საქართველოში ომი 2008 წელს არ დასრულებულა. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას დღემდე აგრძელებს. ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის სიტყვები “მშვიდობის შენარჩუნება”, „ერთმორწმუნე მეზობელი“ და ა.შ რაც ზუსტად იმ ჯგუფებისთვისაა გამიზნული, ვინც სათანადოდ არ ფლობს ინფორმაციას ნამდვილი ფაქტების შესახებ. მოქალაქეთა ნაწილისთვის უცნობია, რეალურად როგორ ცდილობს კრემლი სწორედ ამ სეგმენტის გრძნობებსა და ემოციებზე “თამაშს” და ამ მანიპულაციით, საკუთარი ზრახვებისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.
ამ შეფასებისთვის საქართველოს და უკრაინის მაგალითიც საკმარისია, სადაც “ერთმორწმუნე მეზობელი“ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იტაცებს, აწამებს, ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.
ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2023 წელს, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 31 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, რაც 2022 წლის ამავე მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მაღალია. გასულ წელს, შემთხვევების ძირითადი ნაწილი საოკუპაციო ძალების მხრიდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მოქალაქეებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულების დროს აკავებდნენ, რომლებიც უახლოეს სამხედრო ბაზაზე ან პირდაპირ ცხინვალის ციხეში გადაჰყავდათ. სამართალწარმოებისთვის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს იყენებს. უკანონოდ დაკავებულებს ძირითადად “სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ასამართლებენ, რასაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი შეესაბამება. 2023 წელს დაკავების შემთხვევების სიხშირის თვალსაზრისით გორის მუნიციპალიტეტის მონაკვეთი გამოირჩეოდა, თუმცა მოქალაქეებს საჩხერის, ქარელისა და დუშეთის, ასევე, ცხინვალის, ახალგორის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტების მონაკვეთებზეც აკავებდნენ, რომელთა ნაწილს ე.წ. ჯარიმის აგდახდის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008-2023 წლებში უკანონოდ დაკავების 3500-მდე ფაქტია დაფიქსირებული. მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,1955 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კი – 1514.
2008 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის ფაქტები
დაკავებების გარდა, 2008 წლის ომის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც ნამდვილად არ ადასტურებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში მოხდა. წმ. გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით საქართველოს მოქალაქე, სოფ. კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.
2023 წლის 9 დეკემბერს, 43 წლის ვიტალი (თემურ) კარბაია, ოკუპირებული გალის ბაზართან სასტიკად ე.წ „აფხაზური მილიციის“ დაჯგუფების წევრებმა სცემს. ვიტალი, რომელსაც ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, მეორე დღეს სოხუმის საავადმყოფოში დაიღუპა.
2022 წლის თებერვალში, თბილისში კლინიკაში, გონზე მოუსვლელად დაიღუპა, 53 წლის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ოსი გენადი ბესტაევი. იგი რუსმა ოკუპანტებმა, მშობლიურ სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში ცემის და სასტიკი მოპყრობის შემდეგ, 2021 წლის 16 ნოემბერს, ბესტაევი თბილისში უგონო მდგომარეობაში დააბრუნეს.
უფრო ადრე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. ირაკლი 2019 წლის მარტში, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში დააკავეს, სცემეს, ნაბაკევის უკანონო სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ თითქოს, კვარაცხელიამ თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხჩო.
2018 წლის 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს.
2016 წელს, 30 წლის გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.
მანამდე იყო დავით ბაშარულის მკვლელობა, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში 2014 წლის 4 ივნისს გაიტაცეს.
ეს ფაქტებიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ რუსული “ერთმორწმუნეობა” გვაშორებს თავისუფლებას, ქრისტიანობას და გვაახლოებს მონობისა და უღმერთობის უფსკრულს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, რომელთა დაფარვას, კრემლის პროპაგანდისტული ძალები, ევროკავშირის დისკრედიტაციით ცდილობენ.
რეალურად კი, იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია ქრისტიანულ ტაძრებს ბომბავდა, (2008 წელს ქართულ სოფლებში) და ბომბავს (უკრაინაში), დასავლეთი ქართველ ხალხს დანგრეული ტაძრების აღდგენა/რეაბილიტაციაში ეხმარება და ამისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს.
ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 700-ზე მეტი ისტორიული ძეგლია დარჩენილი. მათ შორის, აფხაზეთის მიმართულებით 151 საკულტო ნაგებობაა, ხოლო ცხინვალის მიმართულებით 556 ტაძარია დარჩენილი.
2008 წლის საომარი მოქმედებების დროს და შემდეგ დაზიანებული/განადგურებული ტაძრები ცხინვალის რეგიონში
ოკუპირებული ტაძრების ნაწილი 2008 წელს განადგურდა, რასაც ახლადდაპატრონებულმა “ერთმორრწმუნეებმა” 100-ზე მეტ სოფელში, ტრაქტორებით გადაუარეს, ყველაფერი მიწასთან გაასწორეს და მათ ადგილას რუსული სამხედრო ბაზები აშენეს.
ამჟამად, ამ სამხედრო ბაზებიდან 1 კმ-ში მდებარეობს – 60 ისტორიული ძეგლი, ხოლო 500-მეტრში – 38 და იქ მიმდინარე სამხედრო წრთვნების გამო, მათაც განადგურების სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.
უფრო მეტიც, ის ძეგლები, რომლებიც ამ ეტაპზე განადგურებას გადაურჩა, “ერთმორწმუნე” საოკუპაციო ძალებმა ქართული კვალის წაშლის მიზნით, რუსული იერსახე შესძინეს და მათი გემოვნებით გადააკეთეს.
ამ ფაქტზე დღესაც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს სოციალურ ქსელში ქართველ საზოგადოებასა (მათ შორის ისოტრიკოსები) და რუს პროპაგანდისტებს შორის. ეს უკანასკნელნი ომგამოვლილ მოსახლეობაში ისევ დემაგოგიური ტონით ავრცელებენ მითებს, თითქოს ევროკავშირი “ქართველობას გვართმევს”, აღნიშნული ვითარების მიმოხილვაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რა მიზნები აქვს კრემლის დეზინფომაციულ ნარატივებს და რეალურად ვინ შლის ქართულ კვალს, ქართულ მიწაზე.
ვინ ანადგურებს ეკლესიებს, ისტორიულ ძეგლებს და ვინ ცდილობს ამ პროცესის შეჩერებას და ფასეულობების შენარჩუნებაში ხელშეწყობას? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საქართველოს უახლეს ისტორიაზე თვალის გადავლებაც საკმარისია.
2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “კონფლიქტის შემდგომი გადაუდებელი ქმედება, კულტურული გარემოსა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური რევიტალიზაციისთვის”. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ნიქოზის მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს კრემლის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორჯერ დაიბომბა.
კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ევროპის ოცზე მეტ ქვეყანასთან. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი თუ უძრავი ძეგლების რესტავრაცია, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მომზადება და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.
გარდა ამისა, დსავლეთის მხარდაჭერით, ქარელის რაიონში (ყინწვისი) ამ დრომდე თითქმის პირველადი სახით არის შემორჩენილი მე-13 საუკუნეში აგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ასევე უცხოური მხარდაჭერით გახდა რესტავრირდა და აღდგა სხალთის ტაძარი, აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია და ა.შ.
უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კი საქართველოში მხოლოდ 2013 წელს, გელათის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი აშშ დოლარი გამოყო.
ეს მცირე ჩამონათვალიც საკმარისია იმ დიდი მხარდაჭერიდან, რომლის საშუალებით საქართველოში ქართული კვალის შენარჩუნება და ეკლესია-მონასტრების აღდგენა გახდა შესაძლებელი. ყოველივე ეს კი ნათელს ჰფენს იმ სიცრუის მანქანას, რასაც “ერთმორწმუნეობას” ამოფარებული რუსეთი საქართველოში სისტემატურად ავრცელებს.
ისტორია და ფაქტები ადასტურებს, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ევროპა აშენებს და ავითარებს საქართველოს, რუსეთი კი ანადგურებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა თუ მომავალს.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.