გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. მანამდე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, “სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ “მოწყობის“ ცალმხრივი სამუშაოების შესახებ.
“ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ხელჩუას დასახლებული პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 700 მ სიგრძის მონაკვეთზე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება რესპუბლიკის კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული ნორმებით და მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვრისკენ უკანონო გადაადგილების ლოკალიზებას. ამ ასპექტებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეული პირების მოქმედება, რომელთა ინტერესშიცაა კონტრაბანდისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომლებიც აფერხებენ რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.