ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა ახალი სქემით. მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის სახელით ეგზავნებათ სმს შეტყობინება ან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მათ თითქოსდა სხვადასხვა გათამაშებაში ჩართვას მოტყუებით სთავაზობს. მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს.
ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ “ბანკები და ფინანსები” გაავრცელა. განცხადების მიხედვით, კიბერთაღლითებისგან ხდება მოპარული ბარათის მონაცემების დამატება Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება სმს კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით.
ასეთ დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე
- დააკვირდით ბმულს! როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა
- თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
- არასდროს გაუზიაროთ არავის პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი.