100-ზე მეტი ორგანიზაცია ივანიშვილის ფარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას ისინი არ აპირებენ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეფასებით, ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ამერიკულ კანონს (FARA) სიტყვასიტყვით თარგმნიდნენ და იმავე მიზნით აამოქმედებდნენ, თუმცა ინიცირებული პროექტი, რომელიც “ოცნების” პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო, თავისი შინაარსით რადიკალურად აცდენილია აშშ-ს FARA-სთან.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ეს კანონპროექტი ამერიკული FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ანალოგია და მისი მიზანია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას და ის გამიზნულია განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
აშშ-ს FARA-ს მოქმედების სფერო
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) აშშ-ში,1938 წელს მიიღეს, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირებისა და ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც მოქმედებენ უცხოური პრინციპალების სახელით აშშ-ის ტერიტორიაზე. კანონის მთავარი მიზანია საზოგადოებისა და მთავრობის ინფორმირება იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც უცხოური ინტერესების წარმომადგენლობას ახორციელებენ.
FARA-ს რეგულაციები ვრცელდება იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ში უცხოური პრინციპალების დავალებით მონაწილეობენ პოლიტიკურ ან ქმედით კომუნიკაციებში. თუმცა, კანონი შეიცავს გამონაკლისებს, რომლებიც არ ეხება აკადემიურ, კულტურულ, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. მაგალითად, მედიასაშუალება გათავისუფლებულია FARA-ს რეგისტრაციის ვალდებულებისგან, თუ მისი მფლობელობის 80%-ზე მეტი ამერიკელ მოქალაქეებს ეკუთვნით.
FARA-ს პრაქტიკაში გამოყენება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეზღუდულია. 1966 წლიდან 2015 წლამდე, იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმე აღძრა FARA-ს საფუძველზე, რაც მიუთითებს კანონის იშვიათ გამოყენებაზე. 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია.
ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი კანონმდებლობის შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას შორის.
2025 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გადაწყვიტა FARA-ს მოქმედება შეეზღუდა და მისი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეეჩერებინა. რესპუბლიკელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი დემოკრატებმა პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორად გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ FARA აშშ-ში იშვიათად გამოიყენება და მისი მოქმედება ძირითადად ლობისტურ საქმიანობაზეა ორიენტირებული.
ლობისტური საქმიანობის მთავარი მახასიათებლებია:
✔ ზემოქმედება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე – ლობისტები ცდილობენ პოლიტიკოსებს დაარწმუნონ, რომ მხარი დაუჭირონ ან დაბლოკონ კონკრეტული ინიციატივები.
✔ შეხვედრები და კომუნიკაცია – ლობისტები ხშირად ხვდებიან კონგრესმენებს, სენატორებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რათა გადასცენ ინფორმაცია და გავლენა მოახდინონ მათ შეხედულებებზე.
✔ ფინანსური მხარდაჭერა – ლობისტები ან მათთან დაკავშირებული ჯგუფები ხშირად აფინანსებენ საარჩევნო კამპანიებს, რაც შეიძლება მათ სასარგებლოდ აისახოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
✔ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება – ზოგჯერ ლობისტები მედიაში ავრცელებენ კვლევებსა და სტატიებს, რათა საზოგადოებრივი აზრი მოამზადონ სასურველი მიმართულებით.
FARA-ს კავშირი ლობისტურ საქმიანობასთან
აშშ-ში FARA არეგულირებს იმ პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ლობირებენ უცხოური სახელმწიფოების ან კომპანიების ინტერესებს. მაგალითად: თუ აშშ-ში მოქმედი საკონსულტაციო ფირმა ლობირებს ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ, ისინი ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ FARA-ს ფარგლებში და საჯაროდ განაცხადონ, რომ მუშაობენ უცხოური პრინციპალის დავალებით.
მაგალითად, თუ რუსული მედია (RT, Sputnik და სხვა) ახორციელებს პროპაგანდისტულ საქმიანობას აშშ-ში, მათ შეიძლება FARA-ს მიხედვით, რეგისტრაცია მოსთხოვონ, როგორც უცხოურ აგენტებს.
მაგალითად, ნავთობკომპანიები ლობირებენ, რომ გარემოსდაცვითი რეგულაციები შეარბილონ.
წამლების მწარმოებლები ლობირებენ, რომ მათი მედიკამენტები ჩართონ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში.
მაგალითად, უკრაინა და საქართველო აშშ-ში ლობისტურ კომპანიებს ქირაობენ, რათა გაზარდონ პოლიტიკური მხარდაჭერა კონგრესში.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მათი კანონპროექტი ეფუძნება ამერიკულ FARA-ს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი შინაარსი და პოტენციური შედეგები უფრო ჰგავს რუსულ პრაქტიკას, რომელიც გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ კანონპროექტის განხილვას და მის პოტენციურ გავლენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.
აშშ-ში FARA-ს (Foreign Agents Registration Act) დარღვევის გამო, რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ისტორიულად, FARA-ს აღსრულება შედარებით სუსტი იყო, მაგალითად, პოლ მანაფორტი (Paul Manafort) – ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი არ იყო რეგისტრირებული, როგორც უცხოური აგენტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუშაობდა უკრაინის პრორუსული ძალებისთვის. 2018 წელს მას ბრალი წარუდგინეს ფულის გათეთრებასა და საგადასახადო მაქინაციებში. FARA-ს დარღვევის ნაწილიც მოიცავდა მის საქმეებს.
ელენა ალექსეევნა ხუსაინოვას (Elena Khusyaynova) – (რუსი ოპერატორი) ბრალი წარუდგინეს რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის კამპანიაში მონაწილეობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.
FARA-ს დარღვევის გამო დაპატიმრებები იშვიათია, მაგრამ ის ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. საქართველოში ინიცირებული/ნათარგმნი FARA კი აშშ-ს კანონისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ამერიკული ვერსია მიზნად მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას ისახავს, ხოლო ქართული კანონპროექტი პირდაპირ ებრძვის მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ლობისტური საქმიანობა კანონიერია აშშ-ში, თუ ის რეგისტრირებული და გამჭვირვალეა. თუმცა, FARA-ს მიზანია შეამოწმოს, ვინ მოქმედებს უცხოური ინტერესების სასარგებლოდ, რათა თავიდან იყოს აცილებული ფარული გავლენები.
საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი კი არა ლობისტურ საქმიანობას, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას უტევს, რაც მას FARA-სგან არსებითად განასხვავებს.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.