პოლიტიკა საქართველოს საგარეო კურსი, დასავლეთის დისკრედიტაციის ფონზე – რა განზრახვა აქვს რუსეთს?

საქართველოს საგარეო კურსი, დასავლეთის დისკრედიტაციის ფონზე – რა განზრახვა აქვს რუსეთს?

metalab.ge

საქართველოში არსებული პრორუსული და ანტიდასავლური ძალების დეზინფორმაციული კამპანიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ობიექტს უკვე მრავალი წელია ევროკავშირი წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროალტალნტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ, ევროპის კავშირსა და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამ დროს კი საქართველოში რუსული პროპაგანდის ამოცანა მოსახლეობაში ევროკავშირისადმი უარყოფითი განწყობების გაღვივებაა, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილება და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმაა.

საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობების ფორმირებისთვის პროპაგანდისტული წყაროები ევროკავშირის დისკრედიტაციას ეწევიან და მასთან დაკავშირებით უსაფუძვლო შიშების დანერგვას ცდილობენ. ანტიდასავლური პროპაგანდა განსაკუთრებულ აქცენტს ფასეულობებსა და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებზე აკეთებს. ანტიდასავლური წყაროები ცდილობენ ქართული და ევროპული კულტურების შეუსაბამობის ჩვენებას მცდარი და არასწორი არგუმენტით, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში მართლმადიდებლობასა და ტრადიციებს ებრძვის. პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია მოქალაქეებს აქტიურად არწმუნებს, რომ დასავლეთში ინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოს სხვადასხვა პირობაზე, მათ შორის – ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდაზე დათანხმებას სთხოვენ.

ანტიდასავლური წყაროების თანახმად, საქართველოსთვის „მიუღებელი“ დასავლური ღირებულებების დამკვიდრების ერთ-ერთი მექანიზმი უცხოეთიდან თავსმოხვეული დასავლური ტიპის განათლების სისტემაა, ასევე არასამთავრობო სექტორი და მედია. რაც შეეხება სხვა პირობებს, პროპაგანდის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოსთვის ისეთი „მავნებლური“ კანონების თავს მოხვევაში ადანაშაულებდნენ, როგორებიცაა: „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, „იუვენალური იუსტიციის კანონი“ (ბავშვთა უფლებათა კოდექსი), რომელიც თითქოს ოჯახებს ბავშვებს ართმევს და ა.შ.

მეორეს მხრივ ანტიდასავლური წყაროები რუსეთსა და მის პრეზიდენტს ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენდნენ. შესაბამისად ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის ფასეულობების მიუღებლობის გამო, საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის უნდა გადაეხედა.

პრორუსული პროპაგანდა ევროკავშირთან დაკავშირებით ნიჰილიზმის გაღვივებასაც ცდილობდა და ამტკიცებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არარეალურობას. დეზინფორმაციის თანახმად, ევროკავშირისკენ სწრაფვამ, რომელშიც კრემლისგან მართული ჯგუფების მტკიცებით, გაწევრიანების რეალური პერსპექტივა საქართველოს არ აქვს, ქვეყანა კი არ განავითარა, პირიქით – დაასუსტა. კონკრეტული მტკიცებები განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ანტიდასავლური პროპაგანდა ევროპასა და საქართველოში მიგრაციის საფრთხეებზე აქტიურად წერდა. ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი ევროპაში კრიმინოგენული სურათის გაუარესებაზე კეთდებოდა; რაშიც დასავლეთში არსებული მულტიკულტურალიზმი და მიგრანტების სიმრავლე სახელდებოდა. მიგრანტების შესახებ, პროპაგანდით ევროკავშირის დისკრედიტაციას თან სდევდა გზავნილები, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიგრანტების მასობრივი შემოსვლა მოჰყვება. ასევე პრორუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციას ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების თემასტანაც აკავშირებდა და მცდარ დილემას აყენებდა. დეზინფორმაციის თანახმად, აფხაზები და ოსები, ცხოვრებას ევროპული სტილის საქართველოსა და ევროკავშირში არ მოინდომებენ. ამიტომ საქართველომ, ევროპული ინტეგრაციის კურსი უნდა შეცვალოს და გეზი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანტიდასავლური წყაროები აცხადებდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოს სწორედ დასავლეთი უშლის ხელს. ანტიდასავლური პროპაგანდა ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირს სარგებელი არ მოაქვს. კონკრეტულად კი ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დისკრედიტაციას ეწევა და არაფრისმომცემად, დამაზარალებლად და უფლებების შემზრღუდავად ახასიათებდა.

საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციული ნარატივები 2022 წლის მარტიდან საგრძნობლად გააქტიურდა, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირის წევრობაზე საქართველომ განაცხადი შეიტანა და ამ განაცხადის საფუძველზე ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარი გადაეცა. პრორუსულმა ჯგუფებმა განსაკუთრებულად აიტაცეს გზავნილი, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა აუცილებელი. აღნიშნული ყალბი ნარატივი გრძელდება დღესაც.

ანტიდასავლუად და პრორუსულად განწყობილი აქტორები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, რასაც ბუნებრივია არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და ეს ცნობილი შეთქმულების თეორიაა. ეს ვეროკავშირის წარმომადგენლებმაც არერთხელ უარყვეს. მეტიც, ევროკავშირი საქართველოში მშვიდობას უწყობს ხელს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით, ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებტან დაკავშირებით ნდობის აღდგენის ღონისძიებებს.

მიუხედავად ამისა, რუსული პროპაგანდა დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს ევროკავშირი (რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში მშვიდობის მხარდამჭერი პროექტია), ომის მოსურნედ წარმოაჩინოს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის და ფაქტების მანიპულაციის შესახებ, სადაც მსოფლიოს მასშტაბით მთავარ დეზინფორმატორად რუსეთია მიჩნეული.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.