ავტორი: ნინო ჩიბჩიური
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა გაერთიანებული სამეფოს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას თქვა, რომ დადგება მომენტი, როდესაც სამუშაო არ იქნება საჭირო. მილიარდელს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაფრის ჩანაცვლებას შეძლებს.
მასკთან ერთად სამუშაო ადგილების მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე დღეს უკვე ბევრი მეცნიერი საუბრობს. მათი ვარაუდით, უახლოეს მომავალში AI დაახლოებით 300 მილიონი სამუშაო ადგილის ავტომატიზაციას შეძლებს. პირველი ინდუსტრია, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს მომავალში უდიდესი გავლენის მოხდენა შეეძლება – მედია და მარკეტინგია. არსებული პროგნოზების მიხედვით, 15 წლის შემდეგ ახალი ამბების 90%-ს სწორედ ხელოვნური ინტელექტი დაწერს, AI – ის გამოყენებით უკვე შექმნეს ახალი ამბების ვირტუალური წამყვანები. ინფორმაციის გადამუშავებისა და შექმნის პროცესში საკუთარ ბოტებს იყენებენ The Washington Post-ი, BBC-ი, Reuters-ი, The Associated Press-ი, Bloomberg-ი, The New York Times-ი, The Wall Street Journal-ი, The Times-ი და სხვა.
Reuters Institute-ის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, გამოკითხული 200 ტოპ რედაქტორიდან და ხელმძღვანელიდან 3/4-ზე მეტი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
კიდევ რას შეიძლება ველოდოთ AI-სგან ჟურნალისტიკაში, უახლოეს მომავალში და რა შესაძლებლობებსა თუ გამოწვევებს უქმნის ის ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს და აუდიტორიას? – ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, დღევანდელ ციფრულ ტექნოლოგიურ ეპოქაში, ერთხელ მაინც უფიქრია.
მსგავსი ფაქტების ფონზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გამიზნულია ჟურნალისტების ადამიანური რესურსის ჩანაცვლებისთვის. პირიქით, ამ გამოწვევის შესაძლებლობად გარდაქმნა უნდა მოვახდინოთ პროფესიონალიზმის გასაძლიერებლად. ახალ რეალობაში ეს გულისხმობს დროის დაზოგვას, ხარისხის გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის გაზრდას, წვდომის გაფართოებასა და ამა თუ იმ მედია პროდუქტის შინაარსის დივერსიფიკაციას.
ამდენად, ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკის დასასრული კი არა, ახალი ეპოქის დასაწყისია, სადაც ჟურნალისტიკამ, (ისევე როგორც არაერთმა სხვა პროფესიამ), ხელახლა უნდა დაიმკვიდროს თავი, მოერგოს და განვითარდეს თავისი არსის, მიზნისა და ღირებულების დაკარგვის გარეშე. ეპოქა, რომელშიც ჟურნალისტიკამ უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, რათა უკეთ ემსახუროს საზოგადოებას და დემოკრატიულ პრინციპებს.
ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე თუ შესაძლებლობა?
AI ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან გულისხმობს ცვლილებებს ჟურნალისტურ პრაქტიკაში, ნორმებსა და ღირებულებებში. AI ჟურნალისტებისგან ახალი უნარების განვითარებას მოითხოვს, როგორიცაა მონაცემთა წიგნიერება, პროგრამირება, ვიზუალიზაცია, ამბის ეფექტური თხრობა და სხვა.
აქვე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კრიტიკულად და პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს, მიკერძოების, შეცდომების, მანიპულირების ან შეურაცხყოფის რისკის თავიდან აცილების გათვალისწინებით.
ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად უნდა იქცეს და არა ჰიპერ ოპერატიულ კონკურენტად, რადგან მედიის წარმომადგენლებს ის დაეხმარება რუტინული, დამღლელი ან რთული ამოცანების შესრულებაში, როგორიცაა მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ფაქტების შემოწმება, მასალის გადაწერა, სათაურების ან რეზიუმეების გენერირება და სრული ისტორიების ჩამოყალიბება.
AI შესაბამის წყაროებზე წვდომის უნარით, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას , მრავალფეროვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. როგორიცაა სოციალური ქსელები, საჯარო დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები და სხვა.
AI გამოწვევას წარმოადგენს მედიასაშუალებებისთვის, როგორც ბიზნესისთვის, რადგან ის მოიცავს ცვლილებებს ორგანიზაციულ სტრუქტურებში, სარედაქციო სტრატეგიებსა და აუდიტორიასთან ურთიერთობაში. მედიასაშუალებებსაც მოუწევთ ხელახლა განსაზღვრონ საკუთარი როლი, მისია და იდენტობა და გააძლიერონ პროფესიონალიზმი და სანდოობა საზოგადოებაში.
მიუხედავად იმისა, მედია სფეროშიც არსებობს სამუშაო ადგილების ტრანსფორმაციის საფრთხე, ჟურნალისტიკის მომავალი მაინც AI-თან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არა კონკურენციაზე. კონკრეტულად კი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს როგორც მოკავშირე, ისე საფრთხე ჟურნალისტიკისთვის. ეს დამოკიდებულია მისთვის მინიჭებულ მიზნებზე, საშუალებებსა და დანიშნულებაზე.
საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები, რომლებიც გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, ფეხს აუწყობენ თანამედროვე გამოწვევებს და პარალელურად დაიცავენ პროფესიის ძირითად ღირებულებებს, მომავალი წლების განმავლობაშიც შეძლებენ მედია ლანდშაფტის ჩამოყალიბებას და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას – მეტი სიზუსტით, მრავალფეროვანი წყაროებითა და უფრო ოპერატიული რეჟიმით.
მედია ხელოვნური ინტელექტის განვითარების პიროებებში, აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე გვახსოვს. ამ სფეროსთვის მთავარ გამოწვევად, მაინც მისი ავთენტურობის შენარჩუნობა რჩება, AI – ის გამოყენებით შექმნილი ზღვა მანიპულაციების (deepfake, Fake news …) ფონზე.