პოლიტიკა რუსეთს ბლიცკრიგის ტაქტიკა არ გამოუყენებია და არც აქვს ამის გამოცდილება – გიორგი თავდგირიძე

რუსეთს ბლიცკრიგის ტაქტიკა არ გამოუყენებია და არც აქვს ამის გამოცდილება – გიორგი თავდგირიძე

metalab.ge

რუსეთ უკრაინის ომი. იყო თუ არა ბლიცკრიგის მცდელობა?

სამწუხაროა, რომ ქართველი სამხედრო ექსპერტები იყენებენ ტერმინს ბლიცკრიგს ისე, რომ ვერ ერკვევიან ამ ტერმინის მნიშვნელობაში. არადა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ რუსებს დაგეგმილი ჰქონდათ თუ არა ბლიცკრიგის ტაქტიკის გამოყენება ( ან იყო თუ არა ომის წარმოების მათი სტრატეგია დაფუძნებული ბლიცკრიგის ინსტრუმენტებზე). ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბლიცკრიგის ჩავარდნა, ზოგადად არ ნიშნავს, რომ მხარე რომელიც ცდილობდა ამ სტრატეგიის გამოყენებას, ვერ მოახერხებს ომის ჩვეულ რეჟიმში გადაყვანას და წარმატებით გაგრძელებას.

დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ეს არ არის სამხედრო ტერმინი და ის პოსტ-ფაქტუმ იქნა გამოყენებული ჟურნალისტების და შემდგომ მკვლევარების მიერ რამდენიმე ტიპოლოგიურად მსგავსი მასშტაბური ოპერაციის აღსაწერად, რომელიც ერთი ომის ( მეორე მსოფლიო) ფარგლებში განხორციელდა წარმატებით და რამდენიმე სახელმწიფოს განადგურებით ან ომიდან ჩამოშორებით დამთავრდა. მკვლევარებმა ასევე წარმატებით გააგრძელეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ შლიფენის გეგმაც (პირველი მსოფლიო ომი) ომის სწრაფ დამთავრებაზე იყო ორიენტირებული, ანუ გერმანიას მანამდე უნდა გაენადგურებინა საფრანგეთი, სანამ ის მობილიზაციას დაასრულებდა. თუმცა აქვე დასძენენ, რომ შლიფენს არ გააჩნდა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც იყო ტანკები, მოიერიშე ავიაცია და თვითმავალი არტილერია. ამ შემთხვევაში რატომ იყო შლიფენის გეგმა ბლიცკრიგის ტაქტიკა გაუგებარია. სამაგიეროდ გერმანელმა გენერალმა ჰაინც გუდერიანმა კარგად ისარგებლა ფრანგი გენერალი ფოშის თეორიული ნაშრომებით, ჩაატარა რამდენიმე სწავლება ტანკის მუყაოს მაკეტებით, გააკეთა ზედმიწევნით ზუსტი გათვლები პრაქტიკული ტაქტიკისთვის და შექმნა ტანკების ოპერატიული ( და ირიბად სტრატეგიული) მიზნებისათვის გამოყენების ხედვა. რომელიც გაზიარებული და გამოყენებული იქნა გერმანიის არმიაში ( შეკვეთილი და შესყიდული იქნა შესაბამისი ტექნიკა, დამტკიცდა ხედვაზე მორგებული სტრუქტურები და შტატები, შემუშავდა მითითებები და წესდებები და რაც მთავარია ჩატარდა საშტაბო სწავლებები და დიდი ოპერატიული თამაშები ).

გუდერიანის ხედვის სისწორე პრაქტიკაში გამოჩნდა პოლონეთში, მაგრამ დაიხვეწა და მაღალი გემოვნების ტაქტიკად იქცა გენერალ მანშტაინის საფრანგეთის ოპერაციის ოპერატიულ გეგმასა და გენერალ კლაისტის სატანკო დაჯგუფების ( 5 სატანკო დივიზიის შემადგენლობით) წარმატებულ ბრძოლების შემდეგ.

საბჭოთაკავშირის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა „ბარბაროსას“ შემუშავების დროს, გენერალი პაულუსი (ის, რომელიც სტალინგრადთან ტყვედ ჩავარდა ჰიტლერის ხუშტურების გამო) მთლიანად ეყრდნობოდა გუდერიან-მანშტაინ-კლაისტის ტაქტიკურ გემოვნებასა და ოპერატიულ ხელოვნებაში მიღწევებს.

რაში მდგომარეობს „ბლიცკრიგის ტაქტიკად“ წოდებული მოქმედებების არსი:

  • ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ სწრაფად და დღეების, კვირების, რამდენიმე თვის განმავლობაში ანადგურებენ მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს და მოწინააღმდეგე სახელმწიფო ან წყვეტს არსებობას ან კაპიტულაციას აცხადებს ომის გასაგრძელებლად ჯარის არარსებობის გამო. დააკვირდით, ანადგურებს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებს!!! არც დედაქალაქის დაკავება, არც მთავრობის განადგურება, არც მოსახლეობის ჟლეტა, არც ეკონომიკის ჩამოშლა არაფერი მსგავსი არც მიზანია და არც მიზნის მიღწევის გზა!!! ყველა მეტნაკლებად წარმატებული სამხედრო თეორიული სკოლა თანხმდება (ძველათაც, ახლაც და მომავალშიც) რომ არანაირი გრავიტაციის ცენტრები და ირიბი მოქმედებები, ომში გამარჯვების უმარტივესი და უმოკლესი გზა არის მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურება ( აი ამის გასაადვილებლად კი არის უამრავი წარმატებული, ეფექტური და არც თუ ისე ხერხები, ილეთები, მზაკვრობები და ეშმაკობანი).

