საზოგადოება როგორ გავაშუქოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში? – უცხოელი კოლეგებისთვის რეკომენდაციები ვრცელდება

როგორ გავაშუქოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში? – უცხოელი კოლეგებისთვის რეკომენდაციები ვრცელდება

metalab.ge

როგორ (არ) უნდა გავაშუქოთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და განვითარებული მოვლენები – ამის შესახებ უკრაინაში მომუშავე მედიაორგანიზაციები, რეპორტიორები და კომუნიკაციების სპეციალისტები ერთობლივად შემუშავებულ რეკომენდაციებს ავრცელებენ და უცხოელ კოლეგებს მათ გათვალისწინებას სთხოვენ.

დოკუმენტი 24 თებერვლიდან დღემდე არსებული ვითარების მიმოხილვით იწყება და ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ რუსეთის ძალების მხრიდან, განხორციელებულ სადამსჯელო ფაქტებს ასახავს. უკრაინაში მომუშავე ორგანიზაციები და მედიამენეჯერები თვლიან, რომ ასეთ გარემოში რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები განსაკუთრებით არიან გააქტიურებულები და ფაქტების დამახინჯებით, ფართომასშტაბიანი ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

სარეკომენდაციო ტექსტში მთავარი აქცენტი ომის გაშუქებისას გამოყენებულ ტერმინოლოგიაზეა გაკეთებული.

“ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა შემდეგი ტერმინების გამოყენება: “კრიზისი“, “კონფლიქტი“, „სამხედრო ოპერაცია“, ასევე „უკრაინის კრიზისი“ ან „უკრაინის კონფლიქტი“. ეს არის სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომი უკრაინაში. გთხოვთ, სწორად მიუთითოთ რუსეთის როლი ომში შემდეგი ფორმულირებით : „რუსეთის ომი უკრაინაში“ ან/და „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, განსაკუთრებით ტიტრებში, სათაურებში, ლიდებსა და ჰეშთეგებში.“- წერია დოკუმენტში

ფრაზა “პუტინის ომი”

რეკომენდაციებში ასევე ითხოვენ, რომ ჟურნალისტებმა ამ ომის გაშუქებისას ზედმეტად არ გამოიყენონ ფრაზა “პუტინის ომი“, რადგან მათი აზრით, არსებობს იმის დაჯერების ცდუნება, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის გამო დაიწყო. რამდენიმე გამოკითხვა/კვლევა კი დოკუმენტის ავტორთა ცნობით, განსხვავებულ სურათს აჩვენებს. კერძოდ, კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ჩუმად მყოფი რუსების უმრავლესობა (დაახლოებით 60%) მხარს უჭერს ომს.

“ომის პირველ კვირას რუსეთში პუტინისადმი საზოგადოების მხარდაჭერა 60-დან 71%-მდე გაიზარდა. ადგილზე მყოფი რუსი ჯარისკაცები კი ისვრიან რაკეტებს, ბომბებს და მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ კლავენ. ბევრ მათგანს არ აქვს წვდომა ფაქტებთან და დამოუკიდებელ მედიასთან, მაგრამ ეს მათ პასუხისმგებლობას არ ართმევს”, – ფიქრობენ რეკომენდაციის ტექსტის ავტორები.

რეკომენდაციებში საუბარია 2014 წლის ფსევდორეფერენდუმებზეც ყირიმსა და დონეცკის, ასევე ლუგანსკის ოლქებში, რასაც ავტორთა თქმით, ხშირად რუსული სამხედრო აგრესიის ახსნად გამოყენებენ. მათი შეფასებით, ეს შეცდომაში შემყვანია და განმარტავენ, რომ 2014 წელს, ყირიმის ტერიტორიები, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილები, ანექსირებული და ოკუპირებულ იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, საერთაშორისო სამართლის ცალსახად დარღვევით.

უკრაინიდან გავრცელებული რეკომენდაციები ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე და შემდეგ ვიდეოში:

664 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.