მსოფლიო რას გულისხმობს MEGOBARI – აქტი და რა პროცედურები რჩება მის ამოქმედებამდე?

რას გულისხმობს MEGOBARI – აქტი და რა პროცედურები რჩება მის ამოქმედებამდე?

metalab.ge

დღეს, 27 მარტს, აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “მეგობარი აქტი” დაამტკიცა. დოკუმენტი (MEGOBARI Act), მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.

კანონპროექტის ძირითადი პუნქტებია:

  • ურთიერთობების გადასინჯვა: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების სრულად გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის შეფასება.

  • სანქციების დაწესება: პრეზიდენტის მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში და ხელს უშლიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

  • სამხედრო და ეკონომიკური დახმარება: საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების უზრუნველყოფა.

  • სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა.

“მეგობარი აქტის” ინიცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს აქტი არამეგობრულია და შანტაჟის ელემენტებს შეიცავს.

“მეგობარი აქტი” თავდაპირველად 2024 წლის მაისში დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და 2025 წლის იანვარში ხელახლა წარადგინეს. სენატში კი ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

პროცედურულად, მის ოფიციალურად ძალაში შესვლამდე შემდეგი ნაბიჯებია დარჩენილი:

სრულ სენატზე კენჭისყრა – კანონპროექტი უნდა გავიდეს აშშ-ის სენატის სრულ სხდომაზე, სადაც ყველა სენატორი უყრის კენჭს.

წარმომადგენელთა პალატის დამტკიცება – თუ წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო იდენტური ვერსია, მაშინ ის პირდაპირ გადაეგზავნება პრეზიდენტს. თუ სენატმა შეიტანა ცვლილებები, პალატას კვლავ მოუწევს მათი განხილვა და კენჭისყრა.

პრეზიდენტის ხელმოწერა – ორივე პალატის მიერ მიღების შემდეგ, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს:

  • ხელმოწერის უფლება, რის შემდეგაც ის ოფიციალურ კანონად იქცევა.
  • ვეტოს დადების უფლება, რაც უკან დააბრუნებს მას კონგრესში, სადაც საჭირო იქნება ⅔-იანი უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარიმართება კენჭისყრა სენატში და შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში. უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს ძლიერი მხარდაჭერა ექნება, რისთვისაც საჭიროა კონგრესის ორივე პალატის საბოლოო თანხმობა.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.