  • ომის სწრაფი დასრულების (ბლიცკრიგის) სტრატეგიის რეალიზებისათვის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ შემდეგნაირად: იქმნება მსხვილი სატანკო დაჯგუფებები (ბარბაროსა ითვალისწინებდა სამ მიმართულებაზე ოთხი დაჯგუფების არსებობას), რომლებიც მოწინააღმდეგის დაცვას არღვევს ვიწრო მონაკვეთში, ღრმად იჭრება მოწინააღმდეგის ზურგში, ისე რომ არ აგდებს წინსვლის ტემპს, ალყაში აქცევს მოწინააღმდეგის მთლიან დაჯგუფებას და ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს შეტევას ტემპის დაუგდებლად, შემდგომი ოპერატიულ სივრცის სიღრმეში, ხოლო ალყაში მოქცეულ მოწინააღმდეგეს ანადგურებს შედარებით ნაკლებად მობილური ქვედანაყოფები. 1941 წელს, ამ ტაქტიკის გამოყენებით, უკვე აგვისტოს ბოლოსთვის ( სამ თვეში) განადგურებული იყო საბჭოთა კავშირის მთელი რეგულარული არმია, მათ შორის ტყვედ იქნა აყვანილი 4.5 მილიონი წითელარმიელი. აქაც მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, ბლიცკრიგის ტაქტიკა არის ოპერატიული სივრცეების გამოყენებით, შემოვლითი დარტყმების განხორციელება, მოწინააღმდეგის მსხვილი შენაერთებისა და დაჯგუფებების ჯერ ალყაში მოსაქცევად და შემდეგ ადვილად გასანადგურებლად. ამ ტაქტიკას ახასიათების შეტევის მაღალი ინტენსივობა (პაუზების გარეშე) და წინსვლის მაღალი სიჩქარე აქტიურ ფაზაში დღეში 36 კმ, საშუალოდ 26-28 კმ დღეში (თუმცა ეს შემდეგ გაზომილია და არც ერთი მხედართმმთავარი წამზომით არ ზომავდა გადაადგილების სიჩქარეს). ქალაქების დაკავება ხდებოდა მისი გარშემოვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ან თუ ეს არ აგდებდა შეტევის ტემპს.

ახლა მოვუბრუნდეთ რუსეთ-უკრაინის ომს. ის რომ რუსეთი ვერ გამოიყენებდა ე.წ. ბლიცკრიგის ტაქტიკას ეს საქმეში ჩახედულმა სამხედროებმა ისედაც ვიცოდით, რაკი ამ ტაქტიკას ოფიცერთა მაღალი ტაქტიკური განსწავლულობა და მეთაურების მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი სჭირდება. თანაც რუსებს არ აქვთ ასე მოქმედების გამოცდილება, არც მეორე მსოფლიო ომში უცდიათ. ამასთანავე, უკრაინის მთელ საზღვრის გასწვრივ მიმოფანტული ქვედანაყოფებიც ამის მანიშნებელი იყო, რომ გარღვევის სატანკო დაჯგუფება არ იქმნებოდა და არც ბლიცკრიგი შედგებოდა.

რაკი რუსეთ-უკრაინის ომი ხასიათდება, რუსეთის მხრიდან ტერიტორიების, მათ შორის ქალაქების ეტაპობრივი დაკავების ოპერაციებით, ამასთანავე მთავარი სამიზნე არის უკრაინის დედაქალაქის დაკავება და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება, რუსეთს არ კი უფიქრია კლასიკური ბლიცკრიგის სტრატეგიის გამოყენება, თუ უფიქრია, ჩვენს სამხედრო ექსპერტების დონეზე ცოდნია რა არის ბლიცკრიგის სტრატეგია. ასევე არ ჩანს ტაქტიკურ დონეზე “ბლიცკრიგის“ ტაქტიკა, არც ერთი შემოვლითი ოპერაცია, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ( ოცეულის და ასეულის დონეს არ ვგულისხმობ)ალყაში მოსაქცევად და გასანადგურებლად, თუნდაც უშედეგოდ დამთავრებული 16 დღის განმავლობაში არ გვინახავს.

დასკვნა: რუსეთს ბლიცკრიგი კი არ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელიც არ გამოუვიდა და ახლა უკრაინის მეთოდური განადგურების ტაქტიკაზე კი არ გადავიდა, არამედ რა გეგმაც ჰქონდა და რაც ტაქტიკა გამოიყენა ის წარუმატებელი აღმოჩნდა აღსრულების დონეზე. რაც არ გამოუვიდა დარტყმის პირველ პერიოდში (ყველაზე ხელსაყრელში) აღარ გამოუვა აღარცერთ ეტაპზე. სხვა ტაქტიკას რუსეთის არმია არ იცნობს და წარმატების მისაღწევად მას სჭირდება იმაზე დიდი სამხედრო დაჯგუფების შექმნა, რომელიც მას ყავდა 24 თებერვალს. ეს კი ფანტასტიკის სფეროა, არაფრისგან რაღაცის შექმნის მაგიას რუსეთი არ ფლობს, ხოლო დამატებით ძალების მოსაძიებლად მას სჭირდება ქვეყნის სამხედრო რელსებზე გადაყვანა, მდიდარი მოკავშირეების მოძიება, მობილიზაციის გამოცხადება და ახალი ოპერაციის გეგმის შედგენა. სხვა შემთხვევაში, უკრაინის ხორცსაკეპი ადვილად გადაამუშავებს პორცია-პორციად გადასროლილ სამხედრო ქვედანაყოფებს თუ დაქირავებულ ბოევიკებს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.