2024 წლის 4 აპრილს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარა კენჭი და შედეგად, გენდერული კვოტები გააუქმა.
ვალდებულება, რომლის თანახმად პროპორციულ სიაში, ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო, პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა. სავალდებულო გენდერული კვოტირება 2032 წლის არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, თუმცა უმრავლესობამ ეს დათქმა დაარღვია და ის 8 წლით ადრე ძალადაკარგულად გამოაცხადა.
80 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გენდერული კვოტის გაუქმება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
ეს ცვლილება გამოიწვევს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30% დანამატის გაუქმებას, რაც მიმართული იყო ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
წყარო: ცესკო
სავალდებულო გენდერული კვოტირება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობამ 3%-ით მოიმატა და 19.1% შეადგინა. ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მათი რიცხვი 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევდა ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას – 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, 146 ქვეყანას შორის, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით ის 125-ე ადგილზეა.
არასახარბიელო სიტუაციაა ქვეყანაში ქალი ამომრჩევლების აქტიურობის კუთხითაც. მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად, ნახევარი მილიონი ქალი არ მივიდა, მაშინ როდესაც საქართველოში ელექტორატის უმრავლესობას (53%) სწორედ ქალები შეადგენენ და მათ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას არაერთი ნაკისრი ვალდებულების თუ რეკომენდაციის ფარგლებში, ხელი უნდა შეეწყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამ სფეროში სქესთა ბალანსისთვის, პარლამენტმა კვოტირება გააუქმა და ქვეყანაში გენდერული დისკრიმინაცია წაახალისა.
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება არაერთ საერთაშორისო აქტშია გათვალისწინებული. მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში, ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში. ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროინტეგრაციისთვის, გენდერული თანასწორობის ზრდისთვის ძალისხმევის გაძლიერებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება აღნიშნულ ვალდებულებებთან არაა შესაბამისობაში.
ხელისუფლება ამ ნაბიჯით გენდერულ დისკრიმინაციას უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ არსებული ტენდენციით, პოლიტიკურ თანამდებობს კაცები იკავებენ, ქალები კი ძირითადად შემსრულებლებად არიან წარმოდგენილები, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე.
წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერიამაგალითად, გორის მერიაში დასაქმებული ქალების რიცხვი ბოლო 4 წელში ყოველთვის ჭარბობს კაცების რაოდენობას, მათი სახელფასო სარგო კი პირიქითაა, რადგან დასაქმებულთა შორის ხელმძღვანელ პოზიციას ორჯერ მეტი კაცი იკავებს.
წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერიაისევ გორის მუნიციპალიტეტის მაგალითს თუ განვიხილავთ, გენდერული უთანასწორობაა წარმომადგენლობით ორგანოშიც. 2021 მოწვევის 36 წევრიან საკრებულში პოლიტიკური თანამდებობა თითქმის 3-ჯერ მეტ კაცს უკავია ვიდრე ქალს.
წყარო: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოაღნიშნულ უთანასწორობას კვოტირების სისტემის გაუქმება უფრო გააუარესებს, რადგან პროპორციულ სიაში ქალების ჩართვა ახლა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამ ნაბიჯით კი ევროპული ქვეყნების გზას საქართველო (სხვა შეუთავსებელ გადაწყვეტილებებთან ერთად), უფრო დაშორდება. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შემცირება აისახება მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ქალთა მდგომარეობაზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე. პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა კი გააუმჯობესებდა, როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ქვეყანაში სამშვიდობო პროცესების დამკვიდრებასა და გამყარებას.
მასალა მომზადებულია “ფორსეტის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში