ყაზახეთში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მოწინავე ქვედანაყოფები ჩაიყვანეს. ისინი კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებს წარმოადგენენ. მის შემადგენლობაში არიან რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
განვითარებული პროცესების პარალელურად, ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. არ აქვთ საკვები, ქუჩაში კი არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ.
ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით დახმარებისთვის მათ უკვე მიმართა ქართული ანსამბლის “ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ინფორმაციით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ქართველი ექსპერტების მხრიდან სხვადასხვა სახის შეფასებები მოჰყვა. კახა გოგოლაშვილის თქმით, რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის, რუსეთს ამ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგალური შესაძლებლობა მიეცა.
“რუსეთს გააჩნია ირედენტისტული პრეტენზიები ყაზახეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების მიმართ, რასაც ოფიცილაურად არ უყენებს, მაგრამ მრავალი რუსი პოლიტიკოსი და თავად პუტინიც ხშირად აკეთებდა მიმანიშნებელ კომენტარებს ამის თაობაზე. რუსები ამ ტერიტორიებს ციმბირის ნაწილად განიხილავენ და არა მგონია ყაზახეთში ხელისუფლების ცვლიელბის შემდგომ ისინი რუსეთის ჯარმა დატოვოს”, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ზოგიერთი მათგანის აზრით, შესაძლოა ყაზახეთის მოვლენები მიზანმიმართულ გეგმას უკავშირდებოდეს, რაც რუსეთის რესურსის შესუსტებას გამოიწვევს.
“შეძლებს რუსეთი ყაზახეთის და უკრაინის ერთდროულ ანექსიას? ხომ არ არის ეს ხაფანგი რუსეთისთვის? საქართველოზე არ ვლაპარაკობ, თუმცა, აქაც ხომ სჭირდება რუსეთს რესურსი არსებული და მცოცავი ოკუპაციის პროცესის უზრუნველსაყოფად”, – წერს თემურ გელაშვილი.
სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება. ზოგიერთი მათგანი დასავლეთს აკრიტიკებს, ნაწილი კი მიიმდინარე მოვლენებს წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილად მიიჩნევს.
“გამორიცხული არ არის კრემლში დაგეგმილი პროვოკაცია იყოს. იდეა კარგია, მაგრამ პუტინი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მონგოლოიდების თავხედობა , დასავლეთის გაუმართლებელი წაყრუების ფონზე , არავითარ ლოგიკაში აღარ ჯდება”, – ამბობს ბადრი გოგოუაძე.
არსებული ვითარების ფონზე პარალელები საქართველოში არსებულ მდგომარეობასთანაც კეთდება. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროგნოზები და საფუძვლები მიღებული შედეგებით უფრო ნათელი გახდება.
“ეს ჯარები ყაზახეთში ოფიციალურად პაშინიანის განკარგულებით მიდის და არა მარტო რუსის ჯარია, ეს უკვე მინი საბჭოთა კავშირია, რომელიც მალე ჩვენც მოგვიკაკუნებს, მაგალითად არსებულ ხელისუფლებას თუ გადავირჩევთ,” – ფიქრობს ცოტნე ჩიქოვანი.
ყაზახეთშის ქალაქ ალმათში ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.
მანამდე კი ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. შეტაკებების დროს დაშავდა 300-ზე მეტი სამართალდამცავი.