატომ აღარ არის ოფშორები მათთვის მიმზიდველი?
პანამის დოკუმენტების გაჟონვის და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართეს ოფშორებისკენ, სადაც ასეულობით რუსი ოლიგარქის აქტივებია რეგისტრირებული. გაჟონილი დოკუმენტებიდან ასევე გაირკვა ისიც, რომ ერთ-ერთი ასეთი ბიძინა ივანიშვილიცაა, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია LYNDEN MANAGEMENT LTD საეჭვო რეპუტაციის მქონე პარტნიორებთან ერთად. მათ შორისაა MOSSACK FONSECA, კომპანია, რომლის მფლობელების წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს და დიდი ალბათობით პატიმრობა ემუქრებათ. პანამას დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის მწარმოებელ სანქცირებულ კომპანიასთან – DCB Finance.
იმ ადამიანისგან, რომელიც თავის დროზე საფრანგეთში ერთ მისამართზე 900-მდე კომპანიას ფლობდა, ალბათ წარმოუდგენელია მხოლოდ ერთ ოფშორულ კომპანიაზე შეჩერებულიყო. ამის დასადასტურებლად, კვიპროსის მაგალითის განხილვაც საკმარისია, სადაც ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის წილებს მივაკვლიეთ – SODENK TRADING LIMITED, კომპანია, რომელიც 2022 წლის დეკემბერში სამართავად სხვაზეა გადაფორმებული. თავად ივანიშვილი კი მას 2000 წლიდან მართავდა.
ამჟამად, კომპანიას 3 სუბიექტი მართავს, 2 კერძო და 1 იურიდიული პირი, რომლებიც 2012 წლის “ქართუ ბანკის” ჩანაწერებში მეწილეებად ფიგურირებენ. სწორედ “ქართუს” ერთ-ერთი მეწილის და ახლა უკვე SODENK TRADING LIMITED-ის დირექტორის Androula Charilaou-ს და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, Dmitry Mazepin – ის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესი ბრიტანეთში ამჟამადაც მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარს უკავშირდება.
“ქართუს” კავშირები ოფშორებშირა გახდა წილების გადაფორმების და ივანიშვილის კვიპროსიდან გაუჩინარების მიზეზი?
ივანიშვილის გაუჩინარებიდან სულ რამდენიმე თვეში შეერთებულმა შტატებმა ცნობილ სკანდალში გახვეული ალიშერ უსმანოვთან ერთად დაასანქცირა ბერძენი იურისტი, ქრისტოდოლუს გეორგიუს ვასილადესი, რომელიც SBERBANK-თან და რუსეთის მთავრობასთან, ფინანსურ მაქინაციებში იყო მხილებული. სწორედ ამ სანქცირებული იურისტის მისამართზეა რეგისტრირებული ივანიშვილის მფლობელობაში არსებული SODENK TRADING LIMITED ისე, როგორც ასეულობით სხვა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია. მათ შორის MOSSACK FONSECA-ს ოფისები.
ივანიშვილის გაუჩინარების შემდეგ SODENK TRADING LIMITED-ს ამ ეტაპზე სამი სუბიექტი მართავს, რომელთა საქმინობაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ივანიშვილის წარსულ ბიზნეს საქმიანობის სტილზე მიანიშნებს. კერძოდ, სამივე ეს სუბიექტი (ორი კერძო პირი და ერთი კომპანია) ერთად, მხოლოდ კვიპროსში ფლობენ 1300-მდე სხვა კომპანიას.
გარდა ამისა, დასავლურმა სპეცსამსახურებმა, FinCen-მა (ფინანსურ დანაშუალებებთან ბრძოლის ქსელმა) ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ბრძოლა, ფულის გათეთრების და ფარული რუსული ინვესტიციების წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს ივანიშვილისთვის საბოლოო სიგნალი აღმოჩნდა, მისი გადამალული აქტივების საქართველოში გადმოსატანად.
საყურადღებოა, კანონპროექტის ინიციატორის, პაატა კვიჟნაძის მიერ, შემთხვევით ნათქვამი „ფულის გათეთრების“ შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კანონი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მხოლოდ საკუთარი აქტივებისთვის არ აქვს გამიზნული.
ვინ ისარგებლებს ამ კანონით და ოლიგარქებისთვის “შექმნილი სამოთხით”, დასანქცირებული იურისტის ქრისტოდოლუს ვასილადესის მისამართზე დარეგისტრირებული კომპანიის და ივანიშვილის საეჭვო პარტნიორების მაგალითზეც ნათლად შეგვიძლია დავასკვნათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი ბიზნესმენებისთვის ოფშორები ერთგვარ თავშესაფრად იქცა.
ვინ ისარგებლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით?
დასავლელი პარტნიორები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ სანქციებზე, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებას და შეეხოს ბიძინა ივანიშვილსაც. ამიტომ სანიქციების ამოქმედებამდე ივანიშვილს შეუძლია ძალიან მარტივად გადმოიტანოს საქართველოში თავისი ქონება, ბიზნესი, ფული და ა.შ.
სანქციების შემთხვევაში ცხადია, ივანიშვილს ფულის მარტივად გადმოტანა საქართველოში გაუჭირდებოდა, რადგან ის შეიძლება ოფშორულ ზონებსაც შეხებოდა და საბანკო ოპერაციები მარტივად ვეღარ შეესრულებინა.
კანონში შესული ცვლილებები მწვანე შუქს უნთებს არაკეთილსინდისიერ ბიზნესებს, სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფ კომპანიებს, თუ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს და საშუალებას აძლევს მარტივად დაარეგისტრირონ საქართველოში კომპანიები და შემდეგ უკვე ოფშორული ზონებიდან გადმოიტანონ ქონება. ეს ვითარება ყველაზე ხელსაყრელი ახლა რუსი ოლიგარქებისთვისაა, რომლებიც სწორედ ოფშორულ ზონებში ფლობენ ბიზნესებს. მითუმეტეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა გაააქტიურა მსჯელობა, ოფშორული კანონმდებლობის გამკაცრებას იმ სამართლებრივი ხვრელის ამოქოლვით, რომელიც ოლიგარქებსა და კრიმინალებს, სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. ცნობილია, რომ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც ისეთი გამჭვირვალე სტანდარტების დაწესებას მოითხოვს, რაც ოფშორული სტანდარტების მქონე კომპანიებს ოპერირებაში ხელს შეუშლის.
ბევრი ფიქრობს, რომ პარლამენტმა კანონი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოარგო, რომელიც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, ოფშორებიდან საქართველოში აპირებს საკუთარი აქტივების გადმოტანას, მითუმეტეს, ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს შეძენა, 500 მილიონ დოლარად, რაც გარკვეულ წინასწარ სამზადისზე მიანიშნებს. სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, ოქროს იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკები ყიდულობენ, რომლებსაც საერთაშორისო სანქციების ეშინიათ. ეს ყველაფერი მეტ რისკს აჩენს, რომ ამ კანონის ამოქმედებით საქართველო, რუსი ოლიგარქებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს, მითუმეტეს, მათი დასანქცირების შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში მომენტალურად, ათასობით რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა
(2012-2023 ივლისამდე)
წყარო: საჯარო რეესტრი
2022 წელს რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან 2 362 მათგანის საქმიანობის სფეროა ცნობილი. 1 884 კომპანია (80%) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. აღნიშნული მეწარმეების 99% ინდივიდუალური მეწარმეა.
საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების ძირითადი სფეროები
ოფშორებში ქონების განკარგვა რუსი ბიზნესმენებისთის აშკარად საფრთხის შემცველია, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო სისტემაში შესული ცვლილებები, მათთვის განსაკუთრებული შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის, სადაც მათ “შავი ფულის სამოთხე” დახვდებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიები თუ რუსი ოლიგარქები, სანქცირებულთა სიაში უკვე იმყოფებიან ან მათ მფლობელებს პატიმრობა ემუქრებათ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთება მარტივია, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც საქართველოს მთავრობა კარს უღებს ყველაზე გაუმჭვირვალე და საეჭვო წარმომავლობის ბიზნესებს საქართველოში, რომელთა დასაფარად “გამჭვირვალობის” სახელით, დევნის და ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო სექტორს.