ხაშურის მუნიციპალიტეტსა და დაბა სურამში დღეს მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც მათ ღია და დახურული ნაგავსაყრელები აღრიცხეს. ხაშურში მყარი ნარჩენები რამდენიმე მონაკვეთზე აღმოჩნდა. მათ შორის, გორგასლის ქუჩაზე მონიტორინგის ჯგუფმა დახურულ ტერიტორიაზე ახალი სტიქიური ნაგავსაყრელი ნახეს, ნარჩენებია დაყრილი იმავე ქუჩაზე მდინარესთან ახლოს.
ახალი სტიქიური ნაგავსაყრელი აღმოჩნდა გაგარინის ქუჩის ბოლო მონაკვეთზეც, საიდანაც უკვე სოფელი ზემო ოსიაური იწყება.
“დღეს გვქონდა ხაშურსა და სურამში ნაგავსაყრელების ადგილზე აღრიცხვის პროცესი. რამდენიმე ლოკაციაზე დავაფიქსირეთ ნარჩენები, მათ შორის სურამში ერთ-ერთი ნაგავსაყრელი ხევში აღმოვაჩინეთ. ადგილზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს შევაგროვებთ, შემდეგ კი არსებული რეალობის შესახებ შეხვედრას დავგეგმავთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა “ქართლოსის” წარმომადგენელმა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს შორის CSRDG გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” ატარებს კვლევას ხაშურის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც ფოკუს ჯგუფების გარდა, 300 ადგილობრივი პირისპირ გამოიკითხა. პროექტის გუნდი კვლევის შედეგებს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს, წლის ბოლოსთვის გაავრცელებს.