თუ ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტში და არ გაგაჩნიათ საცხოვრებელი სახლი, გორის მერიისგან შეგიძლიათ ქირის თანხის თანადაფინანსება ან დროებითი საცხოვრისი მოითხოვოთ.
გორში, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ათას 800 ლარი უსახლკარო მოსახლეობის მხარდასაჭერადაა გათვალისწინებული. დახმარება გულისხმობს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირის უზრუნველყოფას.
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა ხორციელდება წლის განმავლობაში, ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარის გამოვლენა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“,-განმარტავენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ქირისთვის ბენეფიციარს ერთჯერადად, თვეში 180 ლარის მიღება შეუძლია. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიას უნდა მიმართოს.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;
- გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;
- საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;
მანამდე კი საჭიროა მერის წარმომადგენელმა კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულიდან მოხსენებითი ბარათით მიმართოს მერს, რომელიც დაადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში. ასევე წარადგინოს დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ქირით უზრუნველყოფისა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს მერია დროებითი საცხოვრისითაც ეხმარება.
დახმარება ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
ამ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად, (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა) საჭიროა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
საკითხის შემდგომი განხილვა სპეციალური სამუშო ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე ხდება.
გორის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართის შესყიდვას, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8