covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის ირგვლივ არაერთი მცდარი მოსაზრება ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დეზინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებით ევროპაში ჭარბობს. WHO იმ ძირითად მითებზე ავრცელებს საპასუხო განცხადებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში მასიურად ფიქსირდება სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში.
“კორონავირუსის ამ ვარიანტის შესახებ ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. ეს კი შესაძლებელი გახდა ერთობლივი გლობალური კვლევების შედეგად. მისი გამოვლენიდან გარკვეული დროის გასვლა საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მის ქცევას და შევისწავლოთ როგორ აისახება ის ინდივიდებსა თუ თემებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ომიკრონის შესახებ ცოდნა ნაკლებია, ჩვენ ვნახეთ უამრავი სპეკულაცია, ვარაუდები და დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამ ვარიანტის შესახებ. ყალბი ამბები კი ინდივიდებსა თუ ხელისუფლებებში, სწორი გადაწყცეტილების მიღებაზე აისახება”, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში.
უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდა ძირითადად, ახალი ომიკრონის ვარიანტის გავრცელებით არის განპირობებული. თუ ევროპაში 2021 წლის სექტემბერში, კვირაში 1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2022 წლის იანვრის პირველი კვირისთვის ეს მაჩვენებელი კვირაში 7 მილიონამდე გაიზარდა.
მედიის, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების საერთო საძიებო ტერმინების მონიტორინგის და ფაქტების შემმოწმებელთან მუშაობის შედეგად, ომიკრონის გარშემო ფართოდ გავრცელებულ მითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი ახსნა-განმარტებებით, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით პასუხობს:
ფაქტები და მითები ომიკრონ ვარიანტის შესახებ
ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
❌ მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.
-ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.
-იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.
-მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან – მათ შორის ომიკრონისგან – არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.
ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.
❌ მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.
-ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.
-ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.
-ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.
❌ მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.
-არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.
-COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)
-მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ – შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას.
ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ვირუსის სტიქიურად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად COVID19-ის ახალი შტამი, ომიკრონი სახელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 50% სწორედ ომიკრონზე მოდის. გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი დედაქალაქში და ის დაახლოებით 65%-ია.
კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა ბოლო 24 საათში 16,58% შეადგინა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში დაფიქსირებული დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯანდაცვის სამინისროს ინფორმაციით, საქართველოში აცრების რაოდენობა 21 იანვრის მდგომარეობით 2 635 602-ს შეადგენს, აქედან სრულად აცრილთა რიცხვი 1 200 091 – ია.