საინფორმაციო სივრცეში პრორუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებამ საგრძნობლად მოიმატა. კრემლის ჰიბრიდულ არსენალში დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომლის გამოყენებითაც ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სასურველი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი სატესტო პლაცდარმი აღმოჩნდა, სადაც რუსეთმა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები გამოსცადა. სხვადასხვა მედიისა თუ ინტერესთა ჯგუფის გამოყენებით, რუსეთი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოს მიერ დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო კურსსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ეროზიაზე აკეთებს. აღნიშნულით კი, საბოლოო ჯამში, საქართველოში ღიად პრორუსული (ან მინიმუმ ნაკლებად ანტირუსული) პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის რუსულ გავლენის სფეროში დაბრუნებას ისახავს მიზნად.
“საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში Zink Network-ისა და CRRC-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას დეზინფორმაცია მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია, თუმცა არ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება ის.
დეზინფორმაცია გულისხმობს როგორც მცდარ, ასევე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც იქმნება, ქვეყნდება და ვრცელდება მიზანმიმართულად, რათა საზოგადოებრივი ზიანი გამოიწვიოს და სამიზნე აუდიტორიაში გაურკვევლობა და დაბნეულობა დანერგოს. ამასთან, დეზინფორმაციის მიზანი შესაძლოა იყოს სამიზნე აუდიტორიის ქცევების, განწყობებისა თუ შეხედულებების ცვლილება. თუმცა, მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში, დეზინფორმაცია ცდილობს, მოქალაქეების ცნობიერებაში ეჭვები და დაბნეულობა გააჩინოს. როგორც წესი, დეზინფორმაცია არის პოლიტიკურად მოტივირებული გზავნილები, ცალსახად – მხოლოდ ყალბ ამბებთან.
პროპაგანდა კი პოლიტიკური მიზნით, ინფორმაციის სელექციურად შერჩევას მოიცავს და მიზნად ისახავს ადამიანის დარწმუნებას, მის აზრებზე, ქცევაზე, ემოციებსა და დამოკიდებულებებზე ზეგავლენის მოხდენას და ცდილობს მისი “არჩევანის განსაზღვრას”, მათ შორის, სიმართლის გაზვიადებით ან დაფარული მესიჯებით.
ხოლო ყალბი ამბავი არის ცალკე აღებული ამბავი (განსხვავებით დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, რომლებიც უფრო მასშტაბურ და განგრძობით პროცესს უკავშირდება), რომელიც შეცდომაში შემყვან ინფორმაციას მოიცავს. ის შესაძლოა სრულად გამოგონილიც იყოს ან ნამდვილ ამბავს შეიცავდეს, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილადაა წარმოდგენილი, გაზვიადებულია და საერთო ჯამში, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინებმა დეზინფორმაცია და პროპაგანდა აქტუალურობა ფართო საზოგადოებისთვის ბოლო წლებში შეიძინა, ისინი ახალ ფენომენს სულაც არ წარმოადგენენ.
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის უძველესი მაგალითები ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გვხვდება. ძველ საბერძნეთში პროპაგადისთვის აქტიურად იყენებდნენ თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა მოსახლეობაში გავრცელებული პრაქტიკა იყო, რომ სცენარისტები შეკვეთილ თეატრალურ სცენარებს ფულის სანაცვლოდ წერდნენ.
რომში, ასევე აქტიურად იყენებდნენ მონეტებს სხვადასხვა პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად. ვინაიდან მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა, მონეტები ინფორმაციის გადასაცემად ეფექტური საშუალება იყო. იყო შემთხვევები როდესაც მონეტები მოწინააღმდეგის იმიჯის დასაზიანებლადაც გამოიყენებოდა.
უახლესი ისტორიიდან კარგადაა ცნობილი ნაცისტური გერმანიისა თუ საბჭოთა კავშირის პროპაგანდა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნაცისტური გერმანია აქტიურად იყენებდა პროპაგანდას, რომლის მეშვეობითაც ანტისემიტური პროპაგანდა მტრის ხატებს ქმნიდა და ებრაელებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ სასტიკ პოლიტიკას ამართლებდა.
ანალოგიურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდაც, რომელიც მოსახლეობას კვებავდა ტყუილებით, მალავდა რეალურ ფაქტებს, ქმნიდა პიროვნების კულტს, ერთადერთ ჭეშმარიტებად საბჭოთა კომუნისტურ იდეოლოგიას წარმოაჩენდა და ფართომასშტაბიან რეპრესიებს მიმართავდა. ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი ასევე აქტიურად იყენებდა დეზინფორმაციას დასავლეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად.
საბჭოთა კავშირი პროპაგანდას საერთაშორისო დონეზე აქტიურად იყენებდა და ამისთვის, უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა იყო შექმნილი. ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ოპერაცია უკავშირდება 1985 წელს დაწყებულ დეზინფორმაციის კამპანიას შიდსის შესახებ, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს აივ ინფექცია აშშ-ის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი იყო. აღნიშნული კამპანია ოპერაცია “INFEKTION-ის” სახელით არის ცნობილი. 1992 წელს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა, აღიარა, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიაში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი (KGB) მონაწილეობდა.
თანამედროვე მსოფლიოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებმა ხელახალი აქტუალობა 2014 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიძინა. უკრაინის შემდეგ, რუსეთი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმებში, ევროპარლამენტის არჩევნებისა და მრავალი ევროპული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერია.
გამონაკლისი არც საქართველოა. უფრო მეტიც, საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა და სატესტო პლაცდარმი იყო, სადაც რუსეთმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო. მაგალითად, 2005-2008 წლის პერიოდში, კრემლი აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას და ნიადაგს ამზადებდა საქართველოში შემოჭრის გასამართლებლად.
მიუხედავად ბოლო პერიოდში მომძლავრებული დეზინფორმაციული კამპანიისა (როდესაც მათი შემქმნელები და გამავრცელებლები ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ისტორიულ არჩევანზე გავლენა მოახდინონ და ევროპა არა სასურველ მომავლად), არამედ მტრად წარმოგვიჩინონ. თუმცა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ტყუვდება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.