როგორ აისახება დეზინფორმაცია/პროპაგანდა საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე„გაიმეორე ტყუილი საკმარისად ხშირად და ის გახდება სიმართლე’’ – ჯერ კიდევ გასული საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი, გებელსი, ასე აღწერდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენას საზოგდოებაზე, რაც თანამედროვეობაშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დეზინფორმაცია და პროპაგანდა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკურ პროცესებზე და სოციალურ სტაბილურობაზე. ინფორმაციული ომი და მიზანმიმართული ყალბი ამბები იარაღად გამოიყენება, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები და დაინტერესებული პირები, ცდილობენ გავლენის მოპოვებასა და სარედაქციო პოლიტიკის მართვას. საქართველოსთვის ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია, როგორც რეგიონული კონფლიქტების, ასევე გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.
დეზინფორმაციის განსაზღვრება და მიზნები
დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სპეციალური მიზნებისთვის, მაგალითად:
საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის: მედიასაშუალებებით და სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაცია ხშირად მიმართულია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისკენ, რაც იწვევს განხეთქილებას და არეულობას.
პოლიტიკური მიზნებისთვის: დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა დაპირისპირება და არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში ან შესაძლოა, პროპაგანდას ჰქონდეს გლობლური ხასიათი და რეგიონში კონფლიქტის გაღვივებას ისახავდეს მიზნად.
ეკონომიკური ზიანისთვის: დეზინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური ზიანის მიყენებისთვის, რათა კონკრეტული სამიზნე ფინანსური ბაზრები და კომპანიები დაზარალდნენ.
XXI საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარების პროპორციულად, იზრდება დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობაც, რამდენიმე ათწლეულის წინ თუ ჟურნალ-გაზეთები ახალი ამბების გავრცელების ერთადერთი საშუალება იყო, დღეს სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ:
სოციალური მედია პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Twitter და Instagram, tik-tok და ა.შ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დეზინფორმაციის გავრცელებაში. მაგალითად, 2023 წლის მონაცემებით, მაგალითად, Facebook-ზე ყოველდღიურად 2.1 მილიარდი მომხმარებელი აქტიურობს, რაც მას ეფექტურ ინსტრუმენტად აქცევს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის
ტრადიციული მედია: ტელევიზია, რადიო და პრინტმედია ასევე გამოიყენება დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მედიასაშუალებები კონტროლირებულია ან გავლენის ქვეშაა.
ბოტები და ფეიქ ნიუსი: ავტომატიზებული ანგარიშები და ყალბი ახალი ამბები ხშირად გამოიყენება ონლაინ პლატფორმებზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მსგავსი ახალი ამბები გამოირჩევიან ყურადღების მიმქცევი სათაურითა და თემასთან აცდენილი შინაარსით, კარგად გაანალიზების შემთხვევაში, მკითხველი მარტივად მიხვდება, რომ გამოყენებული წინადადებები სულ სხვა კონტექსტიდანაა ამოღებული, ყალბი ამბები არ უთითებენ წყაროს და გამოგონილი ამბებით მანიპულირებენ საზოგადოებაზე.
დეზინფორმაციის გავლენას საქართველოზე: საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის და რეგიონალური კონფლიქტების ფონზე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა დეზინფორმაციის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით. მაგალითად:
რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას საქართველოს მიმართ. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოქმედებდა 4000-მდე ყალბი ანგარიში, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავრცელებას ემსახურებოდნენ.
გარდა ამისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანია ჩატარდა, რომლებიც მიზნად ისახავდა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას და საზოგადოების პოლარიზაციას.
რაც შეეხება სოციალურ სტაბილურობას, დეზინფორმაციის მეშვეობით ხშირია ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შუღლის გაღვივების მცდელობები, რამაც შესაძლოა სერიოზული სოციალური არეულობები გამოიწვიოს.
საქართველოში, პროპაგანდული ნარატივები მიზნად ისახავს ანტიდასავლური ღირებულებების გავრცელებას, საქართველოს იმიჯის შელახვას საერთაშორისო დონეზე, ქაოსის, უიმედობის, დესტაბილიზაციის წახალისებას, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლასა და ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას, ხოლო თავად რუსული პროპაგანდა შემდეგი სტრუქტურით გვხვდება:
- ემსახურება მტრის ხატის შექმნას დასავლური ქვეყნების, აშშ-ს, ებროკავშირისა და ნატოს სახით
- გვთავაზობს საპირწონე სიკეთეს – იშვიათად აღიარებს საკუთარ ნაკლს, თუმცა იქვე გვარწმუნებს, რომ ‘’ბოროტების’’ წინააღმდეგ ერთადერთი ალტერნატივა მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა
- ავრცელებს ტრაგიკულ ახალ ამბავს მოსყიდული რეპორტიორების ხარჯზე
- ქვეყნის ლიდერს, მიუხედავად სისასტიკისა, წარმოაჩენს, როგორც უბრალო, თავმდაბალ პიროვნებას
- ოპოზიციურ ლიდერებზე ავრცელებს იმას, რაშიც რეალურად თავად მონაწილეობს
- გვთავაზობს მაგალითს აწმყოდან და პარალელს ავლებს წარსულში
გამოწვევების საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რამდენიმე ნაბიჯი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მაგალითად:
მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის. სპეციალური ტრენინგები და სემინარები ეწყობა, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმაციის გადამოწმება და დეზინფორმაციის ამოცნობა, სასწავლო პროგრამებში შეტანილია მედიაწიგნიერების კურსები, რათა ახალგაზრდებმა განივითარონ ანალიტიკური უნარები და გამოიყენონ ისინი ციფრულ სივრცეში ყალბი ამბების საიდენტიფიკაციოდ.
ასევე, მიღებულია კანონები და რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას და დასჯას.
ძირითადი რეკომენდაციები:
– დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.
– ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.
– შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებს და ამ შესაძლო აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს. დოკუმენტი გამოწვევების მიხედვით, პერიოდულად უნდა განახლდეს.
– სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, რომელსაც გამოიყენებს ყველა ის ჯგუფი, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვება.
* სისტემატურად და პროაქტიულად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეები მომზადებული შეხვდნენ მას და შემცირდეს დეზინფორმაციის გავლენა. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ვინ და რა გზებით ავრცელებს ქვეყანაში დეზინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროები და ა.შ. ასევე, რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად.
* უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად უნდა უპასუხოს საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით.
* უნდა განახლდეს და შეიქმნას დეზინფორმაციის და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული დოკუმენტები (ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია) იმისთვის, რომ პახუხობდეს თანამედროვე გამოწვევებსა და მზარდ დეზინფორმაციულ საფრთხეებს.
* მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების განვითარება და მოქალაქეთა აღჭურვა დეზინფორმაციის ამოცნობის შესაბამისი უნარებით. მედიაწიგნიერების კუთხით პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს განგრძობად განათლებას – მოქალაქეებს დეზინფორმაციის მეთოდებთან და ამოცნობის გზებთან დაკავშირებით მუდმივად უნდა მიეწოდებოდეთ განახლებული ინფორმაცია.
დეზინფორმაცია და პროპაგანდა თანამედროვე სამყაროსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ და კომპლექსურ მიდგომებს. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მისი გეოპოლიტიკური და რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით. საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მედია ლიტერატურის გაძლიერება და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება არის ის ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება საქართველოს ამ პრობლემის გამკლავებაში და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გაძლიერებაში.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.