რეგიონი პანდემიის პერიოდში გორის მერიაში დანამატის სახით 28 301 ლარი გაიცა

პანდემიის პერიოდში გორის მერიაში დანამატის სახით 28 301 ლარი გაიცა

metalab.ge

პანდემიის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 301 ლარი დანამატის სახით გაიცა. აქედან 13 427 ლარი – 2020 წელს, 14 874 ლარი კი – 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით. 600-დან 900 ლარამდე მოცულობის დანამატი სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს, ასევე, მათ მოადგილეებს აქვთ მიღებული. სპეციალისტების დანამატი კი 300-დან 450 ლარის ფარგლებში მერყეობს.

2020 წლის აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, დანამატი არ გაცემულა. მანამდე, თებერვალში, დანამატი ორმა თანამშრომელმა მიიღო, ამდენივემ – მარტში. სექტემბრიდან დანამატების გაცემის პრაქტიკა აღდგა და ის ხუთ თანამშრომელზე გაიცა, ოქტომბერში – შვიდზე, ნოემბერში – ოთხზე, ხოლო დეკემბერში დანამატი ცამეტმა დასაქმებულმა მიიღო.

გრაფიკი 1. 2020 წლის თებერვალ – მარტსა და სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დანამატის სახით გაცემული თანხები გორის მერიაში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

2021 წელს დანამატი სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელებს აღარ მიუღიათ, თუმცა, წინა წელთან შედარებით, ის ყოველთვიურად გაიცემოდა. ყველაზე მეტი ოდენობით დანამატი – 3 213 ლარი, წელს სექტემბრის თვეში გაიცა. ამ შემთხვევაში, თითოეულ მომუშავეზე გათვალისწინებული დანამატის თანხის ოდენობა 450 ლარს არ სცდება.

გრაფიკი 2. 2021 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, დანამატის სახით გაცემული თანხები გორის მერიაში:

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

მოგეხსენებათ, სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხაა. მოხელეს სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ეძლევა.

სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი არ ეძლევათ.

2020-2021 წლებში გორის მერიის თანამშრომლებზე გაცემული დანამატების საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მერაბ გოხელაშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში საჯარო მოხლეებს დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევდათ და ამისთვის მათი შრომა დასაფასებელია.

“ჩემთვის ცნობილია, რომ გორის მერიის თანამშრომელთა ნაწილი პანდემიის პერიოდში დამატებით სამუშაოს ასრულებდნენ მოსახლეობის დახმარების მიზნით. მაგალითად, როდესაც ყველა სახლში ვიყავით გამოკეტილები ურიგებდნენ საკვებს გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, ამის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც მე პირადად ნანახი მაქვს სოციალურ ქსელში. თუ კი ამგვარი სამუშაოს შესრულებისთვის გასცეს დანამატი, ამას ვერ გავარიტიკებ. პირიქით, მივესალმები. მაგრამ თუ ეს მოხდა უპრაგუნოდ სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე რა თქმა უნდა მიუღებელია, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეებისთვის თითოეული თეთრის გახარჯვა ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანია “, -ამბობს მერაბ გოხელაშილი.

  • რა მიზეზით აიღეს დანამატები და რა სარგებელი მოუტანეს ამით ჩინოვნიკებმა მოქალაქეებს?
  • რა განსაკუთრებული ძაისხმევა გამოავლინეს პანდემიის პერიოდში, რისთვისაც საკუთარი თავები დააჯილდოვეს?

ეს კითხვები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში, რისთვისაც მერიისგან პასუხების გაცემას ითხოვენ.

გორის ადგილობრივი ხელსუფლება ჩვენს ფულს იყნებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამის მაგალითია ის დანამატები,რომელიც მერიამ გასულ წელს საკუთარ თავს გამოუწერა. მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებს და ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად ღრმავდება, ისინი აგრძელებენ ბიუჯეტის ხარჯვას მხოლოდ საკუთარი კეთიდღეობისთვის“, – აღნიშნა ნანა ლოთიშვილმა.

დანამატის გაცემა მიუღებელია კიდევ ერთი ოპოზიციონერი საკრებულოს წევრისთვის. ნაზი დიდებელი საწვავის ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ კარანტინის პირობებში გახარჯული თანხების ოდენობა სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.

“პანდენიის პერიოდში არ იყო მიზანშეწონილი დანამატი სახით ათასობით ლარის გაცემა ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეებზე. ასევე საწვავის ხარჯებიც ეჭვებს ბადებს, თუ რა მიზნით იხარჯებოდა. აღნიშნული 28 ათასი ლარი უკეთესი იქნებოდა  პანდემიის საჭიროებიდან გამომდინარე სოციალურად დაუცველებზე და სხვა გაჭირვებულ ჯგუფებზე გადანაწილებულიყო, რაც ეფექტურს გახდიდა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის მუშაობას და ამავდროულად ვიზრუნებდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, –  განმარტა ნაზი დიდებელმა.

მერიაში აცხადებენ, რომ დასახელებულ თანხებს არანაირი კავშირი არ აქვს პანდემიის გამო ზეგანაკვეთურად შესრულებულ სამუშაოებთან და ის შვებულებებში გასული თანამშრომლების მოვალეობებს ეხება. კონკრეტულად კი დანამატი იმ პირებმა მიიღეს რომლებიც საკუთარი საქმიანობის გარდა დამატებით სხვა ადამიანების მოვალეობასაც ასრულებდნენ. აქედან გამომოდინარე ირკვევა, რომ გორის მერიაში 279 თანამშრომლიდან 2020-2021 წლებში შვებულებით 70 -მა (35-35) საჯარო მოხელემ ისარგებლა და ამ მიზეზით დანამატის სახით ბიუჯეტიდან 28  301 ლარი დაიხარჯა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.