“კანონის (“გამჭვირვალობის შესახებ”) მირება ქმნის რისკს გაძლიერდეს მთავრობის კონტროლი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას, ქვეყანაში განსხვავებული აზრის დასაძლევად,” -ასე ეხმაურება შვედური ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებების დამცველები” საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს/სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას გადამწყვეტი როლი აქვს საქართველოს მომავლის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონით და იმ გავლენებით, რაც შესაძლოა აისახოს ს საქართველოს ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ ვდგავართ ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის.
კანონი ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ისინი აკეთებენ. კანონი ასევე აფერხებს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ახალი კანონი მოითხოვს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ ცალკე რეესტრში. კანონი ასევე უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს გამოიძიოს და მონიტორინგი გაუწიოს იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ისინი თვლიან უცხოური გავლენის აგენტებად. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მოთხოვნას. გარდა ამისა, ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მომსახურებას, როგორიცაა თავშესაფრები გენდერული ძალადობის მსხვერპლებისთვის ან ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა. ამ კანონის განხორციელებით საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საჭირო პროცესების განვითარებას, არამედ ართულებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს.
გასული კვირის განმავლობაში მიდინარეობდა მასიური მშვიდობიანი პროტესტი, რაც კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მზარდი კამპანიის მიუხედავად მაინც გაგრძელდა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონით და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის. საქართველოში აქტიური სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”, -წერია შვედური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.