პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს PACE – დან გასვლა, ივანიშვილის სტრატეგიის ფონზე?

რას მოუტანს საქართველოს PACE – დან გასვლა, ივანიშვილის სტრატეგიის ფონზე?

metalab.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან საქართველოს გასვლას მთელი რიგი ნეგატიური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ექსპერტები ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე უკვე პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, ეს პროცესები არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს, არამედ მას მნიშვნელოვან საგარეო და შიდა რისკების წინაშე დააყენებს.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობას წყვეტს. თეა წულუკიანის ეს განცხადება PACE-ს მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას მოჰყვა.

ეს ნაბიჯი, დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორც საქართველოს საერთაშორისო სტატუსზე, ისე მისი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული “ოფშორების კანონია”. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ამ კანონით (და არა მხოლოდ) მან საკუთარი კაპიტალის საქართველოში უპრობლემოდ დაბრუნება და ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციის ხელშეწყობა გაცილებით ადრე დაგეგმა, ყველა იმ მოსალოდნელი კრიზისის (მათ შორის სანქციების) ფონზე, რასაც მისი ანტი ევროპული და ანტი ქართული ნაბიჯები გამოიწვევდა.

საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

ევროსაბჭო ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ხოლო მისი შესაძლო გასვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა დაკარგავს დასავლეთთან არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბმულს.

ეს ნაბიჯი დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება. დასავლეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც უმეტესწილად სწორედ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას უკავშირდება, შესაძლოა, შემცირდეს ან სრულიად შეწყდეს. ამასთან, საქართველოს იზოლაცია გააძლიერებს რუსეთზე დამოკიდებულების რისკს, რაც შესაძლოა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევა გახდეს.

შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები

საქართველოს ევროსაბჭოდან გასვლამ შესაძლოა გააძლიეროს ავტორიტარიზმის ნიშნები და ხელისუფლებას მისცეს მეტი თავისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და სამოქალაქო სექტორის უფლებები უფრო მეტად აღმოჩნდება ზეწოლის ქვეშ.

ეკონომიკურ ასპექტში, საქართველო დარტყმას მიიღებს როგორც უცხოური ინვესტიციების კლების, ისე სავაჭრო შეზღუდვების შესაძლო გამკაცრების გამო. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური გარანტიაა, ხოლო ევროპასთან ურთიერთობის შესუსტება შეამცირებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივებს. ამან შეიძლება საბოლოოდ ეკონომიკური რეცესია და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს.

რა სტრატეგია შესაძლოა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს?

ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული “ოფშორების კანონის” ფარგლებში დაიწყო საკუთარი ფინანსების საქართველოში შემოტანა, რაც საზოგადოების ნაწილში აღიქმება, როგორც მისი სურვილი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის სრული კონტროლის შესახებ. ამის ფონზე ჩნდება ვარაუდი, რომ ევროსაბჭოდან გასვლა და დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, მისთვის შესაძლოა ხელსაყრელი იყოს, რადგან ის საკუთარ ფინანსებს და ძალაუფლებას სრულად ქვეყნის შიგნით დააკონცენტრირებს.

არსებობს შეხედულება, რომ ივანიშვილი საკუთარი კაპიტალით “ჩაიკეტება” საქართველოში და ამავე გზაზე გადასვლას მოსახლეოაბსაც აიძულებს. თუ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, ეს ხელისუფლებას გაუადვილებს შიდა პოლიტიკური ოპონენტების კონტროლს და პროტესტის ჩახშობას. ამასთან, ის შეძლებს ფინანსური და პოლიტიკური რისკების თავიდან არიდებას, რადგან სანქციების გვერდის ავლაც უფრო ადვილი გახდება, თუ ის უცხოეთის ბანკებსა და ინვესტიციებზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ევროსაბჭოდან საქართველოს გასვლა ქვეყნისთვის მრავალმხრივ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, იქნება ეს საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა, ეკონომიკური ვარდნა თუ შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება. ბიძინა ივანიშვილის ფინანსური სტრატეგია კი შესაძლოა, ამ პროცესს ხელს უწყობდეს, რაც მისთვის პირადად შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები ექნება.

ამ პროცესამდე ქვეყანა უკვე არაერთმა კრიზისმა მოიცვა, რაც საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შემცირებას და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას უკავშირდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობები. ამ მოვლენებმა დასავლური პარტნიორების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, რაც საბოლოოდ შესაძლოა, საქართველოზე დამატებითი სანქციების დაწესების საფუძვლადაც იქცეს.

რუსეთის ფაქტორი და კრემლის ჰიბრიდული ომის გავლენა მიმდინარე პროცესებზე

ამ ყველაფერში საყურადღებოა რუსეთის განსაკუთრებული ინტერესი, რომლის განხორციელებასაც ათწლეულებია ცდილობს. უფრო ზუსტად კი, საქართველოს დასავლური კურსიდან გადახვევა ჰიბრიდული ომის საშუალებით მოახდინოს. ევროსაბჭოდან გასვლა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – საქართველო დაკარგავს დასავლურ მხარდაჭერას და უფრო მეტად აღმოჩნდება რუსეთის გავლენის ქვეშ. რუსეთისთვის ხელსაყრელია საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, რადგან ეს მას აძლევს შესაძლებლობას, გაზარდოს თავისი ბერკეტები ქვეყნის შიგნით. ასევე, ავტორიტარიზმის გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება კიდევ უფრო მეტად ართულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რაც კრემლის მრავაწლიან სურვილს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად გააქტიურდეს და არ დაუშვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეჩერება და საერთაშორისო სივრციდან მისი განდევნა, ახლა ქვეყნის მომავალი მხოლოდ ხალხის გამძლეობასა და გამბედაობაზეა დამოკიდებული.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.