საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) უკრაინის ომის შესახებ საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გზავნილების ანალიზის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
რამდენიმე თვეა, GRASS-ი აქვეყნებს ყოველკვირეულ საინფორმაციო ანგარიშს – “დეზინფორმაციის ბრიფი – პუტინის ომი უკრაინაში”. ანგარიშებში გაანალიზებულია რამდენიმე ასეული წყაროს ყოველდღიური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რუსული დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც საქართველოში უკრაინის რუსული აგრესიის პარალელურად ვრცელდება.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილია, ერთი მხრივ, ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცლებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც 24 თებერვლიდან ყოველდღიურად ცდილობენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. მათი გზავნილების უმეტესობა ცდილობს ქართული აუდიტორია რუსეთის „სიმართლეს“, უძლეველობასა და უკრაინის გარდაუვალ მარცხში დაარწმუნოს.
“პრორუსული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დაშინებას, რომ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში ხელახალი რუსული აგრესია გარდაუვალია. ამ კუთხით, მათი თავდასხმის სამიზნე როგორც წესი NATO, ევროკავშირი, აშშ და მათი წარმომადგენლები არიან. ბოლო პერიოდში აღსანიშნავია გზავნილები და რიტორიკა, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას ითხოვს და კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ მოცემულობის შეუსრულებლობის გამო არ მიანიჭა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ აღნიშნული ჯგუფების გარდა ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი პრორუსულ წყაროებთან ერთად „ქართული ოცნება“ გახდა, რომელიც აღნიშნულ საგანგაშო რიტორიკას კრიტიკისა და/ან წარუმატებლობის გადასაფარად, ფაქტობრივად, უკვე ყოველდღიურად იყენებს. შედეგად, გზავნილი, რომ დასავლეთს საქართველოში ომი სურს, არა ცალკეული მცირე გავრცელებისა და გავლენის მქონე რიგითი პრორუსული წყაროების ნარატივს, არამედ სახელისუფლებო გუნდისა, მათთან დაკავშირებული მედიისა და ექსპერტული წრეების ძირითად სასაუბრო საკითხად იქცა“,-აღნიშნავენ GRASS-ის წარმომადგენლები.