“რამდენიმე თვის წინ, facebook-ზე უფროსმა მამაკაცმა მომწერა სექსუალური ხასიათის შეტყობინება, პირველად პასუხი რომ დავუბრუნე, შემდეგ იმით მაშინებდა, რომ ჩემს მშობლებს ეტყოდა.. რამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ ვხვდები მაინცდამაინც ჩემთან რატომ გაუჩნდა ურთიერთობის სურვილი, არასწორად ვიქცეოდი?, რამე არასწორად გავაკეთე?“– 14 წლის გოგონა, გორიდან.
“მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ჩემი ფოტოების გაგზავნას მთხოვდა, დედას ვუთხარი და პოლიციაში ვუჩივლეთ. თავს იმართლებდა, ვითომ ფიტნეს ინსტრუქტორი იყო და შესაბამისი კვების რაციონისა და სავარჯიშო პროგრამის შედგენისთვის მთხოვდა ფოტოების გაგზავნას“,– 16 წლის გოგონა წეროვანიდან.
2021 წელს ასოციაცია „HERA XXI“-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ახალგაზრდებში აჩვენა, რომ მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერზე დაფუძნებული ძალადობისა და უსაფრთხო სივრცის შესახებ ინფორმაცია მწირია და დგას ცნობიერების ასამაღლებელი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების საჭიროება. ამ მიზნით, ასოციაცია ხშირად მართავს შეხვედრებს რეგიონებში, მოზარდ-ახალგაზრდების თითშეგნების ამაღლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ქცევასთან დაკავშირებით.
სწორედ ასეთი ღონისძიებებისას გვიზიარებენ მოზარდ-ახალაგზრდები თავიაანთ პირად ისტორიებს. შეხვედრებზე მოზარდები და ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ თავს თავისუფლად გრძნობენ, უპრობლემოდ გვესაუბრებიან პირად თემებზე, ეს კი იმ სტიგმისგან თავისუფალი, ღია და სანდო გარემოს დამსაახურებაა, რომელსაც ჩვენი შეხვედრებისას ვუქმნით მონაწლეებს. ისინი გვენდობიან და ჩვენში იმ უფროს ადამიანებს ხედავენ, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
XXI საუკუნეში მოზარდ-ახალაგზრდების უმეტესობა დროს დიდ ნაწილს სოციალურ ქსელებში ატარებს. მართალია, ინტერნეტი და სხვადასხვა სოციალური არხები გვიმარტივებს ცხოვრებას, უმოკლეს დროში შესაძლებელია დაუკავშირდე ადამიანს მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში, მოიძიო შენთვის სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, მიიღო განათლება, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს უდიდესი საფრთხე, როგორიცაა კიბერ-ბულინგი, პირადი მონაცემების გაჟონვის საშიშროება, სექსუალური ხასიათის შეტყობინებები. სამწუხაროდ, მოზარდ-ახალგაზრდები აღნიშნულ საკითხებზე ვერ ესაუბრებიან მშობლებსა და მასწავლებლებს. არ იციან რას გულისხმობს და როგორ დაიცვან პირადი სივრცე, სკოლებში არ არის ინტეგრირებული სექსუალური განათლება, რომელიც ინტერპერსონალური კომუნიკაციის საშუალება იძლევა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა დაგვიკავშირდით, ცხელი ხაზის ნომერზე და მიიღეთ იურისტის უფასო კონსულტაცია, კონფიდენციალურად-032 20 11 221
ანი ჯაბახიძე
ასოციაცია ,”HERA XXI”-ის ახალგაზრდული მუშაკი