მმართველმა გუნდმა დღეს საარჩევნო პროგრამა წარადგინა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობის დონის განახევრებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ასევე დააანონსა რეგიონების განვითარება და ამ კონტექსტში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების დაფინანსების პირობა დადო.
“2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად 20 მლნ ლარი გამოიყოფა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე შიდა ქართლში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე არ ყოფილა. თავდაპირველად ის ამ ფაქტს შესაბამისი სტატუსის არ ქონით ხსნიდა, ხოლო მოგვიანებით, ომით დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე ჩასვლას დაპირდა, თუმცა მისი ეს დაპირება დღემდე დაპირებად რჩება.