შრომის ინსპექციის სამსახური ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ აღნიშნული ობიექტების მუშაობის ნებართვაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის “მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას.
ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.